ვერიოვკინის მღვიმე
ვერიოვკინის მღვიმე — მსოფლიოს უღრმესი[1][2] კარსტული მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის რაიონში. მდებარეობს არაბიკის მასივზე, ზღვის დონიდან 2309 მ სიმაღლეზე. მღვიმის ცნობილი ნაწილის სიღრმე 2017 წლის ტოპოაგეგმვის შედეგებით შეადგენს 2204 მ-ს, რითაც 7 მ-ით ჭარბობს კრუბერის გამოქვაბულს. რეკორდული სიღრმე სიფონების გაუვლელად იქნა მიკვლეული. 2018 წლის მარტის ექსპედიციის დროს გამოიკვლიეს სიფონური ტბის სიღრმე — ნემოს უკანასკნელი სადგომი, რამაც მღვიმის სიღრმეს კიდევ 8 მ შემატა და მღვიმის სიღრმის ნიშნული 2212 მ-ით განისაზღვრა. მღვიმეში შესასვლელი კვეთით 3×4 მდებარეობს კრეპოსტისა და ზონტის მთებს შორის არსებულ უღელტეხილზე, უფრო კრეპოსტის მთის ფერდობების სიახლოვეს. შესასვლელი ჭის სიღრმე შეადგენს 32 მ-ს.
ვერიოვკინის მღვიმე | |
---|---|
![]() მღვიმის გეგმა (2017) | |
კოორდინატები: 43°23′46″ ჩ. გ. 40°21′13″ ა. გ. / 43.39611° ჩ. გ. 40.35361° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | გაგრის რაიონი |
აბსოლუტური სიმაღლე | 2309 მ |
სიგრძე | 13,500 მ |
სიღრმე | 2212 მ |
აღმოჩენის წელი | 1968 |
შესასვლელთა რაოდენობა | 1 |
ამგებელი ქანები | კირქვა |
თავდაპირველად მღვიმე მარკირებული იყო როგორც С-115, შემდეგ П1-7, თუმცა 1986 წელს მღვიმეს სახელწოდება შეუცვალეს და უწოდეს ტრაგიკულად დაღუპული სპელეოლოგის — ალექსანდრე ვერიოვკინის (1960–1983) სახელი. ვერიოვკინის მღვიმე აღმოაჩინეს 1968 წელს კრასნოიარსკელმა სპელეოლოგებმა. იმ დროს გავლილი ნაწილის სიღრმემ 115 მ შეადგინა. მღვიმე მონიშნეს როგორც С-115. 1982 წელს მოსკოვის პეროვოს სპელეოკლუბმა მღვიმეს ხელმეორედ მიაკვლია და მონიშნა როგორც П1-7. პეროვოს სპელეოკლუბის ექსპედიციამ 1983–86 წლებში შეაღწია 440 მ-მდე.[3]
1986–2000 წლებში მღვიმეში კვლევები არ წარმოებდა. 2000–2015 წლებში პეროვოს სპელეოკლუბი და პეროვო-სპელეოს ჯგუფი აგრძელებდა კვლევებს მღვიმეში. სიღრმე კვლავ 440 მ-ით განისაზღვრებოდა. 2015 წლის აგვისტოში პეროვოს სპელეოკლუბის ექსპედიციის ფარგლებში მიაკვლიეს ჭას, რომლის სიღრმე, როგორც მოგვიანებით გაირკვა 156 მ შეადგინა. ეს აღმოჩენა იმაზე მიუთითებდა, რომ მღვიმის შრომატევადი კვლევის პერიოდი დასრულდა. 2016 წლის ივნისში შედგა პეროვო-სპელეოს გუნდის ექსპედიცია, რომელმაც მიაღწია 630 მ-მდე. იმავე წლის აგვისტოში პეროვო-სპელეოსა და პეროვოს სპელეოკლუბის ერთობლივმა ექსპედიციამ შეაღწია 1010 მ-მდე, ხოლო ოქტომბერში 1350 მ-მდე.[3]
2017 წლის თებერვალში პეროვო-სპელეოს ექსპედიციამ მიაღწია 1832 მ-მდე, რამაც იგი მსოფლიოში სიღრმით მეორე მღვიმედ აქცია კრუბერის გამოქვაბულის შემდეგ. 2017 წლის აგვისტოს დასაწყისში პეროვოს სპელეოკლუბმა მიაღწია 2151 მ-მდე. ქვედა ნაწილებში აღმოაჩინეს არაბიკის მასივისთვის არადამახასიათებელი ფართო ჰორიზონტული ნაწილები. ისინი კარსტული წყალშემცველი სისტემის უძველესი კოლექტორებია. ამრიგად, ვერიოვკინის მღვიმე იქცა მეორე ზეღრმა მღვიმედ (2 კმ-ზე მეტი) მსოფლიოში და წყალქვეშა აღჭურვილობის გარეშე ხელმისაწვდომ უღრმეს მღვიმედ. 2017 წლის აგვისტოს მეორე ნახევარში პეროვო-სპელეოს გუნდმა მიაღწია 2204 მ-მდე, რითაც დაამყარა სიღრმის მსოფლიოს ახალი რეკორდი.[3]
2018 წლის მარტში პეროვო-სპელეოს გუნდმა განახორციელა მორიგი ექსპედიცია, რომლის ფარგლებში მღვიმის რუკას დაუმატა შესასვლელების ერთ კმ-ზე მეტი მონაკვეთი და ლოტით გაზომა სიფონური ტბის — ნემოს უკანასკნელი სადგომის სიღრმე. ტბის სიღრმემ შეადგინა 8,5 მ, რითაც მღვიმის საერთო სიღრმემ მიაღწია 2212 მ.[4][5]
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ ვერიოვკინის მღვიმე // მსოფლიოს უღრმესი მღვიმეები (ინგლისური)
- ↑ One of the Deepest Caves in the World is Even Bigger Than We Thought
- ↑ 3.0 3.1 3.2 Станет ли пещера им. Александра Веревкина самой глубокой в мире? (რუსული)
- ↑ Пещеры // Информационно-поисковая система (რუსული)
- ↑ Экспедиция в Верёвкина март 2018. Глубина пещеры достигла -2212 метров (რუსული)