ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში 1917 წელს

ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში 1917 წელს — არქეოლოგიური ექსპედიცია ისტორიულ სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილის ხელმძღვანელობით, მოეწყო 1917 წელს, საქართველოს საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოების დავალებით. ექსპედიცია მიზნად ისახავდა მოენახულებინათ და გამოეკვლიათ ჭოროხისა და თორთუმის ხეობის ძეგლები. ექსპედიციაში შედიოდნენ:

ჯგუფი ექსპედიციაში ფოტოგრაფის გარეშე გაემართა, რადგანაც ის კანდიდატები რომლებიც თაყაიშვილმა წამოაყენა, სამხედრო უწყებამ არ დააკმაყოფილა, ამასთანავე ამ დროისათვის ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფი დიმიტრი ერმაკოვი უკვე გარდაცვლილი იყო, რომელსაც სურდა აღნიშნულ ექსპედიციაში მონაწილეობის მიღება. შესაბამისად ფოტოგრაფობა დაევალა ჯგუფის ორ წევრს ილია ზდანევიჩს და მიხეილ ჭიაურელს. საქმის არცოდნამ თავისი შედეგი მაინც გამოიღო. მიუხედავად იმისა რომ მათ შეასრულეს მათზე დაკისრებული ვალდებულება, ნეგატივები გამჟღავნების შემდეგ აღმოჩნდა შედარებით მკრთალი.

ექსპედიციის დროის შერჩევარედაქტირება

1917 წელს ტაო-კლარჯეთში მოწყობილი ექსპედიცია რიგით მესამე იყო. როგორც ცნობილია რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878) ბერლინის კონგრესით დასრულდა, რომლის დროსაც დადგინდა რუსეთ-ოსმალეთს შორის ახალი სასაზღვრო ხაზი. ტაოს ნაწილი, ჭოროხისა და თორთუმის აუზი ოსმალეთს დარჩა. ამდენად, პირველ მსოფლიო ომამდე, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი საქართველოს მცხოვრებთათვის შეუძლებელი იყო ტაოს ნაწილის შესწავლა. 1914 წლის ნოემბერში საომარი მოქმედება დაიწყო კავკასიის ფრონტზე. დასაწყისში ოსმალებმა მოახერხეს ართვინის, არტაანისა და ბათუმის ოლქის დიდი ნაწილის ოკუპირება, თუმცა 1915 წლისათვის ვითარება შეიცვალა. რუსეთის იმპერიამ შეძლო თურქების შემოტევის შეჩერება და 1916 წლის დასაწყისიდან გადავიდა მძლავრ კონტრშეტევაზე. რუსეთის სამხედრო ნაწილებმა 16 თებერვალს ერზურუმი აიღეს, 5 აპრილს კი ტრაპიზონი. მათ ასევე დაიკავეს ერზინჯანი და ბითლისი. ამ ვითარებაში ტაოს ის ნაწილი (ჭოროხისა და თორთუმის ხეობა), რომელიც მანამდე ოსმალეთის საზღვრებში იყო მოქცეული, რუსეთის იმპერიის გავლენის ზონაში მოექცა. 1917 წლისათვის ფრონტზე ვითარება არ შეცვლილა, სწორედ ამით ისარგებლა ექვთიმე თაყაიშვილმა და ზაფხულში გაემგზავრა ტაოში.

1917 წელს ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციის დასრულებას, ფეხდაფეხ მოჰყვა რუსული ჯარი, რომელმაც ფრონტის ხაზი და აქედან გამომდინარე ტაო-კლარჯეთის მთელი ტერიტორია მიატოვა. თებერვლის რევოლუციამ კავკასიის ფრონტზე ქაოსი და არეუობა მოიტანა, ამას მოჰყვა არმიის დაშლა, ყარსის ოლქის, ართვინიისა და არტაანის მხარეების კვლავ ოსმალეთის შემადგენლობაში მოქცევა. მალე საზღვარიც ჩაიკეტა და რეგიონში ექსპედიცია თუ მოგზაურობა შემდეგი 70-80 წელი შეუძლებელი გახდა.

ექვთიმე თაყაიშვილი გრძნობდა ისტორიული მომენტის მნიშვნელობას, ამიტომ მან მაქსიმალურად გამოიყენა დრო და ექსპედიციის შესაძლებლობები. „სულ იმას ვშიშობდი — წერს მკვლევარი, — ის არ დაიკარგოს, ის არწახდეს, ყველაფერი აღვწერო, რაც შეიძლება მეტი გამოვსცე, გადმოვიღო, შევიძინო, შემოვაწირვინო, მუზეუმი შევქმნა, რომ შეინახოს ეს ყველაფერი-მეთქი და ასე მინდოდა ჩემი მუშაობა... სად მქონდა იმის დრო და საშუალება, რომ დავმჯდარიყავი და ნამდვილი გამოკვლევა მეწერა?! რაც მოვასწარი, ისიც მიკვირს?! როგორ არ მეზარებოდა?! როგორ ვახერხებდი ამდენ რამეს, პირდაპირ საკვირველია! ამას ყველაფერს იმისთვის ვაკეთებდი, რომ მერე გამოჩნდებოდნენ მკვლევარები და ყველაფერს შეისწავლიდნენ.“

ლადო გუდიაშვილი იგონებდა ექსპედიციის დეტალებს წერდა: „... რუსეთ-ოსმალეთის ომი ჯერ კიდევ მძვინვარებდა. ფრონტის ხაზი, ხშირად, არცთუ ისე შორს იყო ჩვენგან. ცისარტყელების ნაცვლად, მძიმე არტილერიის უხილავი ყუმბარები და ხმა დაგვივლიდა. ამ რთულ ვითარებაში განსაკუთრებით ჩანდა დაუცხრომელი ზრუნვა ჩვენი ექსპედიციის მომმარაგებლის, თარჯიმანისა და ტრანსპორტის გამრიგებლის ალექსანდრე ციციშვილისა, ჩვენი ქვეყნისა და ძეგლების გულდაგული პატრონისა.“

მარშრუტირედაქტირება

1917 წლის ექსპედიციის მარშრუტი შემდეგნაირი იყო: 8 აგვისტოს საღამოს ჯგუფი თბილისიდან მატარებლით ყარსისკენ დაიძრა, მეორე დილას უკვე ყარსში იყვნენ. ექვთიმეს თქმით: „იმავე დღეს, ნასადილევს, ყარსიდან ავტომობილით წავედით დაბა მერდენეკში, კოლას (გელის) რაიონში, რომელიც 120 კმ-ით შორავს ყარსს. მაშინ იქ მშვენიერი გზატკეცილი გაეკეთებინა სამხედრო უწყებას ბუღა-თაფას ზეკარის მიმართულებით“. 10 აგვისტოს დილით ჯგუფი აგუნდირის ზეკარის (უღელტეხილით) მერდენეკიდან ქალაქ ოლთისში გაემგზავრა, ოლთისიდან კი ახპუსორის მაღალი ზეკარით თორთუმის ხეობაში გადავიდნენ. ექსპედიცია სარამოს უკვე ხახულში იყო. ექვთიმე დეტალურად აღწერს განვლილ მარშრუტს „მერდენიკიდან ოლთისამდის 20 კილომეტრია, ოლთისიდან ხახულამდის 90. რუსის ჯარის მიერ გაყვანილი გზა ადგილ-ადგილ გაფუჭებული იყო, მაგრამ ჩვენ ორი მანქნანით მაინც მშვიდობიანად ვიმგზავრეთ ხახულის ხევის დასაწყისამდის.“

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • გ. კალანდია, „ექვთიმე თაყაიშვილი და ტაო-კლარჯეთი“, თბ., 2017

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება