„ეპისტოლეთა წიგნი“ (სომხ. Գիրք թղթոց) — შუა საუკუნეების სომხური საკლესიო და რელიგიური დოკუმენტების კრებული. მასში დაცულია ქრისტიანული დოგმატიკისა და საეკლესიო პრაქტიკის შესახებ სომხური ეკლესიისა და სახელმწიფო მესვეურთა მიმოწერა სხვა ქვეყნების ეკლესიების იერარქებთან V–XIII საუკუნეებში. კრებულმა ჩვენამდე მოაღწია ერთადერთი, 1298 წლით დათარიღებული, ხელნაწერის სახით, რომელიც 1901 წელს დაიბეჭდა თბილისში.

ქართველოლოგიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ეპისტოლეთა წიგნის“ I ნაწილი (V–VII საუკუნეები), რომელიც, შედგენილი უნდა იყოს VII საუკუნის I ნახევარში (ცურტავის ყოფილი ეპისკოპოსის მოსეს ან კომიტას სომეხთა კათოლიკოსის მიერ) ან კიდევ VIII საუკუნის დამდეგს (სომეხთა კათოლიკოს იოანე ოძუნელის მიერ). იგი შედგება ეპისტოლეთა 3 ჯგუფისაგან: 1. მიმოწერა ბერძნებთან; 2. მიმოწერა ირანის ქვეშევრდომ ქრისტიან ხალხებთან; 3. მიმოწერა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკლესიათა მეთაურებთან.

III ჯგუფის მასალა ძირითადად ასახავს VII საუკუნის დამდეგს ქართველთა და სომეხთა შორის მომხდარ საეკლესიო განხეთქილებას. მასში შედის 25 ეპისტოლე, რომლებიც დაიწერა 605–610 წლებში, მისი ავტორები არიან კირონ ქართლის კათოლიკოსი, აბრაჰამ სომეხთა კათოლიკოსი, ვრთანეს ქერდოლი, მოსე ცურტაველი, სმბატ ბაგრატუნი და ცურტავის სომხურენოვანი მრევლი. ამ ჯგუფის ზოგი ეპისტოლე შემოგვინახა რამდენიმე გვიანდელმა ხელნაწერმა, რომელიც ინახება ვენაში, ერევანსა და თბილისში. გარდა ამისა, აბრაჰამ სომეხთა კათოლიკოსის III ეპისტოლის დიდი ნაწილი შეტანილია „სარწმუნოების ბეჭდის“ სახელით ცნობილ კრებულში, რომელიც გამოქვეყნებულია 1914 ეჩმიაძინში ერთადერთი XIV საუკუნის ხელნაწერის მიხედვით. მიმოწერა ქართველებსა და სომხებს შორის გარკვეული რედაქციული ცვლილებით შემონახული აქვს აგრეთვე X ს. სომეხ ისტორიკოსს უხტანესს. მანვე ე. წ. შეავსო 2 ნაკლული წერილით (მოსე სომეხთა კათოლიკოსისა და კირონ ქართლის კათოლიკოსის მიმოწერა), რომელთა ქართული ვარიანტები თბილისში იპოვა და სომხურად ათარგმნინა.

VII საუკუნის დამდეგს კავკასიაში მომხდარი საეკლ. განხეთქილების შესახებ არსებულ მრავალრიცხოვან სომხურ წყაროებს შორის „ეპისტოლეთა წიგნი“ ყველაზე სანდო და მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი ოფიციალური დოკუმენტების კრებულია. მიუხედავად ამისა, მას მაინც ეტყობა გვიანდელი ხანის რედაქტორებისა და გადამწერთა შემოქმედების კვალი.

სომეხ-ქართველთა მიმოწერის ისტორია

რედაქტირება

605 ბოლოს ქართლიდან სომხეთში გაიქცა ცურტავის სომეხი ეპისკოპოსი მოსე, რომელიც იძულებული გახდა ჰოვანავანქში შეჩერებულიყო. ვინაიდან მოსე სომეხთა კათოლიკოსი გარდაცვლილი იყო და ჯერ ახალი არჩევნები არ შემდგარიყო, მან წერილით მიმართა სომხეთის კათოლიკოსის ადგილის მცველს ვრთანეს ქერდოლს ქართლის ეკლესიაზე საჩივრით და განაცხადა, რომ ქართლის ეკლესიამ კირონ კათოლიკოსის მეთაურობით უღალატა „მართლმადიდებლურ სარწმუნოებას“, ქალკედონის კრების სიმბოლო აღიარა, რის გამოც მან ხმა აიმაღლა. საპასუხოდ ქართლის ეკლესიის მეთაურებმა დევნა დაუწყეს და ისიც იძულებული გახდა თავი სომხეთისათვის შეეფარებინა. მოსე ცურტაველის შეგონებით ვრთანეს ქერდოლს საჩივრის წიგნი გაუგზავნა ცურტავის სომხურენოვანმა მრევლმა. ვრთანესმა ამ წერილზე სანუგეშო პასუხები გაუგზავნა მრევლს. მანვე ერთი ეპისტოლით მიმართა კირონსა და ქართლის მთავრებს (ადარნასეს, ვაჰანსა და ბუზმირს), ხოლო მეორე საკუთრივ გაუგზავნა პეტრე ეპისკოპოსს, რომელიც ქართლში მონოფიზიტობის დამცველად ეგულებოდა. ვრთანესის წერილმა კირონი განარისხა და ქართველებმა იგი უპასუხოდ დატოვეს. ამასობაში სომხეთში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: სპარსეთიდან სამშობლოში დაბრუნდა გურგენის მარზპანი სმბატ ბაგრატუნი; კათოლიკოსად აირჩიეს აბრაჰამ ალბათანეცი. ორივე მათგანი მაშინვე ჩაერთო ქართლის ეკლესიასთან პოლემიკაში. გარდა სარწმუნოების შეცვლისა, სომხები ქართველებს ურჩევდნენ ცურტავში სომხ. მღვდელმსახურების მოშლას. როდესაც კირონ ქართლის კათოლიკოსზე არ გაჭრა აბრაჰამის სამმა წერილმა, სომხეთის კათოლიკოსმა 608 წლის ენციკლიკური ეპისტოლით მოუწოდა თავის სამწყსოს, ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტა ქართულ და მის მომხრე ალბანურ ეკლესიასთან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ეპისტოლეთა წიგნი. სომხური ტექსტი ქართული თარგმანით და კომენტარებით გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 1968.
  • ალექსიძე ზ., მასალები დვინის 506 წლის საეკლესიო კრების ისტორიისათვის, «მაცნე». ისტ. არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1973, N3.
  • მელიქსეთ-ბეგი ლ., სომხური ეპისტოლეთა წიგნის ახალი ვარიანტი და პეტრე იბერიელის მოწაფე იოანე მაიუმელი, «საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1941, ტ. 11B. უხტანესი, ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1975.
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1960 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1, თბ., 1979).
  • ალექსიძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
  • Джавахов И. А., История церковного разрыва между Грузией и Арменией в начале VII века, «Известия Академии наук», VI серия, 1908, №5.