ვარჯანაულის ხიდი
ვარჯანაულის ხიდი, ყასირ-მერე, მერ-ქოფრი — არიქტექტურული ძეგლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარჯანაულში. მდებარეობს ქობულეთიდან 20-ოდე კმ-ის მოშორებით, მდინარე კინტრიშის ხეობაში. კინტრიშის ნაკრძალიდან 7 კმ. ხიდი გზის პირასაა, დაახლოებით 5-7 მ-ის მანძილზე. 2008 წელს ხიდს ჩაუტარდა საკონსერვაციო სამუშაოები.
ხიდი მაღალია. აქვს მკვეთრად გამოხატული ნახევარწრიული მოხაზულობა. ნაგებია თლილი ქვის კვადრებითა და ყორექვით კირის დუღაბზე. ხიდის ორივე მხარის შვერილი საპირე რკალისათვის გამოყენებულია თლილი ქვა, კირით ხსნარზე. საპირე ქვები ერთმანეთზე ვერტიკალურადაა მიწყობილი. თაღი და ხიდის ნაპირები „მოპირკეთებულია“ სუფთად თლილი ქვის კვადრებით. ხიდი ეყრდნობა ბურჯებს, რომლებიც ორივე ნაპირზე კლდეშია ჩაჭრილი. მეტად საყურადღებოა ისიც, რომ თაღის ქვედა პირისათვის განკუთვნილი ქვები რკალის წყობაში გამოყენებული ქვების სიმეტრიულადაა ჩალაგებული, ისე, რომ მთლიანი თაღი ერთ მონოლითად გამოიყურება. ამავე დროს ეს ქვებიც კარგადაა დამუშავებული და საპირე ქვებთან ერთად ძალიან სასიამოვნო ელფერს აძლევს მთლიან ნაგებობას. გამოირჩევა მსუბუქი კონსტრუქციებით და დახვეწილი პროპორციები. ორგანულად იწერება გარემოში და შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.
ხიდის ჰორიზონტალური სიგრძე ბურჯიდან ბურჯამდე 14,6 მ-ია, სავალი ზედაპირის სიგრძე — 28,1 მ, სიგანე შუა წელზე — 2,6 მ, ნაპირზე ბურჯებთან — 3,5 მ. სიმაღლე წყლის დონიდან თაღამდე — 7,9 მ, ხოლო თაღის ზედაპირამდე — 8,6 მ-ია. ქარგლის ბუდეების ზომებია: 0,36 X 0,42 მ და 0,38 X 0,32 მ. ხიდის კამარა ერთ მხარეს ეყრდნობა კლდეს, ხოლო მეორე მხარეს ბურჯს, რომელიც დაუმუშავებული ქვის რეგულარული წყობითაა ამოყვანილი. ხიდის სავალი ნაწილი ნაპირებისაკენ დაქანებულია და ცენტრში ქმნის წყალგამყოფს ატმოსფერული ნალექების გადასაყვანად. ხიდის სავალი ნაწილი რიყის ქვებითაა მოკირწყლული.
ლიტერატურა
რედაქტირება- კახიძე ა., მამულაძე შ., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 2016, გვ., 112
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11713