ვახტანგ დიმიტრის ძე ვაჩნაძე (დ. 20 ივნისი, 1929, ქ. ბობრუისკი, ბელარუსი, — გ. 25 ოქტომბერი, 2018, მოსკოვი) — რუსეთში მოღვაწე ინჟინერ-მექანიკოსი, წარმომავლობით ქართველი.

დაამთავრა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი (1953). მუშაობდა მანქანათმშენებლობის სხვადასხვა დაწესებულებაში მოსკოვის ოლქში. 1977-1991 წლებში იყო სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება „ენერგიის“ გენერალური-დირექტორი, 1991-1992 წლებში — კოსმონავტიკის კომერციულ-ტექნიკური ცენტრ „ენერგიის“ გენერალური-დირექტორი, 1992 წლიდან — ს. პ. კოროლიოვის სახ. სარაკეტო-კოსმოსური კორპორაცია „ენერგიის“ სამეცნიერო კონსულტანტი. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში აიგო კოსმოსური ხომალდები „სოიუზი“ და „პროგრესი“, ორბიტული სადგური „სალუტი“ და ორბიტული კომპლექსი „მირი“. ვაჩნაძეს დიდი წვლილი მიუძღვის რუსეთში კოსმოსთან დაკავშირებულ სამხედრო და სამეცნიერო კვლევების განვითარებაში. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის (1956), შრომის წითელი დროშის (1957), ლენინის (1965), ოქტომბრის რევოლუციის (1976) ორდენებით, მედლებით. მიღებული აქვს ლენინური პრემია (1960) და სსრკ სახელმწიფო პრემია (1989).

ლიტერატურა

რედაქტირება