მარკუს ტერენციუს ვარონი

(გადამისამართდა გვერდიდან ვარონ რეატინუსი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარონი.

მარკუს ტერენციუს ვარონი (ლათ. Marcus Terentius Varro; დ. ძვ. წ. 116, სავარაუდოდ რეატე, იტალია, — გ. ძვ. წ. 27, რომი) — რომაელი მწერალი, მეცნიერი, ენციკლოპედისტი.

თავდაპირველად ცხოვრობდა რომში, შემდეგ — ათენში, სადაც მისი მასწავლებელი იყო ფილოსოფოსი ანტიოქოს ასკალონელი. იყო სახალხო ტრიბუნი. ახლოს იყო პომპეუსთან, მონაწილეობდა მის სამხედრო ლაშქრობებში და ძვ. წ. 49 წელს მასთან ერთად იბრძოდა ესპანეთში, ჰქონდა პრეტორის წოდება. პომპეუსის მარცხის შემდეგ, ძვ. წ. 47 წელს შეურიგდა იულიუს კეისარსა და მისი დავალებით რომში დააარსა საჯარო ბიბლიოთეკა. მარკუს ანტონიუსი დევნიდა, მაგრამ ოქტავიანე ავგუსტუსმა დაუბრუნა ჩამორთმეული ქონება. დარჩენილი წლები ვარონმა ლიტერატურულ და სამეცნიერო მოღვაწეობას მიუძღვნა.

ვარონი, მისივე ცნობით, ავტორია 74-მდე შრომისა პოეზიის, ისტორიის, რიტორიკის, სამართლისა და სხვა საკითხებზე. უმრავლესობამ ჩვენამდე ვერ მოაღწია. ერთადერთი სრულად მოღწეული ნაშრომია „Res rustica“ — ტრაქტატი სოფლის მეურნეობაზე. მნიშვნელოვანია საენათმეცნიერო თხზულება „De lingua Latina“ („ლათინური ენა“), რომელიც ავტორმა ციცერონს მიუძღვნა. ვარონს ეკუთვნის აგრეთვე „Saturae Menippeae“ („მენიპეს სატირები“), რომელიც ფილოსოფოს მენიპეს (ძვ. წ. III ს.) სატირული დიალოგების მიბაძვას წარმოადგენს. ამ თხზულებაში პროზა და ლექსი ერთმანეთს ენაცვლება. მასში ვარონი თავს ესხმის თანამედროვეთა მანკიერ ჩვევებს, აქებს ძველებურ ადათებს და ძველი რომაელების სადა ცხოვრების წესს.

ვარონის ერთ-ერთი მთავარი თხზულებაა 41 წიგნად შედგენილი „Antiquitates rerum humanarum et divinarum libri“ („ძველთა საერო და საღვთო საქმენი“), რომელშიც აღწერილია რომაელთა ისტორია და რელიგიური ყოფა უძველესი დროიდან (მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი).

ვარონი თან ახლდა პომპეუსს კავკასიის ქვეყნებში ლაშქრობისას. პლინიუსმა შემოგვინახა ვაროს ცნობები ამ ქვეყნებზე, შორეულ აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ სავაჭრო-სატრანზიტო გზაზე. ვაროს ცნობით, იმ დროს ინდოეთიდან 7 დღეში შეიძლებოდა ბაქტრიაში მისვლა, აქედან მდინარე ბაქტრიით და მდინარე ოქსოსით (ახლანდელი ამუდარია) — კასპიის ზღვაში, შემდეგ კი მდინარე მტკვარში შემოსვლა, საიდანაც სახმელეთო გზით ინდოეთის საქონელი 5 დღეში აღწევდა ფასისს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Dahlmann H., M. T. Varro, წგ.: Pauly`s Realencyclopädie der classischen Altertumswissenschaft, Suppl.-Bd. 6, Stuttg., 1935, S. 1172.
  • Lindberg D., The Beginnings of Western Science, Chicago, 2007.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება