ვაზისძირა (ლათ. Lamium amplexicaule) — 10-30 სმ სიმაღლის ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო ძირიდანვე მეტ-ნაკლებად დატოტვილია, უფრო იშვიათად – მარტოული; ზედა ნაწილში შებუსული, ღეროსეული ქვედა ფოთლები მოკლეყუნწიანია, ზედა ფოთლები მჯდომარეა, ღერომხვევი, გაბნეული მოკლე ბეწვით მოფენილი ან თითქმის შიშველი. ყვავილები შეკრებილია მრავალყვავილიან თავაკისებურ ჩხროებად, ჩხროები ურთიერთდაშორებულია ან ზედა ნაწილში მიახლოებული. გვირგვინი ხორცისფერ-წითელია ან ვარდისფერი. იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან ზედა სარტყლამდე მინდვრებში, ფერდობებზე, ბაღებში, ვენახებსა და რუდერალურ ადგილებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.