ვარიანის ღვთისმშობლის ეკლესია (X-XI საუკუნეები)

(გადამისამართდა გვერდიდან ვარიანის ღვთისმშობლის ეკლესია (X-XI სს.))

ვარიანის ღვთისმშობლის ეკლესია – არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ადგილ ფუტუროებში, სასაფლაოზე. სავარაუდოდ თარიღდება X-XI საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (12,3 X 6,8 მ), ნაგებია დიდი ზომის რიყის ქვით, კონსტრუქციული ნაწილები მოყავისფრო შირიმის ქვისაა. ეკლესიას სამი შესასვლელი ჰქონდა. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ტიმპანით გადახურული თაღოვანი კარია. სამხრეთის და დასავლეთის შესასვლელების მხოლოდ წირთხლებია შემორჩენილი. ნალისებრი აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმლებია. მეორე სარკმელი სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთშია. აფსიდის ორივე მხარეს, კედელში, დაახლოებით 2,5 მ სიმაღლეზე, აფსიდიანი სამკვეთლო და სადიაკვნეა, რაც ეკლესიის თავისებურებას წარმოადგენს. აფსიდებში ვიწრო თაღოვანი სარკმლებია. სადიაკვნეში სწორკუთხა ნიშია. დარბაზის ორსაფეხურიანი პილასტრების პირველ საფეხურზე კედლის თაღები გადადის. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია საკურთხევლის სარკმლის მარცხენა ორნამენტირებული საპირე და სადა სათაური ქვა, აგრეთვე მარცხენა მცირე სარკმლის რელიეფურ-თავსართიანი სათაური ქვა. საკურთხევლის სარკმლის მსგავსი ორნამენტირებული საპირეთი იყო მოჩარჩოებული სამხრეთის სარკმელიც, რომლისაგანაც ქვედა ნაწილებიღაა შემორჩენილი. ჩრდილოეთ კარის ტიმპანის ძლიერ დაზიანებული ასომთავრული წარწერა X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.