ვერე (თბილისი)

(გადამისამართდა გვერდიდან ვერა)
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვერე.

ვერე, ვერა, ერთ-ერთი ძველი უბანი თბილისში, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს. სახელი ეწოდა მდინარე ვერის მიხედვით. ქალაქისპირა ისტორიული დასახლების ვერის ადრინდელი სახელია სკვირეთი (სკორეთი). ვერე წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIII საუკუნეში. აქ აღმოჩენიი ნუმიზმატიკური მასალა ცხადყოფს, რომ ეს ადგილები უფრო ადრე იყო დასახლებული. ვერეზე გადიოდა თრიალეთისაკენ მიმავალი მნიშვნელოვანი სტრატეგიული და სავაჭრო-საქარავნო გზა. XVIII საუკუნეში ამ გზას იცავდა საგანგებო რაზმი, ე. წ. „ვერის ხევის ყარაული“. XVII-XVIII საუკუნეებში ვერე მოიცავდა ტერიტორიას ახლანდელი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი) და გაბაშვილის ქუჩიდან ბაგებამდე. XIX საუკუნეში აქ ახალი უბნები გაჩნდა — ვარდისუბანი, ვაკე, საბურთალო, ახალშენი. ვერის ტერიტორიაზე, შემორჩენილია XII-XIII საუკუნეებში აგებული წმ. ანდრიას ეკლესია (ე. წ. ლურჯი მონასტერი). მდ. ვერაზე იმ ადგილის მახლობლად, სადაც ახლა ხიდია, 1932 წლამდე იყო XVII საუკუნის შუაწლებში აგებული ოთხმალიანი ქვითკირის ხიდი. ახლანდელი ვერე ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური რეგიონია.

ვერე 1890-იან წლებში (ხედი დღევანდელი გმირთა მოედნის მხრიდან)


ლიტერატურარედაქტირება

  • ბერიძე თ., ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია, თბ., 1977;