ერაყის აჯანყება — ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყება ერაყში ინგლისელთა ბატონობის წინააღმდეგ 1920 წელს. აჯანყების უშუალო მიზეზი გახდა სან-რემოს კონფერენციის (1920 წლის აპრილი) გადაწყვეტილება არაბული ქვეყნების გაყოფის შესახებ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის. აჯანყება დაიწყო 30 ივნისს ქალაქ ელ-რუმაითაში, აგვისტოსათვის გავრცელდა არაბებით დასახლებულ ყველა სამიწათმოქმედო რაიონსა და ნაწილობრივ ქურთულ ოლქებშიც. ინგლისური ადმინისტრაციის ხელში რჩებოდა ბაღდადი, მოსული, ბასრა და შუა ტიგრის რაიონი. აჯანყების მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო გლეხობა, განსაკუთრებით ევფრატის შუა წელზე დასახლებული ნახევრად ბინადარი ტომები. აჯანყებას ხელმძღვანელობდნენ ტომის შეიხები და შიიტი ღვთისმეტყველები.

განთავისუფლებულ რაიონებში აჯანყებულებმა შექმნეს რევოლუციური ხელისუფლების ორგანოები, მაგრამ ცალკეული რაიონები ერთმანეთისაგან გათიშული იყო. ინგლისელებმა ისარგებლეს აჯანყების სტიქიურობით და 1920 წლის ოქტომბერში 65 000-იანი არმიით გაანადგურეს აჯანყებულთა ძირითადი ძალები. ერაყის აჯანყებამ დიდი გავლენა მოახდინა ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე. დიდი ბრიტანეთი იძულებული გახდა უარი ეთქვა ერაყში აშკარა კოლონიალისტური რეჟიმის დამყარებაზე. 1920 წლის აჯანყებას ერაყელი ხალხი „უკვდავ ეროვნულ რევოლუციას“ უწოდებს.

ლიტერატურა რედაქტირება