ვეშაპსარეწი

მრეწველობის დარგი

ვეშაპსარეწი[1]მრეწველობის დარგი, რომლის დანიშნულებაა ვეშაპებზე ნადირობა და მათი გადამუშავება, აგრეთვე პროდუქციის წარმოება ვეშაპის პირველადი გადამუშავების ნედლეულისაგან. განსაკუთრებულ ინტენსივობას მიაღწია XX საუკუნეში, როდესაც მისი პროდუქტები გამოიყენებოდა კვების, ტყავის, საპნის სახარშ, საფეიქრო, ქიმიურ, აგრეთვე პარფიუმერულ (ამბარი) და კოსმეტიკურ მრეწველობაში. მაგალითად, ვეშაპის ღვიძლისგან და ენდოკრინული ჯირკვლებიდან გამოიმუშავებდნენ ვიტამინებს, სამკურნალო პრეპარატებს, ხორციდან და ძვლებიდან — საკვებ დანამატებს. XX საუკუნის დასაწყისამდე ვეშაპსარეწის ძირითადი პროდუქტი იყო ზიპი — თხევადი ცხიმი, რომელსაც ვეშაპის სალისაგან გამოიმუშავებდნენ; იყენებდნენ გასანათებლად, საპოხ მასალად და სხვ.[2]

ვეშაპებზე ნადირობა დანიელთა კუნძულებზე (ნორვეგია), აბრაამ სპიკის ნახატი, 1634.

ვეშაპსარეწი ბერინგის ზღვის ხალხების ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა იყო ძველი ბერინგის ზღვის კულტურიდან მოყოლებული. კოლისა და პირენეს ნახევარკუნძულების, ბისკაის ყურის, აგრეთვე დღევანდელი იაპონიის სანაპიროებზე მცხოვრები მოსახლეობა ვეშაპებს IX–X საუკუნეებში მოიპოვებდა. თავდაპირველად ვეშაპებს მცირე ზომის ნავებით დევნიდნენ ნაპირისაკენ, სადაც მიმდინარეობდა მათი დაკვლა. შემდგომში ნადირობისას დაიწყეს შუბებისა და ჰარპუნების გამოყენება, რომლებსაც მიბმული ჰქონდათ ტივტივა — ხისგან გაკეთებული ან ცხოველის გაბერილი ტყავი, რაც ვეშაპს მოძრაობას უძნელებდა და არც ჩაყვინთვის საშუალებას აძლევდა. განსაკუთრებით ინტენსივობით ნადირობდნენ ბისკაის ყურეში, რის გამოც XV საუკუნის დასასრულისათვის ამ რაიონში ვეშაპთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. გემთმშენებლობის გაუმჯობესებამ და სანაპირო წყლებში ვეშაპთა რაოდენობის შემცირებამ სათავე დაუდო გემებით ვეშაპრეწვას. იყენებდნენ მცირე ზომის იალქნიან ხომალდებს. ვეშაპებს კლავდნენ ნიჩბიანი კანჯო-ველბოტებითა და ხელის ჰარპუნებით (ჭვილთებით), მოიპოვებდნენ შუბებით და ბუქსირით გაჰყავდათ ნაპირისკენ (ყინულის პირისკენ) ან წყალშივე ქნიდნენ.[2]

 
ვეშაპებზე ნადირობა ტრადიციული წესებით ინუიტების მიერ (ალასკა).

XVI საუკუნეში ვეშაპთა მოპოვება მიმდინარეობდა ლა-მანშის სრუტეში, ირლანდიისა და ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროებთან. XVII–XIX საუკუნეებში გრენლანდიური ვეშაპების ინტენსიურად რეწვა განხორციელდა კუნძულების შპიცბერგენისა და იან-მაიენის რაიონებში, XVIII საუკუნეში ამ ვეშაპების რეწვა დაიწყო ბაფინის ზღვაში და დეივისის სრუტეში. XVIII–XIX საუკუნეებში სამხრეთ ნახევარსფეროს თბილ და ანტარქტიკისპირა ზონებში აქტიურად ხოცავდნენ სამხრეთულ სადა ვეშაპებს. კაშალოტების გემებით სარეწი ჩრდილოეთ ატლანტიკის სამხრეთ ნაწილში XVIII საუკუნის დასაწყისში გაიხსნა; მოგვიანებით გადავიდა ატლანტის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების თბილ და ზომიერ ზონებში. XIX საუკუნის შუა ხანებისთვის თითქმის ყველა რაიონში სადა ვეშაპები პრაქტიკულად განადგურდნენ, კაშალოტების პოპულაციამ დიდი ზარალი განიცადა. ვეშაპებზე ნადირობა შეწყდა. ჩრდილოეთ ატლანტიკაში კაშალოტებზე მონადირე უკანასკნელი იალქნიანი გემი 1925 წელს გავიდა. თუმცა ხელის ჰარპუნებითა და ველბოტების რეწვა შენარჩუნდა აზორის კუნძულებისა და კუნძულ მადეირის რაიონებში (პორტუგალია).[2] ხელშეუხებელი დარჩა ზოლიანი ვეშაპების მარაგები, რადგან მათზე იმის გამო არ ნადირობდნენ, რომ მოკვლის შემდეგ წყალში იძირებოდნენ და თითქმის შეუძლებელი ხდებოდა მათი ამოღება.[1][2]

1863 წელს ნორვეგიელმა სვენ ფოინმა გამოიგონა ჰარპუნის ზარბაზანი და ჰარპუნი ბოლოში გრანატით, ამასთან წამოაყენა წინადადება მოკლული ვეშაპის სხეული ჰაერით გაებერათ და ბუქსირით მიეტანათ სანაპირო გადასამუშავებელ სადგურამდე.[1][2] ჰარპუნის ზარბაზნითა და ჰაერის კომპრესორით შეიარაღებული პირველი ვეშაპსარეწი ორთქლის გემი სარეწად 1868 წელს გავიდა ნორვეგიის ნაპირებთან და 30 ვეშაპი მოკლა. ამან საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე რეწვას.[1][3] XIX–XX საუკუნეებში ვეშაპთსარეწში წამყვან ადგილებს იკავებდა ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, რუსეთი და იაპონია.[2]

 
ჰარპუნის ზარბაზანი და მსროლელი.

XIX საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ ატლანტიკის მრავალ რაიონში ზოლიანი ვეშაპები თითქმის განადგურდნენ. ნორვეგიელებმა 90-იან წლებში ექსპედიციები მოაწყეს ანტარქტიკის წყლებში, სადაც ვეშაპთა მრავალრიცხოვანი ჯოგები აღმოაჩინეს. 1904–1905 წლების სეზონზე კუნძულ სამხრეთ გეორგიაზე გაიხსნა პირველი სანაპირო ვეშაპნადირობის სადგური, ხოლო შემდეგ სეზონზე (1905–1906) ჩრდილოეთ ატლანტიკიდან აქ ჩავიდა ვეშაპთბაზა „ადმირალენი“ (ნორვეგია) ორი ღია ზღვაში სარეწი გემით (პელაგური სარეწისთვის).[3]

 
დახოცილი დედა-შვილი სლიპით (დახრილი სიბრტყით) აჰყავთ ბორტზე, „ნიშინ-მარუ“ (  იაპონია)

XX საუკუნის დასაწყისიდან ვეშაპების მოპოვების მთავარი რაიონი გახდა ანტარქტიკა, მის მრავალ კუნძულზე, აგრეთვე სამხრეთ აფრიკისა და ამერიკის ნაპირებზე აშენდა ვეშაპთგადასამუშავებელი სადგურები, რომლებიც აღჭურვილი იყო პროდუქციის წარმოებისა და შენახვისთვის საჭირო მოწყობილობათა კომპლექსით.[2] 1925–1926 წლების სეზონზე როსის ზღვაში სლიპით (დახრილი სიბრტყე, რომლის საშუალებითაც შეაცურებენ ხოლმე ვეშაპს გემბანზე) პირველად ამუშავდა ნორვეგიული ვეშაპთბაზა „ლანსინგი“, ამ სიახლის ავტორი იყო ნორვეგიელი კაპიტანი პ. სერლე.[3] 1930-იანი წლებიდან ფართოდ გამოიყენებოდა მრავალგემბანიანი ავტონომიური ვეშაპთბაზები, რომლებსაც ჰქონდათ ვეშაპის გემბანზე ატანის (სლიპი), აქნისა და გადამუშავებისთვის საჭირო მოწყობილობები.[1] რეწვა შესაძლებელი გახდა ყველანაირ ამინდში, სარეწმა ტერიტორიამ ანტარქტიკის მთელი აკვატორია მოიცვა.[3] ვეშაპთბაზებს თან ახლდა მცირე ზომის და სწრაფმავალი ვეშაპთმხოცავი გემები, ამიტომ სანაპირო სადგურებმა XX საუკუნის შუა ხანებისათვის დაკარგეს თავისი აქტუალურობა[2] და 1965–1966 წლების სეზონზე საბოლოოდ შეწყვიტეს მუშაობა ანტარქტიკაში.[3] რეწვის განვითარებასთან ერთად თანდათანობით მცირდებოდა ზოლიანი ვეშაპების რიცხვი. ზოგიერთ რაიონში მთლიანად ნადგურდებოდა. ეძებდნენ ვეშაპებით მდიდარ ახალ-ახალ რაიონებს.[1]

საერთაშორისო ვეშაპნადირობის კომისია

რედაქტირება

ვეშაპთა რაოდენობის საყოველთაო შემცირებასთან დაკავშირებით 1946 წელს ხელი მოეწერა საერთაშორისო კონვენციას ვეშაპსარეწის დარეგულირებასთან დაკავშირებით.[2] 1948 წელს შეიქმნა საერთაშორისო ვეშაპნადირობის კომისია, რომელმაც კვოტები დააწესა ვეშაპთა მოპოვებაზე, დაადგინა რეგულირების ზომები და სხვ. ანტარქტიკაში ვეშაპებზე ნადირობის პირველი კვოტა 1947–1948 წლებში დადგინდა და 1962–1963 წლების ჩათვლით 14 500-დან 16 000 პირობით ლურჯ ვეშაპამდე მერყეობდა, შემდეგ კვოტამ დაიკლო და 1971–1972 წლებში მხოლოდ 2300 შეადგინა. 1971 წლიდან წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში და 1972–1973 წლებიდან ანტარქტიკაში ვეშაპების ხოცვის სახეობრივი კვოტა ამოქმედდა. სარეწი რეგულირდებოდა წესებით, რომლებიც ყოველ ქვეყანაში (საერთაშორისო ვეშაპნადირობის კომისიის წევრებში) შედგენილი იყო მდგომარეობის აღრიცხვის საფუძველზე. მასში ლაპარაკი იყო სარეწის რაიონებზე და ვადებზე, რეწვისათვის ნებადართული ვეშაპების მინიმალურ ზომებზე, აკრძალულ ვეშაპებზე და ა.შ. 1972 წლიდან ვეშაპსარეწზე ხორციელდებოდა საერთაშორისო დაკვირვება.[3]

შემდგომში კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და 1985–1986 წლების სეზონიდან აკრძალა კომერციული ვეშაპსარეწი. თუმცა კვოტები შენარჩუნდა სამეცნიერო კვლევებისათვის ნადირობაზე, აგრეთვე აკრძალვა არ შეეხო ჩუკოტკის (რუსეთი), გრენლანდიის (დანია), ალასკისა (აშშ) და სხვა რეგიონების მკვიდრ მოსახლეობას, რომლებისთვისაც ვეშაპებზე ნადირობა ტრადიციული ცხოვრების წესია.[2]

XXI საუკუნე

რედაქტირება

XXI საუკუნის დასაწყისიდან მიმდინარეობდა დისკუსიები ვეშაპსარეწის მორატორიუმის შეჩერებასთან დაკავშირებით.[2] 2010 წელს საერთაშორისო ვეშაპნადირობის კომისიის შეხვედრაზე (მაროკოში) განიხილეს 24-წლიანი მორატორიუმის გაუქმება. იაპონიამ, ნორვეგიამ და ისლანდიამ ორგანიზაციას მოუწოდეს, რომ აკრძალვა მოეხსნა. ვეშაპების ხოცვის მოწინააღმდეგეებმა მათ შესთავაზეს კომპრომისული გეგმა — შეეძლოთ განეახლებინათ რეწვა, თუმცა მცირე მასშტაბებითა და მკაცრი დაკვირვებით. ეს გეგმა აგრეთვე კრძალავდა ვეშაპნადირობას სამხრეთის ოკეანეში.[4] 200-ზე მეტი მეცნიერი და ექსპერტი ამ კომპრომისული გეგმის წინააღმდეგ წავიდა, ისინი აგრეთვე წინააღმდეგნი იყვნენ 1994 წლიდან ვეშაპების ნაკრძალად გამოცხადებულ სამხრეთის ოკეანეში რეწვის განახლებისა.[5][6] კომპრომისული გეგმის მოწინააღმდეგეების სურვილია, რომ ბოლო მოუღონ ვეშაპებზე კომერციულ ნადირობას, თუმცა მკვიდრი მოსახლეობის მიერ სასიცოცხლო მინიმუმის დონეზე მათ მოპოვებაზე თანხმობას აცხადებენ.[4]

 
ვეშაპთბაზა „ვილემ ბარენცი“
(  ნიდერლანდები)
 
მხოცავი გემი „შონან-მარუ“
(  იაპონია)

თანამედროვე პირობებში რეწვა, როგორც წესი, ღია ოკეანეში ფლოტილიებით (ვეშაპთბაზა და ვეშაპთმხოცავი გემები) მიმდინარეობს. ვეშაპთბაზა მრავალგემბანიანი ტანკერის ტიპის 45 ათას ტონამდე წყალწყვის საოკეანო გემია. იგი ხანგრძლივი ავტონომიური ცურვისათვისაა გათვალისწინებული. ვეშაპთბაზა განკუთვნილია ვეშაპთა ასაქნელად და გადასამუშავებლად. ძლიერი ძალური დანადგარები უზრუნველყოფს ვეშაპთბაზის დიდ სიჩქარეს (15-ზე მეტი საზღვაო მილი სთ-ში). ვეშაპთმხოცავი გემები ვეშაპთბაზიდან იღებენ ეკიპაჟისათვის საჭირო საკვებს, საწვავს და სხვ. ვეშაპს ეძებენ ვიზუალურად ან ჰიდროლოკატორით, რომელიც ნადირობის ეფექტურობას ორჯერ ზრდის. ნადირობის პროცესი რიგი ოპერაციებისაგან შედგება: ვეშაპთან მიახლოება გასასროლ დისტანციაზე, გასროლა და მოკვლა, ვეშაპის მითრევა გემთან (თუკი დაჭრილია, დამატებით 1–2 გასროლას ახორციელებენ[3]), მოკლული ვეშაპის ჰაერით გაბერვა და გემის ბორტთან მითრევა ვეშაპთბაზასთან შემდგომი ბუქსირებისათვის. თუ ვეშაპი ზღვაში უნდა დატოვონ, მას მიამაგრებენ ალამს, რადიოტივარას, რაც აადვილებს მის შემდგომ მოძებნას.[1]

ვეშაპთმხოცავი გემი

რედაქტირება

ვეშაპთმხოცავი გემი სიგრძეში 65 მეტრამდეა, სიგანეში — 9,5 მეტრამდე, წყალწყვა 916 ტონას აღწევს. აქვს 3870 კვტ-მდე (5260 ცხენის ძალა) სიმძლავრის მამოძრავებელი დანადგარები. ავითარებს 18–20 საზღვაო მილი/სთ სიჩქარეს. კარგად მანევრირებს. შეიარაღებულია ჰარპუნის ზარბაზნით და აქვს ამორტიზაციის სისტემა თოკის (და ბაგირის) გაწყვეტის თავიდან ასაცილებლად ვეშაპის ადგილიდან მოწყვეტის დროს, ჯალამბარი ბორტისკენ მისაზიდად, კომპრესორი სხეულში ჰაერის შესაშვებად, აგრეთვე სანავიგაციო და სამძებრო ხელსაწყოები.[3]

1973 წლისთვის მოქმედი ვეშაპთბაზების ძირითადი მონაცემები[3]
ქვეყანა დასახელება აგების ან რეკონსტრუქციის წელი წყალწყვა, ტ ეკიპაჟი, კაცი მთავარი ზომები, მ სვლის სისწრაფე,
მაქს. საზღ. მილი/სთ
მანქანათა სიმძლავრე,
ცხ. ძალ.
უდიდესი სიგრძე სიგანე სიმაღლე წყალშიგი
  სსრკ „სოვეტსკაია უკრაინა“ 1959 44900 522 217,8 25,8 19,0 10,8 16,0 15000
„სოვეტსკაია როსსია“ 1961
„იური დოლგორუკი“ 1960 29980 527 207,4 24,0 19,4 12,1 17,4 24920
„ვლადივოსტოკი“ და
„დალნი ვოსტოკი“
1963 26500 374 182,0 23,8 17,0 8,9 14,0 6250
  იაპონია „კიოკიიო-მარუ“ №3 1969 23087 500 184,2 23,5 17,4 10,6 14,0 6920
„ნიშინ მარუ“ №3 1967 23107 440 182,3 23,8 17,7 10,7 13,2 6750
„ტონან-მარუ“ №2 1971 13098 300 170,2 21,5 17,1 10,0 15,3 11600
„ჩიო-მარუ“ 1968 9026 400 142,7 18,9 12,1 8,2 16,5 5600

მცირე ზომის ვეშაპთა სარეწები

რედაქტირება

არსებობდა აგრეთვე მცირე ზომის ვეშაპთა სარეწები. მცირე ზოლიანი ვეშაპების პირველი სარეწი 30-იანი წლების ბოლოს მოეწყო ნორვეგიაში. შემდგომში მან თითქმის მთელი ატლანტიკა და არქტიკა მოიცვა. 1971 წელს ამ ვეშაპების მოპოვება მკვეთრად გაიზარდა ბრაზილიისა (900 ცალი) და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის (200-ზე მეტი) სანაპიროებზე. იაპონიამ მცირე ზოლიანი ვეშაპების სარეწი პირველად ანტარქტიკის წყლებში მოაწყო. მსოფლიო ოკეანის სხვადასხვა ნაწილში მოიპოვებდნენ გრძელდინგა ვეშაპებს, გრინდებს და სხვ., მათი რეწვით ძირითადად დაკავებული იყო ნორვეგია, იაპონია, ბრაზილია, დანია, კანადა.[3]

მიღებული პროდუქცია

რედაქტირება

მაღალი მწარმოებლობის ტექნოლოგიურ ხაზებზე ნედლეულს გადაამუშავებენ სხვადასხვა მიზნით. მაგ., ცხიმის, ხორცის, საკვები ფქვილის ან ბულიონის კონცენტრატის მისაღებად. უკბილო ვეშაპის ცხიმს იყენებენ კვების, ტყავის, საპნისა და სხვა მრეწველობაში; კაშალოტის ცხიმს — საფეიქრო, ქიმიურ მრეწველობაში; სპერმაცეტს — პარფიუმერიასა და კოსმეტიკურ მრეწველობაში. ვეშაპის გაყინულ ხორცს იყენებენ საკვებად. მისგან ამზადებენ ძეხვს, კონსერვებს, ცილოვან კონცენტრატებს და სხვ. ღვიძლისა და ენდოკრინული ჯირკვლებისაგან გამოიმუშავებენ ვიტამინებს, სამკურნალო პრეპარატებს. საკვებ ფქვილსა და ბულიონის კონცენტრატს უმატებენ ცხოველთა და ფრინველთა საკვებს.[1] ერთი პირობითი ლურჯი ვეშაპიდან შესაძლებელი იყო 22 ათ. საბჭოთა მანეთის ღირებულების პროდუქციის მიღება (1979 წლის კურსით — დაახლ 33 ათ. აშშ დოლარის, 2020 წლის ინფლაციის გათვალისწინებით — 118 ათ. აშშ დოლარზე მეტი[7]) , მ.შ. ცხიმიდან — 25%. ცხიმის გამოსავლის მხრივ, 1 პირობითი ლურჯი ვეშაპი = 2 ფინვალს = 2,5 კუზიან ვეშაპს = 6 სეივალს = 6 ბრაიდის ვეშაპს.[3]

ვეშაპსარეწი საბჭოთა კავშირში

რედაქტირება
 
ვეშაპთბაზა „იური დოლგორუკი“
(  სსრკ)

პირველ საბჭოთა ვეშაპთმხოცავ ფლოტილია „ალეუტს“, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ვეშაპთბაზა და 3 ვეშაპთმხოცავი, სარეწად 1932 წელს რევილიახიხედოს (წყნარი ოკეანე) რაიონში, ხოლო 1933 წლიდან 1948 წლამდე წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში იყენებდნენ. 1948–1964 წლებში კურილის კუნძულებზე 5 სანაპირო სადგური და 22 ვეშაპთმხოცავი იყო. 1963 წლიდან ამ რაიონში მოქმედებდა საშუალო (26,5 ათ. ტ-მდე) ტონაჟიანი ვეშაპთბაზები („ვლადივოსტოკი“ და „დალნი ვოსტოკი“), 1966–1969 წლებში კი — ფლოტილია „სლავა“ და ზოგჯერ „სოვეტსკაია როსსია“. 1947 წელს საბჭოთა ფლოტილია „სლავამ“ დაიწყო ვეშაპების რეწვა ანტარქტიკაში. 1959 წელს მწყობრში ჩადგა „სოვეტსკაია უკრაინა“, 1961 წელს „სოვეტსკაია როსსია“, რომელთაც სამამულო წარმოების ყველაზე მძლავრი მცურავი ბაზები ჰქონდათ და დღე-ღამეში 70–75 ვეშაპის გადამუშავება შეეძლოთ, 1960 წლიდან კი ფლოტილია „იური დოლგორუკი“. 1946–1972 წლებში საბჭოთა ვეშაპთმხოცავებმა მოიპოვეს 124,5 ათასი დიდი უკბილო (ულვაშიანი) ვეშაპი და კაშალოტი. 60-იანი წლების შუა ხანებამდე ვეშაპსარეწის მთავარი რაიონი ანტარქტიკა იყო (სამხრეთ განედის 40°-ის სამხრეთით). შემდეგ გაიზარდა წყნარი ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილის მნიშვნელობა (მთელი მოპოვების 50%). 60-იან წლებამდე მსოფლიო ვეშაპსარეწის მთელ მოცულობაში ნორვეგიასა (60–77%-მდე) და დიდ ბრიტანეთს (45–48%-მდე) ეკავათ წამყვანი პოზიციები. 60-იანი წლების დასაწყისიდან კი სსრკ და იაპონია გალიდერდნენ. 70-იან წლებში მათზე მოდიოდა მთელი მოპოვებული ვეშაპების 43 და 41% შესაბამისად.[1] თანამედროვე მონაცემები იხ. ქვემოთ.

საქართველო

რედაქტირება

საბჭოთა ვეშაპსარეწი გემის „სლავას“ კაპიტანი იყო ქართველი მეზღვაური აბესალომ ზენაიშვილი, რომელმაც გემით ორჯერ შემოუარა ანტარქტიდას.[8]

ვეშაპებზე ნადირობა აბორიგენული მოსახლეობის მიერ

რედაქტირება

ჩრდილოეთის ადგილობრივი მოსახლეობა (მაგ., ჩუქჩები, ესკიმოსები) ვეშაპებს განსაკუთრებით ბოლომდე იყენებენ: ხორცს, ფაშარ კანსა და შიგნეულობის უდიდეს ნაწილს ხმარობენ საჭმელად ან ძაღლების საკვებად; ნაწლავებისაგან კერავენ ულტობ ტანსაცმელს; ცხიმს მოიხმარენ საჭმელში, აგრეთვე საცხოვრებლების გასანათებლად და გასათბობად; მყესებს — ძალიან მტკიცე თოკებისა და ხაფანგების ნაწილების დასამზადებლად; გაპობილი ვეშაპის ულვაშებისაგან კერავენ ბაიდარებს, ამაგრებენ ნარტების თავკავებს და სხვ.[9]

მონაცემები მომპოვებელი ქვეყნების მიხედვით

რედაქტირება

მონადირებულ ვეშაპთა რიცხვი მორატორიუმის დაწყების წელსა (1985/86 წლების სეზონი) და 2019 წელს, საერთაშორისო ვეშაპნადირობის კომისიის მიხედვით.[10]

წელი სეზონი ტიპი ადგილი ქვეყანა ფინვალი კაშალოტი კუზა სეივალი ბრაიდის მცირე

ზოლიანი

რუხი გრენლანდიური სულ კომ.
1985 1985/86 პელაგური ანტარქტიკა   იაპონია 0 0 0 0 0 1941 0 0 1941
  სსრკ 0 0 0 0 0 3028 0 0 3028
1986 1986 დ. გრენლანდია   დანია 9 0 0 0 0 145 0 0 154 []
ა. გრენლანდია 0 0 0 0 0 2 0 0 2
სანაპირო დ. ისლანდია   ისლანდია 76 0 0 40 0 0 0 0 116
მცირე ჩ.-ა. ატლანტიკა   ნორვეგია 0 0 0 0 0 379 0 0 379
ვესტ-ინდოეთი   სენტ-ვინსენტი და გრენადინები 0 0 2 0 0 0 0 0 2
სანაპირო იაპონია   იაპონია 0 200 0 0 317 311 0 0 828
სანაპირო კორეა   კორეა 0 0 0 0 0 69 0 0 69
ალასკა   აშშ 0 0 0 0 0 0 2 28 30
ჩუკოტკა   სსრკ 0 0 0 0 0 0 169 0 169
ინდონეზია   ინდონეზია 0 9 0 0 0 0 0 0 9
1986/87 პელაგური ანტარქტიკა   იაპონია 0 0 0 0 0 1941 0 0 1941
  სსრკ 0 0 0 0 0 3028 0 0 3028
2019 2019 ჩ.-ა. კანადა   კანადა 0 0 0 0 0 0 0 4 4
დ. გრენლანდია   დანია 8 0 4 0 0 160 0 0 172 []
ა. გრენლანდია 0 0 0 0 0 11 0 0 11
ისლანდია   ისლანდია 0 0 0 0 0 0 0 0 0 []
მცირე ჩ.-ა. ატლანტიკა   ნორვეგია 0 0 0 0 0 429 0 0 429 []
ვესტ-ინდოეთი   სენტ-ვინსენტი და გრენადინები 0 0 3 0 0 0 0 0 3
სანაპირო იაპონია   იაპონია 0 0 0 0 0 79 0 0 79
სანაპირო 0 0 0 0 0 33 0 0 33
კორეა   კორეა 0 0 0 0 0 0 0 0 0 []
ჩუკოტკა   რუსეთი 0 0 0 0 0 0 137 1 138 []
ალასკა   აშშ 0 0 0 0 0 0 0 36 36 []
პელაგური ჩ.-დ. წყნარი ოკეანე   იაპონია 0 0 0 25 187 11 0 0 223
აღნიშვნები

  ვეშაპებზე ნადირობა აკრძალვის მიუხედავად
  ვეშაპებზე ნადირობა აბორიგენული მოსახლეობის მიერ
  ვეშაპებზე ნადირობა სპეციალური ნებართვის საფუძველზე
  დაუდასტურებელი მოხსენებები არაწევრი ქვეყნების მიერ
  ვეშაპებზე კომერციული ნადირობა არაწევრი ქვეყნების მიერ

კომენტარები

რედაქტირება
  1. 1 ფინვალი საეჭვოა, შეიძლება სეივალი იყოს
  2. არასრული, დაკარგეს 1 ფინვალი და 7 ზოლებიანი ვეშაპი
  3. 2019 წელს არ უნადირიათ ვეშაპებზე
  4. არასრული, 2 დაკარგეს
  5. ამ თარიღისათვის მონაცემები არ არის
  6. არასრული, დაკარგეს 5 ვეშაპი
  7. არასრული, 6 ვეშაპი დაიკარგა

ლიტერატურა

რედაქტირება

რეკომენდებული ლიტერატურა

რედაქტირება
  • Зенкович Б. А. Киты и китобойный промысел. — М., 1952.
  • Головлев И. Ф. Техника китобойного промысла. — 2 изд. — [Калининград], 1960.
  • Бодров В. А., Григорьев С. Г. Переработка китового сырья на китобазах. — М., 1963.
  • Ивашин М. В., Попов Л. А., Цапко А. С. Морские млекопитающие : Справочник. — М., 1972.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 ქსე, 1979
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 БРЭ, 2009
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 БСЭ, 1973
  4. 4.0 4.1 David Jolly (21 ივნისი, 2010). „Under Pressure, Commission Discusses Lifting Whaling Ban“. The New York Times. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. Jøn, A. Asbjørn (2014). „The whale road: Transitioning from spiritual links, to whaling, to whale watching in Aotearoa New Zealand“. Australian Folklore: A Yearly Journal of Folklore Studies (29): 87–116.
  6. „Whaling ban must stay, say 200 scientists“. AFP. 22 ივნისი, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ივნისი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date= და |archivedate=-ში (დახმარება)
  7. Value of $33,000 from 1979 to 2020. in2013dollars.com. ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი, 2020.
  8. ბარათაშვილი ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 355.
  9. Томилин, 1962, стр. 28
  10. Total Catches. IWC | International Whaling Commission. iwc.int. ციტირების თარიღი: 1 ოქტომბერი, 2020.