ვალენტინე ეპისკოპოსი
ვალენტინე ეპისკოპოსი — მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა წმინდანი, მღვდელმოწამე. ქალაქ ინტერამნის (იტალია) ეპისკოპოსი. კათოლიკური ეკლესია ვალენტინე ეპისკოპოსს და წმინდა ვალენტინს, მოიხსენიებს ერთ დღეს 14 თებერვალს, ხოლო მართლმადიდებლები ვალენტინეს მოიხსენიებენ ახალი სტილით 12 აგვისტოს.
ვალენტინე ეპისკოპოსი | |
---|---|
ვალენტინე ეპისკოპოსის სხეული ტერნიში | |
წმინდანად შერაცხვა | 496 |
პერიოდი | III საუკუნე |
ვალენტინე იყო იტალიის ქალაქ ინტერამნის (ამჟამად ტერნი) ეპისკოპოსი. გამოირჩეოდა განკურნების შესაძლებლობით. მან განკურნა რომაელი არისტოკრატის კრატონის ძე ქერიმონი. ამის შემდეგ კრატონის მთელი ოჯახი გაქრისტიანდა. ვალენტინესმკურნალის სახელი გაუვარდა მოსახლეობაში. გააქრისტიანა მრავალი ადამიანი, მათ შორის იყო ქალაქისთავის ძე, აბუნდიც, რომელმაც ნათლისღების შემდეგ ყველას წინაშე აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ამის შემდეგ ვალენტინე დააპატიმრეს, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს და მრავალგვარი წამების შემდეგ საპყრობილეში გამოამწყვდიეს. მალე თავი მოკვეთეს.
მისმა მოსწავლეებმა მისი ცხედარი ქალაქ ინტერმანაში წაასვენეს და პატივით დაფლეს. IV საუკუნეში მის საფლავზე ბაზილიკა ააგეს, რომელიც რამდენიმე რეკონსტრუქციის შემდეგ ჩვენამდეა მოღწეული. ბაზილიკის მთავარ ალტარში დასვენებულია წმინდანის ნეშტი.