ეროვნული ფორუმი
ამ სტატიაში არის მითითებული გარკვეული წყაროები, მაგრამ აუცილებელია მათი სათანადოდ მითითება. |
ეროვნული ფორუმი — პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც 2006 წლის 15 დეკემბერს დაარსდა. პარტია არის ზომიერი კონსერვატიზმის მიმდევარი. წესდების მიხედვით, პარტიას მართავს პოლიტიკური საბჭო, რომელიც 7 წევრისაგან შედგება. გაერთიანების დევიზია „მებრძოლი ქართული სული“.
ეროვნული ფორუმი | |
---|---|
ისტორია | |
დაფუძნდა | 15 დეკემბერი, 2006 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | ზომიერი კონსერვატიზმი |
პოლიტიკური პოზიცია | მემარჯვენე-ცენტრიზმი |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
0 / 150 |
ფერები | |
შტაბ-ბინა |
ლვოვის ქ. #82, 0160 ტელ: (+995 32) 237 80 88 თბილისი |
forumi.ge |
ისტორია
რედაქტირებამოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება დაარსდა 2006 წლის 15 დეკემბერს. პირველი დამფუძნებელი კონფერენცია 2006 წლის დეკემბერში გაიმართა. პარტიის დამფუძნებლები იყვნენ: კახაბერ შარტავა, რევაზ შავიშვილი, ირაკლი მელაშვილი და გუბაზ სანიკიძე. წესდების მიხედვით, პარტიას მართავს პოლიტიკური საბჭო, რომელიც 7 წევრისაგან შედგება: კახაბერ შარტავა, გოჩა ჯაბიძე, რევაზ შავიშვილი, მალხაზ (სოსო) ვახტანგაშვილი, ანი მიროტაძე, ავთანდილ დავითაძე, ზურაბ ჩიკვაიძე.
დაფუძნების დღიდან პარტია აქტიურად მონაწილეობს ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, საგანმანათლებლო – კულტურულ პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, დემოკრატიული პრინციპების ერთგულების ნიშნით არ ერიდება საპროტესტო აქციებსა და მანიფესტაციებს (2006-2012 წწ.).
2008 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „ეროვნული ფორუმი“ წარმოდგენილი იყო ბლოკში – „გაერთიანებული ოპოზიცია – ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები“. ოფიციალური მონაცემებით არჩევნებში ბლოკმა 18% მიიღო, თუმცა, შედეგების გაყალბების გამო „ეროვნულმა ფორუმმა“, პროტესტის ნიშნად, საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად.
2010 წლის ნოემბერში ეროვნული ფორუმის წევრები შეუერთდნენ „სახალხო კრებას“ და მონაწილეობდნენ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციებში. 29 დეკემბერს ეროვნული ფორუმის წარმომადგენლებმა სახალხო კრების მიერ არჩეულ ორგანოებში უფლებამოსილება შეიჩერეს.[1] 2010 წლის 1 დეკემბერს ირაკლი მელაშვილმა და მისმა მეუღლემ მაგდა პოპიაშვილმა ეროვნული ფორუმი დატოვეს. ირაკლი პარტიის პოლიტიკური მდივანი იყო, ხოლო მაგდა-პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. ირაკლი მელაშვილის პარტიიდან წასვლის მიზეზად ასახელებდნენ აზრთა სხვადასხვაობას სახალხო კრებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ვერსია ეროვნული ფორუმის ლიდერებმა უარყვეს.[2]
2012 წლის დასაწყისში „ეროვნული ფორუმი“ კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სუბიექტი გახდა, რის შემდეგაც იგი აქტიურად მონაწილეობდა როგორც კოალიციის საპარლამენტო საარჩევნო პროგრამის და არაერთი მიმართულების განსაზღვრასა და ფორმირებაში, ისე საარჩევნო კამპანიაში.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემდეგ, „ეროვნული ფორუმი“ შედიოდა საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში 2013 წლის გაზაფხულამდე, ხოლო ამა წლის 5 მარტს „ეროვნულმა ფორუმმა“ შექმნა საპარლამენტო ფრაქცია (გუბაზ სანიკიძე, მალხაზ (სოსო) ვახტანგაშვილი, თემურ მაისურაძე, ანი მიროტაძე, გიორგი (გია) ხეჩინაშვილი) და 2016 წლის აპრილამდე საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში დარჩა. ამ პერიოდის განმავლობაში ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ფრაქცია სრულად იცავდა კოალიციური შეთანხმების პირობებს.
2014 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, „ეროვნულ ფორუმს“ საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს ადგილობრივ საკრებულოებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ეროვნული ფორუმის“ ლიდერები, საპარლამენტო ფრაქცია, ცენტრალური და რეგიონული ოფისები და პარტიის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ საპრეზიდენტო (2013 წ.) და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში (2014წ).
„ეროვნული ფორუმის“ რიგგარეშე მე-5 ყრილობაზე, რომელიც 2016 წლის 3 აპრილს გაიმართა, ფარული კენჭისყრის შედეგებზე დაყრდნობით, ხმების დიდი უმრავლესობით, დელეგატებმა მიიღეს გადაწყვეტილება „ეროვნული ფორუმის“ კოალიციიდან გასვლისა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე.
2016 საპარლამენტო არჩევნებზე ფორუმმა ხმათა 0,73% მიიღო და პარლამენტს მიღმა დარჩა, რის შემდეგაც პარტია ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ დატოვა, რომელიც მოგვიანებით დემოკრატიულ მოძრაობას შეუერთდა. 2017 წლის 16 ივნისს საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „შენების მოძრაობის“ პრეზენტაცია გამართა. „შენების მოძრაობას“ შეუერთდნენ „ეროვნული ფორუმის“ ყოფილი წევრები კახა შარტავა და რევაზ შავიშვილი.[3]
პროგრამული პრიორიტეტები
რედაქტირება- ეროვნული სახელმწიფო, მისი ფუნქცია და უსაფრთხოება
- ეკონომიკური სისტემის რეალური რეფორმა და რეალური ინსტიტუციური ცვლილებები
- განათლებისა და მეცნიერების ეროვნული პოლიტიკა
- ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვა
- თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარების მისაწვდომობას, თანასწორუფლებიანობასა და ხარისხს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით მოსახლეობის კეთილდღეობას
- საპენსიო სისტემის მოწესრიგება და რეალური რეფორმირება
- საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები და მიგრაციის საკითხები
- სამართლიანი სასამართლო
ორგანიზაციული სტრუქტურა
რედაქტირებაპარტიამ დაარსებიდან მოკლე პერიოდში შეძლო პარტიული სტრუქტურის აწყობა, პრაქტიკულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ქალაქ თბილისის პარტიის ცენტრალური ოფისი და აგრეთვე, ქალაქ ბათუმსა და გურჯაანში ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისები. მოქმედებს 17 საინიციატივო ჯგუფი, რომელთა ოფიციალურად დაფუძნება ახლო მომავალში იგეგმება.
პარტიის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოა პოლიტიკური საბჭო, რომელიც წარმართავს პარტიის საქმიანობას.
პარტიის მაკონტროლებელი ორგანოა სარევიზიო კომისია.