ვეძისხევი
ვეძისხევი — ნასოფლარი კახეთში, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს, სოფელ შილდის ჩრდილოეთით (ყვარლის მუნიციპალიტეტი).
ვეძისხევი პირველად იხსენიება XII საუკუნის დასაწყისში, როდესაც სოფელი საფეოდალო მამულს წარმოადგენდა. არიშიანისადმი მეფე დავით IV აღმაშენებლის სიგელში მოხსენიებულია ჰერეთის ერთ-ერთი აზნაური, ვეძისხეველი ნიანია გრიგოლ მაოხრებლის შვილი, რომელიც არიშიანის მფარველობაში იმყოფებოდა. უფრო გვიან, XVI საუკუნის მიწურულიდან, ვეძისხევი მცხეთის საკათოლიკოსოს სამწყსოში შევიდა. XVIII-XIX საუკუნეებში ლეკიანობით შეწუხებული ვეძისხეველები მეზობელ შილდაში გადასახლდნენ, სადაც წარმოიქმნა უბანი ვეძისხევი.
ნასოფლარსა და მის მიდამოებში ნანგრევების სახით შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: VI საუკუნის ვეძისხევის სამეკლესიანი ბაზილიკა, გვიანდელი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია, IX საუკუნის ვარცანის ღვთისმშობლის ეკლესია, გვიანდელი შუა საუკუნეების რამდენიმე კოშკი (ვეძისხევის კოშკი, შილდის მესამე კოშკი, შილდის მეოთხე კოშკი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ცინცაძე ი., დავით მეფის სიგელი, «საქართველოს არქივი», წგ. 2, ტფ., 1927.
- პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970.
- პაპუაშვილი თ., ვეძისხევი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 452-455, 458-459.