ვაზისუბნის ეკლესია დავითიანი

(გადამისამართდა გვერდიდან ვაზისუბნის ორმოცი მოწამის ეკლესია)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავითიანი (მრავალმნიშვნელოვანი).

ვაზისუბნის ეკლესია დავითიანი, ვაზისუბნის ორმოცი მოწამის ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი კახეთის მხარეში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბნიდან სამ კილომეტრში, წილიანახევის მარჯვენა ნაპირზე, დავითიანად წოდებულ ადგილზე, განეკუთვნება VII საუკუნეს.

ტაძარი მცირე ზომის გუმბათიანი ეკლესიაა, ნახევარწრიული აფსიდით და სამი თანაბარი სწორკუთხა მკლავით, რომლებიც ტოლგვერდების რვაკუთხედში არიან ჩაწერილი. შენობანაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით. რვაკუთხედისა და გუმბათის ყელის კუთხეები შირიმის ნათალი ქვითაა გამოყვანილი.

1984 წელს ეკლესიას ჩაუტარდა რესტავრაცია. შენობის ირგვლივ მოიხსნა მიწის 1-1,3 მეტრიანი ფენა. ლავგარდნის შემორჩენილი ნაწილის მიხედვით აეწყო მთელი გუმბათის ყელის ლავგარდანი.

ეკლესიას შესასვლელი ორი აქვს — სამხრთიდან და ჩრდილოეთიდან. ორივე კარს თარაზული გადახურვა აქვს. საკურთხევლის იატაკი დარბაზის იატაკზე ოდნავ ამაღლებულია. აფსიდში გაჭრილია ვიწრო და მაღალი სარკმელი. გუმბათი შიგნიდან და გარედან რვაწახნაგაა.

ეკლესიის ჩრდილოეთით 50 მეტრზე შემორჩენილია რიყის ქვითა და კირის ხსნარით ნაშენი ნაგებობის კვალი, რომლის სამხრეთით ათიოდე მეტრზე გალავნის კვალი შეიმჩნევა. ეკლესიის ირგვლივ დადასტურდა ქვის ფილებით შედგენილი სამარხები, რომლებიც გაძარცვულია. ეკლესიიდან ჩრდილოეთით ერთ ჰექტარზე ნასოფლარის კვალია. შემორჩენილია ქვიტკირის ნაგებობების ნაშთები.

ვაზისუბნის ორმოცი მოწამის ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა

რედაქტირება