ვაკის ეკლესია

(გადამისამართდა გვერდიდან ვაკის ღვთისმშობლის ეკლესია)

ვაკის ეკლესია — განვითარებული შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში. მდებარეობს სოფლის განაპირას, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე.

ვაკის ეკლესია
ვაკის ეკლესია — საქართველო
ვაკის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°36′21″ ჩ. გ. 44°28′08″ ა. გ. / 41.606083° ჩ. გ. 44.468944° ა. გ. / 41.606083; 44.468944
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
ადგილმდებარეობა ვაკე
დეტალები

არქიტექტურა

რედაქტირება

ეკლესია დარბაზული ტიპისა. გეგმაში წარმოადგენს სწორკუთხედს (7,6 X 3,9 მ), აღმოსავლეთით ნალისებური ფორმის კონქით დამთავრებული ღრმა აფსიდით, რომელსაც ძირში დაბალი და ვიწრო საფეხური გასდევს. შესასვლელი მოთავსებულია სამხრეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთში. კარი შიგნიდან თაღოვანია, გარედან არქიტრავული. განათების წყაროს სამი ვიწრო თაღოვანი სარკმელი შეადგენს, რომლებიც განლაგებულია აღმოსავლეთის, სამხრეთისა და დასავლეთის კედლებზე. ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით. ეკლესიის გარეთა კედლები შემოსილია თლილი კვადრატებით. ფასადები მარტივია. ერთასფეხურიან ცოკოლზე მდგომი ბრტყელი კედლები პროფილის მქონე უჩუქურთმო კარნიზით მთავრდება. სამი სარკმლიდან მხოლოდ აღმოსავლეთისაა მორთული ორიგინალური წნული მოჩარჩოებით. ქვის კანკელისაგან ეკლესიის ინტერიერში მხოლოდ ფრაგმენტებიღაა დარჩენილი, იგი ეკლესიის აგების თანადროული უნდა იყოს. ინტერიერი შელესილი და მოხატული იყო.

ვაკის ეკლესიის აღმოსავლეთი სარკმლის თავზე ამოკვეთილია ცხრასტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. წარწერაში მოხსენიებულია ტაძრის ქტიტორი ასფან სვიერელის ასული და „მეფეთა მეფე აფხაზთა, ქართუელთა, კახთა, რანთა და სომეხთა“ (სახელი რთულად განირჩევა), რომლის მეფობის 27-ე ინდიქტიონსაც აუგიათ ეკლესია ღვთისმშობლის სახელზე. წარწერა 1950 წელს გამოაქვეყნა პარმენ ზაქარაიამ, რომელმაც ეკლესია სტილისტური ნიშნებით XIV საუკუნის დასაწყისს მიაკუთვნა, წარწერაში მოხსენიბულია მეფე გიორგი V ბრწყინვალედ მიიჩნია და, ამდენად, ტაძარი 1341 წლით დაათარიღა. 2020-იან წლებში წარწერის ხელახალი შესწავლის შემდეგ მიიჩნიეს, რომ ეკლესია აუგიათ წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელზე დავით IV აღმაშენებლის დროს, 1117/1118 წელს:

 
„სახელითა ღმრთისაითა, მეოხებითა ღმრთისმშობელისა, მე, ასფან, სვიერელისა ასულმან, ცოლმან ბენ (ბეშქენ) სანივაჯისა ძისამან აღვაშენე სამკვიდრებელი წმიდისა იოვანესი სალოცველად მამისა და დედისა ჩემისა, ზითევსა შინა ნამოძვარსა მათსა, სალოცველად ძმისა ჩემისა...მისა ...(ვაჰრა)მისა....ჩემისა ქავრითასა, დდ..... მისა....არს ჟ.... მეფობასა დავით მეფეთა მეფისა აფხაზთა, ქართუელთა, კახთა, რანთა და სომეხთა, ინდიგტიონსა კზ (27) მეფობისა მათისასა.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზაქარაია პ., XIV საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი სოფ. ვაკეში (თეთრიწყარო), «მეცნიერებათა აკადემიის მოამბე», 1950, № 3. — გვ. 195-202.
  • ზაქარაია პ., ვაკის ღვთისმშობლის ეკლესია // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 139.
  • ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი (ხელმძღვ. — თ. გოგოლაძე), თბ., 2022.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7213