ვიკიპედია:დიოგენე/საკონკურსო/20110210162326/

„ილია ჭავჭავაძე - უკანასკნელი დღეები“

ნიკოლოზ ზურაბიშვილი

27 აგვისტო (ახალი სტილით 9 სექტემბერი) რედაქტირება

1907 წლის 27 აგვისტოს ილია საქმეებზე მიემზავრება თბილისში. მოურავმა დიმიტრი ჯაშმა ფრთხილად და მორიდებულად შეჰკადრა:

– ილია გრეგორიჩ! საჭიროა, რომ მცხეთამდე ჩვენმა სამმა "სტრაჟნიკმა" გაგაცილოს.

ილიამ დაინახა ცნენზე ამხედრებული სამი შეიარაღებული "სტრაჟნიკი", რომლებიც ჯაშს წინასწარ გაემზადებინა მის გასაცილებლად, ერთგვარ დამცირებად იგრძნო ეს და დიმიტრის უთხრა:

– ილია ჭავჭავაძეს სამშობლოში დამცველები არ ესაჭიროებაო...

*

ილიას მუხანათური მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ მისმა ნათესავმა, ზაალ ჭავჭავაძემ, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე ასეთი ჩვენება მისცა:

"ილია მკვლელობის წინა კვირებში ძალიან ფრთხილი იყო, წინათ მისი სასეირნო ადგილი გახლდათ მისივე სახლის აივანი, რომელიც გადაჰყურებს არაგვის ხეობას. იქ მგოსანი მთელ საღამოებს ატარებდა ხოლმე. ბოლო დროს სულ აღკვეთა იმ აივანზე სეირნობა და ათასში ერთხელ თუ გავიდოდა. ვატყობდი, რაღაც არასასიამოვნო მომავლის მოლოდინში იყო, მაგრამ თქმით არას ამბობდა. ერთხელ მკითხა, იარაღი გაქვსო, და როცა ვუპასუხე არა–მეთქი, ჩაიცინა, ხუმრობით სთქვა, განა შენ სანადირო იარაღი არ უნდა გქონდესო და მაუზერის რევოლვერი გადმომცა. თუმცა, მგოსანს არა უთქვამს რა ჩემთვის, მაგრამ ვატყობდი, რომ რაღაც იცოდა".

სავარაუდოა, რომ ილიამ მართლაც იცოდა "რაღაც", რადგან "ბოლშევიკები" მაინცდამაინც დიდად არ იწუხებდნენ თავს საკუთარი ბნელი განზრახვების დასამალად. თანაც, თბილისი მაშინაც პატარა ქალაქი იყო, შეუძლებელია, ილიას ყურამდე არ მიეღწია იმას, რაც ზაქარია ჭიჭინაძემ ერთი საშინელი შემთხვევის წყალობით შეიტყო.

მიხეილ გაჩეჩილაძე: "რევაზოვის ქუჩაზე ზაქარია ჭიჭინაძის სახლში ვცხოვრობდი. ერთ საღამოს ღამის ორ საათზე ზაქარია ნაცემი და თავპირდამტვრეული მოვიდა. თავი ორ ალაგას ჰქონდა გატეხილი და სისხლი სდიოდა. ლაპარაკის თავი აღარ ჰქონდა. მთელი ღამე ბორგავდა და იტანჯებოდა.
მეორე დღეს, როცა ზაქარია ცოტათი მომჯობინდა, მიამბო შემდეგი: საბაშვილის ღვინის სარდაფში ვიყავი პურის საჭმელად. ჩემთვის ცალკე ვიჯექი. მოვითხოვე ხელადა ღვინო, პური, ყველი. იქვე, მეორე მაგიდაზე, ახალგაზრდა ყმაწვილები ისხდნენ. სუყველა მუშები. სოციალ–დემოკრატები. ყველა ჩემი ნაცნობი...
რაღაც თათბირი ჰქონდათ. ჩემამდის გარკვეული ხმა ლაპარაკისა არ მოდიოდა. ერთხანს ვიყავი ჩემთვის გაჩუმებული. მერე, გამიწყრა ღმერთი, მათი სადღეგრძელო დავლიე. იმათაც მიპასუხეს.
მერე კიდევ სადღეგრძელო დავლიე და, ახლა უკვე შეზარხოშებულმა, სოციალ–დემოკრატებს მათრახი გადავკარი. არა, ვინ მკითხავდა, რას დავეძებდი, მგლის თავზე სახარება ვის წაუკითხავს. ამაზე აიმრიზნენ, აყვირდნენ და უშვერი გინებით მიპასუხეს... მაგრამ მაინც თავის ალაგას ისხდნენ.
ვიფიქრე, ვერას გამიბედავენ. მოდი, ერთი, ილია ჭავჭავაძის სადღეგრძელოს დავლევ...
ავიღე სტაქანი ღვინით სავსე, მივუახლოვდი იმათ მაგიდას და დავიწყე ილია ჭავჭავაძის ქება–დიდება. აი, შე ხულიგანო, შე არამზადა! როგორ ბედავ შავრაზმელ ჭავჭავაძის ქებას, ის სიკვდილის ღირსია და მალე მოვუღებთ ბოლოსო. მომესიენ, მცემეს უზომოდ. უსათუოდ მომკლავდნენ, რომ საბაშვილის სარდაფის პატრონი არ ჩარეულიყო ჩვენს საქმეში. საბაშვილი ეხვეწებოდა მუშებს: აქ ნუ კლავთ კაცს, თორემ მე დავიღუპებიო. მართლაც საბაშვილის ხათრით დამანებეს თავი (საბაშვილის სარდაფში ხშირად იმართებოდა მუშების საიდუმლო კრებები). ფეხზე ადგომა არ შემეძლო. ამწიეს ისევ მუშებმა, ამომიყვანეს სარდაფიდან და ქუჩაში დამაგდეს. აქაც წიხლები მითავაზეს და მიმატოვეს.
რამდენიმე ხნის შემდეგ ამოვიდა საბაშვილი, მნახა, რომ ქუჩაში ვაგდივარ, ამიყვანა და ძლივს–ძლივობით სახლამდე მომიყვანა.
მითხრა: რა ღმერთი გაგიწყრა, რომ ჭავჭავაძის სადღეგრძელო დალიე. ჭავჭავაძე მაგათ ჭირივით ეზარებათ. სწორედ ჭავჭავაძის შესახებ ჰქონდათ ლაპარაკი, სანამ შენ მოხვიდოდი. ზაქრო! არ გამცე და ჭავჭავაძეს მოკვლას უპირებენ... ნამდვილად მოკლავენო. მადლობა ღმერთს, შენ გადარჩი. აპა, არ დამკლა და არსად არაფერი ილაპარაკო, თორემ ორივეს ანდერძს აგვიგებენო.
აი, შვილო, ახლა ნამდვილად დავრწმუნდი, რომ ჭავჭავაძეს მართლა მოკლავენ.
მინდა ვაცნობო, მაგრამ დამიჯერებს?
ზაქარია ისე იყო შეშინებული, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ხელახლა მეხვეწებოდა, არსად არაფერი თქვა, თორემ ნამდვილად მომკლავენო.
ეს შემთხვევა არ უნდა მეთქვა შენთვის თავიდანვე, მაგრამ სხვანაირად იფიქრებდი და მაგიტომ გითხარიო. "აპა, შენ იცი, ჩემი სიცოცხლე შენს ხელშია...", მევედრებოდა ზაქარია. სწორედ სამი კვირის შემდეგ ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ჩემს სტამბაში, სადაც ჟურნალი "ნიშადური" იბეჭდებოდა, მოვიდა დეპეშა რედაქციის სახელზე ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ. დეპეშა ხელმოუწერელი იყო".

* მარშალ ალექსანდრე ორბელიანის მეუღლე, მარიამ ორბელიანი, რომელიც გამორჩეულად უყვარდა ილია ჭავჭავაძეს: "ილიამ საგურამოში საბედისწერო მოგზაურობის რამდენიმე დღის წინ საღამო ჩვენთან გაატარა. ძლიერ დაღვრემილი იყო. საგურამოში ცოლის წაყვანა არ უნდოდა, მაგრამ მან, შესაძლებელია, პირველად თავის სიცოცხლეში, ისეთი დაჟინებით მოითხოვა თავისი სურვილის შესრულება, რომ ილია მოლბა და დათანხმდა. მათი გამგზავრების წინა დღეს, თითქოს რაღაც წინათგრძნობის ძალით, მივედი მათთან გამოსათხოვებლად თბილისში, ანდრიას ქუჩაზე მდგარ ილიას საკუთარ სახლში. სასტუმრო ოთახში ოლღა თადეოზის ასული დამხვდა, ზეზე იდგა, აკანკალებული, აჩქარებით ქაღალდს შლიდა (ეს მისი ჩვეულებრივი გასართობი იყო). როცა შევედი, მომესალმა და განაგრძო თავისი საქმე, თან თვალცრემლიანმა მითხრა: "რომ იცოდეთ, რა ცუდი ქაღალდი ამოდის, საშინელ ამბებს მიწინასწარმეტყველებს! ვეხვეწები ილიას, გადასდოს წასვლა, რადგან ვიცი, უბედურება მოხდება, მაგრამ ის ყურსაც არ მიგდებს!.."
საწყალ ქალს ქაღალდის სრული რწმენა ჰქონდა, კვნესოდა, ტიროდა, ვეცადე, დამემშვიდებინა, მაგრამ ამაოდ!
ილია იჯდა საწერ მაგიდასთან თავის სამუშაო ოთახში, რომლის კარი ოდნავ გაღებული იყო. დამინახა და ჩემკენ გამოეშურა. ველაპარაკე მისი საბრალო მეუღლის შიშზე, მინდოდა, გადამედებინებინა მოგზაურობა, თუნდაც მარტო მისი გულისთვის, მაგრამ ამაოდ".

28 აგვისტო (ახალი სტილით 10 სექტემბერი) რედაქტირება

სოფელ ბახვში, ფერშალ პროკოფი ბერეჟიანის ბინაში, 28 აგვისტოს თავი მოიყარეს გურიის სოციალ-დემოკრატებმა. თათბირში მონაწილეობდა 16 - მდე კაცი: ერმილე და კალენილე დოლიძეები, დიომიდე ბასილაშვილი, კორნელი და ნიკო შავიშვილები, ილარიონ უჯმაჯურიძე, მარკოზ ჟღენტი, რაჟდენ ვადაჭკორია, მელქისედეკ მდინარაძე, ერმილე ანდღულაძე და ლადიკო ბერეჟიანი, აგრეთვე ორი უცნობი პირი (უცნობი ჩვენების მიმცემისათვის), რომლებიც ბათუმიდან იყვნენ ბახვში ჩასულნი. შეხვედრის შესახებ დაწვრილებით ყვება ვინმე გრეკოვი, რომელიც 1907 წლის შემოდგომაზე დააპატიმრეს ალექსი გიორგაძის გაძარცხვის გამო. პატიმარი ციხეში გამოტყდა, რომ ესწრებოდა კრებას, რომელზეც ილიას მკვლელობაზე იმსჯელეს. ბახვის კრების თემა დაწვრილებით განიხილა პროფესორმა გურამ ყორანაშვილმა: "თავდაპირველად თავმჯდომარემ შეკრებილთ აუწყა გურიაში შექმნილი ვითარების შესახებ, შემდეგ განაცხადა, რომ თავადი ილია ჭავჭავაძე უნდა მოკვდინებულ იქნას. ერთ–ერთი იქ მყოფგანის შეკითხვაზე, თუ რატომ უნდა მოიკლას თავადი, თავმჯდომარემ უპასუხა: "მან ჩვენ გვიღალატა!" ამასთანავე, თავმჯდომარის ახსნა–განმარტებიდან შეიძლებოდა გამოტანა დასკვნისა, რომ თავად ჭავჭავაძის მკვლელობა ადრევე იყო გადაწყვეტილი "ცენტრალური კომიტეტის" მიერ და აქ კი კრებას მოხსენდა, მხოლოდ როგორც უკვე მიღებული დადგენილება.
თავმჯდომარის ასეთი განცხადების შემდეგ რაჟდენ ვადაჭკორიამ, ლადიკო ბერეჟიანმა და ილარიონ უჯმაჯურიძემ კრებას წარუდგინეს ექვსი, განაჩენის შესასრულებლადდანიშნული ტერორისტი: ბასილაიშვილი, ერმილე და კალენიკე დოლიძეები, მელქისედეკ მდინარაძე, ნიკო და კორნელი შავიშვილები და ვიღაც ლადიკო გაგუა. კენჭისყრით, თავად ჭავჭავაძეზე განაჩენის აღსრულება ერგოთ ერმილე და კალენიკე დოლიძეებს და ბასილაიშვილს, რის შემდეგაც კრება დაიშალა. დამნაშავე თავყრილობის ყველა მონაწილე ეკუთვნოდა სოციალ–დემოკრატიულ პარტიას. ამათგან ერმილე დოლიძე შეიარაღებული იყო "სმითისა და ვესტონის" სისტემის რევოლვერით, ხოლო კალენიკე დოლიძე და ბასილაიშვილი – რევოლვერებითა და "ბერდანკებით"; ამასთანავე უკანასკნელის ხელთ არსებული "ბერდანკა" ეკუთვნოდა ვიღაც ვანესა მახარაძეს. თვითონ პატრონი სახლისა, რომელშიც ეს თავყრილობა გაიმართა, ფერშალი ბერეჟიანი, კრებას არ ესწრებოდა, რადგან ავადმყოფი იწვა სახლის ერთ–ერთ კუთხეში.
განაჩენის აღმსრულებლები იმავე დღეს გაემგზავრნენ ბახვიდან. სამი დღის მერე კი დაირხა ხმები თავად ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ".

29 აგვისტო (ახალი სტილით 11 სექტემბერი) რედაქტირება

29 აგვისტოს ილიამ საგურამოში გაგზავნა მის ხელში გაზრდილი და უაღრესად ერთგული მსახური, იაკობ ბითარაშვილი, რომელმაც მოურავი ჯაში და მოსამსახურენი გააფრთხილა, ხვალ, 30 აგვისტოს, ხუთშაბათს, სადილობის ჟამს ჩამოვა ილიაო. ეს ამბავი ყველამ შეიტყო, მათ შორის გიგოლა მოძღვრიშვილმა, რომელიც შეთქმულთა წევრი გახლდათ.
და აი, მოძღვრიშვილმა აცნობა მკვლელებს ილიას ჩამოსვლის სავარაუდო დრო. იმ ღამეს მათ თბილისში ნახეს თედო ლაბაური, ამოწყვეტის მუქარით დაითანხმეს, ეტლი იქ გაეჩერებინა, სადაც მოუნიშნავდნენ, ხოლო მკვლელობის შემდეგ პოლიციაში განეცხადებინა, რომ თავს შავგვრემანი ხალხი დაესხა, რომლებიც სომხებს ჰგავდნენ...
იმავე ღამით საგურამოში ჩამოდიან ვიღაც იმერელი, ვანო ინაშვილი და გიგლა ბერბიჭაშვილი. ისინი იოლად ნახულობენ ძებნაში მყოფ პავლე ფშავლიშვილს და მუქარით აიძულებენ, დათანხმდეს ჭავჭავაძის მკვლელობაში მონაწილეობას. ამის შემდეგ ეს ოთხეული წიწამურში ვინმე გიორგი ხიზანიშვილს მიადგა და განუცხადა: "სოციალურ–დემოკრატიულმა კომიტეტმა დაადგინა, მოიკლას ილია ჭავჭავაძე, იმისათვის, რომ იგი გლეხებს ავიწროვებსო". სოფელში მათ მთელი ღამე გაატარეს.

საბჭოთა სასამართლომ გიგლა ბერბიჭაშვილის პროცესზე ეჭვი შეიტანა ბახვის კრების უტყუარობაში და შემდგომ უარყო კიდეც იგი. გრეკოვი დააშინეს და აიძულეს, მესამე დაკითხვაზე გადაეთქვა წინა ორი ჩვენება, რომლებიც აბსოლუტური სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს, და განეცხადებინა, რაც აქამდე ვილაპარაკე, ყველაფერი ტყუილი იყოო.
ერთ–ერთი ტერორისტის, ერმილე დოლიძის ოჯახში აღმოაჩინეს ილიას ჩემოდანი, მისივე თეთრეულით. ეს უდავოდ მიუთითებს "ბოლშევიკთა" უნიჭო სიცრუეზე. მაგრამ საიდან მოხვდა დოლიძის ოჯახში ილიას ჩემოდანი? წიწამურში ხომ სულ სხვა მკვლელები ათენებდნენ ღამეს მსხვერპლის მოლოდინში? ფაქტია, ბახვიდან წამოსულებს ილიას მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღიათ. სავარაუდოა, რომ 29 აგვისტოს ღამით ისინი ჯერ კიდევ თბილისში იმყოფებოდნენ.
საქმე ის არის, რომ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ილია გაენადგურებინათ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მორალურადაც. ის უნდა მოეკლათ არა გურიიდან მოწვეულ წითელრაზმელ ტერორისტებს, რაც პოლიტიკური მკვლელობა იქნებოდა, არამედ საგურამოელ გლეხებს.
გლეხები მას მოკლავდნენ, როგორც მჩაგვრელ მებატონეს. იმავდროულად, ქალაქში გაიძარცვებოდა მისი ბინა, ანუ "გამოჩნდებოდა", რომ ქალაქიცა და სოფელიც ერთნაირად ერჩის ილიას.
გლეხების სახელით ეს ბინძური საქმე მიანდეს ვანო ინაშვილს, გიგლა ბერბიჭაშვილს, პავლე ფშავლიშვილს, გიორგი ხიზანიშვილს, მეეტლე თედო ლაბაურსა და გიგოლა მოძღვრიშვილს. ხიზანიშვილსა და ლაბაურს – ამოწყვეტის მუქარით.

30 აგვისტო (ახალი სტილით 12 სექტემბერი) რედაქტირება

გათენდა თუ არა, გიორგი ხიზანიშვილის სახლიდან გავიდა ხუთი ცხენოსანი.

1) იმერელი ბიჭი, რომელიც სოციალ–დემოკრატთა კომიტეტის სახელით იყო გამოგზავნილი და რომლის ვინაობაც მხოლოდ ერთადერთმა, გიგლა ბერბიჭაშვილმა იცოდა. ეს იმერელი ბიჭი შემდეგში აღმოჩნდა სერგო ორჯონიკიძე, გამოჩენილი საბჭოთა ხელმძღვანელი მუშაკი.

2) ივანე ინაშვილი, სოციალ–დემოკრატი, წითელრაზმელი, სოფ. ახალსოფლისა და საგურამოს თემის ნამამასახლისარი.

3) პავლე ფშავლიშვილი, ილიას მამულის ყოფილი დარაჯი, მოურავ მოსე მემანიშვილისა და მისი მეუღლის მკვლელი, გაყაჩაღებული წითელრაზმელი.

4) გიორგი ხიზანიშვილი, ფშავლიშვილის ნათესავი.

5) გიგლა ბერბიჭაშვილი, სოციალ–დემოკრატი.

ეს ხუთი მკვლელი დილიდანვე ჩასაფრდა წიწამურის ტყეში. რადგან იმერელი ბიჭი ადგილობრივი არ გახლდათ, ჩასაფრების ორგანიზება ივანე ინაშვილმა იკისრა. ის იძლეოდა ბრძანებებს, ვინ სად უნდა დამდგარიყო. გიორგი ხიზანიშვილი და პავლე ფშავლიშვილი მაღლა, ტყეში გაუშვა, ერთი საგურამოს, მეორე მცხეთის მხარეს. მათ დაბლა ჩასაფრებულთათვის ეტლის დანახვისას ნიშანი უნდა მიეცათ სტვენით.

*

თბილისიდან საგურამოსკენ ილია, დაახლოებით, 10 – დან 11 საათამდე გამოემგზავრა. კოფოზე იჯდა მსახური იაკობ ბითარაშვილი. ოლღას მოგონებიდან: "შუადღისას მივედით წიწამურთან. აქ გზის პირად იყო გრილი წყარო, რომელიც ილიას ძალიან უყვარდა. ისე არ გავივლიდით, რომ იქ არ ჩამოვსულიყავით და არ შეგვესვენა. ამ საბედისწერო დღესაც ჩამოვხტით. ჩვენ წყალი დავლიეთ. ილია გადიოდ–გამოდიოდა მწვანე მოლზე. მე ისევ ეტლზე ამოველ. მეეტლემ ცხენებს წყალი დაალევინა, შეაბა კიდეც, ხოლო ილია კი აღელვებული, გაფითრებული, ისევ ბოლთასა სცემდა. ყველა ვგრძნობდით, რომ რაღაც დაუტეველ ბოღმას თუ გრძნობას შეეჭიდა ილია და ვერავინ ვუბედავდით, მისი დუმილი დაგვერღვია. ორმოც წუთზე მეტი ილია გარინდებული გადიოდ–გამოდიოდა სახედატანჯული, კარგა ხნის მერე ამოვიდა და ბიჭს უბრძანა, გარეკეო".

*

თერთმეტის ნახევარზე საგურამოდან გამოვიდა "ურიადნიკი" ემეცი, რომელსაც თან ახლდა ორი "სტრაჟნიკი". წინა საღამოს ემეცს მოურავმა ჯაშმა სთხოვა, ხვალ დილით "სტრაჟნიკები" გამაყოლე, წიწამურში მივდივარ ღალის ასაღებადო. "ურიადნიკს" საქმე ჰქონია მცხეთაში და ისიც "სტრაჟნიკებთან" ერთად წამოსულა. ჯაში მოგვიანებით გამოვიდა მამულიდან და მათ გზაში დაეწია. მალე ილიას ეტლიც უნდა გამოჩნდეს, სადილისთვის საგურამოში ამოსვლა დაიბარაო, – უთქვამს გზაში მოურავს ემეცისთვის.
ან ამათ ეჩქარათ, ან ილია დაყოვნებულიყო სულ რაღაც 15 წუთით და, შესაძლოა, თავიდან აგვეცილებინა საუკუნის უდიდესი ბოროტება. საქართველოს უგვირგვინო მეფე ძალზე ახლოს იყო ბედისწერის შემობრუნებასთან.

*

როდესაც საგურამოს გზაზე სამი თეთრი ცხენი გამოჩნდა, ფშავლიშვილმა სიგნალი მისცა, დაუსტვინა. ხუთი წუთიც და ტყიდან მკვლელები გამოცვივდნენ, მალე თოფმა იგრიალა.

"რას სჩადიხართ!" – ეს იყო ილიას უკანასკნელი სიტყვები. მას რევოლვერის ამოღებაც მოესწრო, მაგრამ ტყვიას პირდაპირ გული გაეხვრიტა და ილია გულაღმა გადმოეშვა ეტლიდან.

ზუსტი სურათი ასეთი გახლდათ: მიუახლოვდა თუ არა ეტლი დათქმულ ადგილს, თედო ლაბაურმა, როგორც წინასწარ იყო მკვლელთაგან გაფრთხილებული, ეტლი შეაჩერა. ტყიდან მაშინვე გამოცვივდა ხუთეული. პირველი ტყვია ილიას ესროლეს. მგოსანმა იარაღის ამოღება მოასწრო და ერთი შესძახა – "რას სჩადიხართ !", მაგრამ ტყვიამ შიგ გულში გაუარა და სამუდამოდ დაუხუჭა თვალი. შუბლი თოფის კონდახის ორჯერ დარტყმით ჩაუმტვრიეს.

ბერბიჭაშვილმა თოფის კონდახი ურტყა თავში ოლღას, რომელიც, თავგაჩეხილი, ეტლიდან გზის პირას გადავარდა. იაკობ ბითარაშვილმა რამდენიმეჯერ ესროლა მკვლელებს, ბერბიჭაშვილი ფეხში დაჭრა და არაგვის მხარეს ტყეს შეაფარა თავი, მაგრამ მკვლელები გაეკიდნენ და იქვე ჩაცხრილეს.

კოფოზე ხელუხლებლად და არხეინად იჯდა მეეტლე თედო ლაბაური. ბითარაშვილის ჩაცხრილვის შემდეგ მკვლელები მობრუნდნენ. გაძარცვეს ეტლი, ჯიბეები ამოუქექეს უსულო ილიას, ოლღას ჩამოგლიჯეს მედალიონი, რომელშიც ილიას სხვადასხვა დროის სამი სურათი იდო და ბითარაშვილსაც კი გახადეს ფეხსაცმელი. წაიღეს ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა, მეეტლეს დაუბარეს, რა უნდა ეთქვა და თან დაემუქრნენ, თუ რამე წამოგცდება, ოჯახიანად ამოგწყვეტთო.

15 წუთში ტრაგედიის ადგილზე მივიდნენ ჯაში, "ურიადნიკი" ემეცი და ორი "სტრაჟნიკი". ილიას სხეული ჯერ კიდევ არ იყო გაციებული. ტყიდან ტირილით გამოვარდა მეეტლე თედო და მოურავსა და თოფოსნებს შესჩივლა, რაც მოხდა. ოთხი ყაჩაღი დაგვესხა თავს (ხიზანიშვილი ტყეში დარჩა), ილიამ დამიძახა, გარეკე ცხენებიო, მეც ავაჩქარე, მაგრამ დამეწივნენ, ეტლი შეაჩერეს, მე ფერდში კონდახი ჩამცხეს და გადმომაგდესო.

ლაბაური ამ სისულელით გაიყიდა. მას იქვე უნახეს ზურგი და ფერდი, აღმოაჩინეს, რომ არსად კონდახის კვალი არ ეტყობოდა. ილიასა და იაკობის გვამები შემთხვევით გამომვლელ ურემზე დაასვენეს, სულთმბორძავი ოლღა ეტლში მოათავსეს და საგურამოს გზას გაუდგნენ.

*

სასამართლო პროცესსა და მის შედეგებზე აღარ შევჩერდები, რადგან ეს ორფეხა ცხოველები, უბრალოდ, ღირსნი არ არიან, წმინდა ილია მართლის გვერდით იხსენიებოდნენ.

ილია ურმით მიასვენეს იმ სახლში, რომელიც სიბერის დღეთა მშვიდად გასატარებლად ააშენა. "დაასვენეს მეორე სართულზე, სადაც ცხედარი კი არა, საქართველოს გული ესვენა". ქართველი ერი 11 დღე ემზადებოდა საქართველოს უგვირგვინო მეფისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. ხალხი მიხვდა, რომ ილიას სახით მას ესროლეს.

"ამ გულგაპობილი კაცის ცხედარს სული გასცლოდა და ახლა ეს სული ჭირსა და ლხინში სამშობლოს თანამდევ სულად ქცეულიყო. ეს ვაჟა–ფშაველამ ორად ორი სიტყვით გამოხატა – "ვერ მოჰკლეს!"

ლიტერატურა რედაქტირება

  • ნოდარ გრიგალაშვილი, "თანამდევი სული";
  • გაზეთი "ასავალ-დასავალი", N37 (833), გვ. 24–27;
  • "ლიტერატურული მატიანე", 1992 წელი, თბილისი;
  • გურამ ყორანაშვილი, "წიწამურის ტრაგედიის საიდუმლო";

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

http://www.iliachavchavadze.ge