ველისციხის წმინდა მარიამის ეკლესია

ველისციხის წმინდა მარიამის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, ღვთისმშობლის ეკლესიის გვერდით. აგებულია XIX საუკუნეში. 1989-90 წლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ დეკანოზ იოანე მიტიჩაშვილის თაოსნობით ეკლესია შეაკეთა და თუნუქით გადახუა; შიგნით მთლიანად შელესეს, მოაწყეს კანკელი და პატრონიკე. ხოლო დასავლეთიდან, ადრე არსებული სამრეკელოს ბოძების შემორჩენილი ნაშთების მიხედვით, ააგეს აგურის ორსართულიანი სამრეკელო, რომლის ორივე სართული კვადრატულ ბოძებზე დაყრდნობილი ნახევარწრიული თაღებითაა გახსნილი. სამრეკელოს I სართულის ერთ-ერთ ბურჯში ჩასმულია შავი მარმარილოს პატარა ფილა წარწერით: „ამ ტაძრის აღმდგენელ-გამამშვენებელი არის დეკანოზი მამა იოანე მატიჩაშვილი“. 1990 წლიდან ეკლესია მოქმედია.

აღწერილობა რედაქტირება

ეკლესია დარბაზულია, უაფსიდო. ნაგებია ე.წ. კახური წყობით წვრილი რიყის ქვისა და აგურის ჰორიზონტალური რიგების მონაცვლეობით. კამარა და საბჯენი თაღები მთლიანად აგურისაა. შიგნით და გარედან შელესილი და შეთეთრებული ყოფილა. შესასვლელი ორია, დასავლეთიდან და სამხრეთიდან. გარედან ორივე ღიობი სწორკუთხაა. გამოყვანილია საფლავის ქვებით, შიგნით კი ისრული თაღი ხურავს. ისრული ფორმისაა კამარაც. იგი დაყრდნობილია ანალოგიუი ფორმის ექვს საბჯენ თაღზე. თაღები პილასტრებზე. მათგან აღმოსავლეთ წყვილი დაგვირგვინებულია თაროსებრი კაპიტლებით. ინტერიერი განათებულია ექვსი განიერი და მაღალი თაღოვანი სარკმლით. ერთი მათგანი აღმოსავლეთითაა, სამი ჩრდილოეთით, ხოლო ორი სამხრეთით, შესასვლელის ორსავე მხარეს. დასავლეთ კედელში შესასვლელის ზემოთ თაღოვანი ღიობია, რომელიც პატრონიკედან სამრეკელოს II სართულზე გასასვლელად გამოიყენება. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნაწილში ერთი თაღოვანი ნიშაა, სამხრეთ კედელში ერთი სწორკუთხა ნიშა, ხოლო ჩრდილოეთ კედელში ორი თაღოვანი ნიშაა. ფასადებიდან მორთულობით გამოირჩევა აღმოსავლეთ ფასადი. იგი დანაწევრებულია სამი თაღით. შუა თაღი ერთიმეორეზე დადგმული ორი თაღისგან შედგება და გვერდითებზე გაცილებით მაღალია. ქვედა თაღში საკურთხევლის სარკმელია მოთავსებული. განაპიებში კი კედლის სიბტყებში საფეხურით შეღრმავებული თითო თაღოვანი არეა, რომლებიც შევსებულია საფეხურებისგან შედგენილი და თევზიფხურად განლაგებული, რელიეფური ზოლებით. ფასადის ზედა ნაწილში, ფრონტონის ძირის დონეზე. ორმაგი ლილვით მოჩარჩოებული სამი წრიული მოხაზულობის ყრუ სარკმელია. შუა თაღის წვერზე კი წითლად შეღებილი რელიეფური ჯვარია დადგმული. მსგავსი ჯვარია დაგმული სამხრეთ ფასადის ერთ-ერთ თაღზე, რომელშიც შესასვლელია მოქცეული. დასავლეთ ფასადზე სამი თაღია. შუა თაღში, რომელიც სიდიდით დანარჩენ ორს ბევრად აღემატება, ეკლესიის შესასვლელია გაჭრილი. ჩრდილოეთ ფასადზე ხუთი თაღია. მაქთგან სამში სარკმლებია მოქცეული, დანარჩენი ორი კი ყრუა. ფასადები დასრულებულია ლეკალური აგურით ნაწყობი, მაღალი ლავგარდნით, რომლის პროფილს შეადგენს: თარო, შეზნექილი მრუდე ზედაპირი და ლილვი.

ლიტერატურა რედაქტირება