ვახტანგ VI-ის მონეტა

ვახტანგ VI-ის მონეტაქართლის მეფის ვახტანგ VI-ის სპილენძის მონეტები, რომლებიც იჭრებოდა მისი ჯანიშინობისას თბილისის სამეფო ზარაფხანაში 1708–1709 წლებში.

1708 წლით დათარიღებული ნახევარბისთიანი მონეტების საშუალო მასა შეადგენს 8,87 გ (მაქს. 9,04 გ, მინ. 8,38 გ), ხოლო 1709 დათარიღებულისა — 8,79 გ (მაქს. 9,16 გ, მინ. 8,20 გ). მათი დიამეტრი საშუალოდ 25–26 მმ. მონეტის შუბლზე გამოსახულია მარჯვნივ ან მარცხნივ მცურავი სამანძიანი ხომალდი, მასზე ზემოდან ეშვება მტრედი, რომელსაც ნისკარტით რტო უპყრია. ქვემოთ, ზღვის ტალღების ფონზე, მონეტაზე აღნიშნულია მოჭრის თარიღი შემდეგი ფორმით — 178 (იგულისხმება 1708) ან 179 (იგულისხმება 1709). ყოველივე ამას გარს აკრავს ხაზოვან-წერტილოვანი რკალი. ზოგჯერ ხომალდის ანძებს შორის აღბეჭდილია ვარსკვლავი, მონეტის ზურგზე კი — სამი („ვნგ” ან „ვტგ”) ანდა ორი ასოსაგან შემდგარი მეფის დაქარაგმებული სახელი ქართულად (მხედრული შრიფტით), რომელიც ჩასმულია ორნამენტულ ჩარჩოში. მის გარეთ სპარსული ლეგენდაა: „ფულუსი იჭედა თბილისს წელსა 1120”. იქვე გამოსახულია ორი თევზი, რომლებიც ერთმანეთის საპირისპიროდ მიცურავს (ზოდიაქოს ნიშანი).

მონეტებზე მათი მოჭრის თარიღი აღნიშნულია როგორც ქრისტიანული წელთაღრიცხვით, ასევე ჰიჯრით, რაც პირველი შემთხვევაა ქართული ნუმიზმატიკის ისტორიაში. ამ მონეტების გამოშვებით თბილისის ზარაფხანაში განახლდა ქართულწარწერიანი ლითონის ფულის მოჭრა, რაც ორ საუკუნეზე მეტხანს შეწყვეტილი იყო. ამით ბაგრატიონებმა დაიბრუნეს სამონეტო რეგალია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დუნდუა თ., დუნდუა გ., ჯავახიშვილი ნ., ფული საქართველოში, II გადამუშ. გამოცემაგამოც. მე-2, თბ., 2003
  • დუნდუა გ., დუნდუა თ., ქართული ნუმიზმატიკა, ნაწ. 2, თბ., 2011.
  • ჯავახიშვილი ნ., ვახტანგ VI-ის ღვაწლის ასახვა საზოგადოებრივ აზროვნებაში, ჟურნ. «ისტორიანი», 2013, №9 (33).
  • ჯავახიშვილი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
  • Кутелия Т., Грузия и Сефевидский Иран (по данным нумизматики), Тб., 1979.