ვანაძეების ნაეკლესიარი

(გადამისამართდა გვერდიდან ვანაძეების ნასაყდრალი)

ვანაძეების ნაეკლესიარი, ვანაძეების ნასაყდრალი — ქართული ხუროთმოძღვრების შუაფეოდალური ხანის ძეგლი, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვანაძეებში.

ძეგლის აღწერა რედაქტირება

XIX საუკუნის 80-იან წლებში, ძეგლი პირველად არქეოლოგიურად შეისწავლა გრაფინია უვაროვამ. საყდრის იატაკი, როგორც გაწმენდისთანავე გამოირკვა, უსწორმასწორო ქვიშაფლებით ყოფილა მოგებული. ფანჯრის კვალი არ აღმოჩნდა. კარი დასავლეთის მხრიდან ჰქონდა. უვაროვას ვარაუდით ასეთივე კარი სამხრეთიდანაც შესაძლოა ჰქონოდა საყდარს.

საყდრის სიგრძე შიგნიდან 11 ადლი და 14 გოჯი, ხოლო კედლების სისქე 1 ადლი 13 გოჯი.

ეკლესია წაგრძელებულია. შიგნიდან მოპირკეთება შემონახულა მხოლოდ კედლის შუამდე და ნაწილობრივ საკურთხეველის ჩრდილო მხარეს. მოპირკეთების ფილები ჩამოცვენილია და უკლებლივ ეყარა საყდარში. რამდენიმე ფილაზე შეიმჩნეოდა მსუბუქი მობათქაშებისა და შავი და თეთრი საღებავებით შესრულებული ტალღისებური თუ მანდილისებური მოხატულობის კვალი.

კამარის ქვები შუა საყდარში ეყარა. თითოეული მათგანი სიგრძით 1 ადლი და 3 გოჯი ყოფილა, სიგანით — 7 ადლი, ხოლო სისქით — 5,5 გოჯი.

საყდარში უპოვნიათ ქვის კანკელი. საკურთხევლის ტიხრი იატაკიდან აღმართული იყო 7 გოჯზე.

აქვე იპოვნეს პილასტრები, სვეტები, ქვის კვადრატული ბოძი, ნაირნაირი ფილები, შუშის თეთრი ჭურჭლის ნამსხვრევები, ღვთისმშობლის პატარა ხატი, რკინის გასაღები, პატარა დანა, რამდენიმე ცალი ბრინჯაოსა და რკინის თმის სარჭი, ვერცხლის ბალთა და ღილები, აღმოსავლური მოხატულობით შუშის ჭრელი ფიალა. ასევე აღმოჩნდა ფაქიზად ნახელავი ქვის ბარელიეფი მხედრული წარწერით. წარწერა არ ყოფილა ფარული, მაგრამ უვაროვა ამ წარწერის შესახებ არაფერს აი იუწყება.

გარდა ამისა დიდი რაოდენობით უპოვნიათ ნიამორების და არჩვების რქები, ერთი ირმის რქა და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, ბატ., 1962, გვ., 33-34