ივანე ნანუაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ვანო ნანუაშვილი)

ივანე (ვანო) ნანუაშვილი (დ. 1 იანვარი, 1902, საქართველო — გ. 1974, აშშ) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლონეთის არმიის ოფიცერი, პოლიტიკური ემიგრანტი.

ბიოგრაფია რედაქტირება

ვანო ნანუაშვილი დაიბადა 1902 წლის 1 იანვარს. დაწყებითი განათლება 1912–1920 წლებში თბილისის მეხუთე საშუალო სკოლაში მიიღო. 1920–1921 წლებში სწავლობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლლიკის ოფიცერთა სკოლაში. იგი 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე ომის დროს, როგორც ოფიცერთა სკოლის იუნკერი საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ ვანო ნანუაშვილი სხვა ქართველ სამხედროებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. 1921 წლის აპრილ-ივნისში სტამბოლში იმყოფებოდა, შემდეგ, 1922 წლამდე ათენში საბერძნეთის სამხედრო აკადემიაში, ხოლო 1923–1925 წლებში ვარშავაში პოლონეთის სამხედრო აკადემიაში ირიცხებოდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, 1939 წელს, ვანო ნანუაშვილი, როგორც პოლონეთის არმიის წევრი იბრძოდა გერმენიის წინააღმდეგ. ერთ-ერთი ბრძოლის დრო იგი ტყვედ ჩავარდა. 1939–1944 წლებში იმყოფებოდა გერმანიის სამხედრო ტყვეობაში, საიდანაც 1944 წელს გაქცევა მოახერხა. ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ იბრძოდა იტალიაში.

ომის დასრულების შემდეგ, ვანო ნანუაშვილმა აქტიური სამხედრო კარიერა შეწყვიტა. იგი 1948 წლიდან ცხოვრობდა ლონდონში, ხოლო 1951 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 1951-1954 წლებში ნიუ-იორკში, 1954–1960 წლებში კი — ბოსტონში სხვადასხვა ფაბრიკებში მუშად მუშაობდა. 1960 წლიდან სიცოხლის ბოლომდე, 1974 წლამდე, სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა.

პოლიტიკური საქმიანობა რედაქტირება

 
ნანუაშვილის წიგნის „რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის შესახებ“ გარეკანი

ვანო ნანუაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით ემიგრაციაში აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდა. იგი არერთი ორგანიზაციის დამაარსებელი და აქტიური წევრი იყო. 1928 წელს მან სხვა ემიგრანტებთან ერთად საქართველოს ოფიცერთა ასოციაცია დააარსა, რომლის მდივანი იყო ცხრა წლის განმავლობაში. ვანო ნანუაშვილი საქართველოს სამხედრო და პოლიტიკური ჟურნალის „მხედარის“ რედაქტორის მოვალეობას ასრულებდა. ასევე იყო სან-ფრანცისკოს ქართული კერის პერიოდული ორგანოს („სან-ფრანცისკოს ქართული კერის“) გამოცემის ინიციატორი და განმხორციელებელი. ეს ორგანო ქართულ და ინგლისურ ენებზე იბეჭდებოდა. იყო აშშ-ში არსებული დაპყრობილი ერების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.

ვანო ნანუაშვილს ინგლისურ ენაზე დაწერილი აქვს სამხედრო-პოლიტიკური ნარკვევები. მან 1956 წელს ბოსტონში გამოსცა ნაშრომი „საბჭოთა კავშირის სიძლიერე და სისუსტე“. მისი ინგლისურენოვანი წიგნი „რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის შესახებ“ პოპულარობით სარგებლობდა აშშ-სა და ევროპაში.

ვანო ნანუაშვილი აქტიურად ეწეოდა აშშ-ში ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება