ენამთის სამაროვანი
ენამთის სამაროვანი — ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულისა და I ათასწლეულის დასაწყისის არქეოლოგიური ძეგლი სოფ. ყარაღაჯის (სიღნაღის მუნიციპალიტეტი) სამხრეთ-აღმოსავლეთით 5–6 კმ-ზე, წნორი–სამთაწყაროს ტრასის მარჯვენა მხარეს. არქეოლოგიური კვლევა ჩატარდა 1984 წელს (კ. ფიცხელაური, მ. კინწურაშვილი).
გაითხარა ქვაყრილიანი 2 კრომლეხი და მათში ჩაშვებული 6 ორმოსამარხი. სამარხი ორმოები (2,1 მ × 1,4 მ; 2,1 მ × 1,7 მ) გადახურული იყო ქვის ძელებით. ყველა მიცვალებული ესვენა ტყავით მოფენილ იატაკზე, მარჯვენა გვერდზე, კიდურებმოხრილი, თავით სამხრეთ-დასავლეთისკენ. ჩატანებული ჰქონდათ ქვიშანარევი თიხისაგან სამეთუნეო მორგვზე დამზადებული ჭურჭელი, რომელთა უმრავლესობა შემკულია კონცენტრული წრეებით, ღარებით, ნაჭდევებით, ნაპრიალები ორნამენტით. გამოვლინდა აგრეთვე ბრინჯაოს მთლიანადსხმული შუბისპირი, ლითონის თხელი ფურცლისაგან დამზადებული მახვილი, ბრინჯაოს ცული.
სამაროვანზე გამოვლენილი ჩაშვებული ორმოსამარხები (1,0 მ × 0,7 მ; 1,3 მ × 1,0 მ) დაზიანებულია. არის სარეცლიანი სამარხებიც. მიცვალებულებს კრძალავდნენ მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე მოხრილი კიდურებით, თავი მიმართული აქვთ ჩრდილო-დასავლეთით. მოპოვებული სამარხეული მასალიდან აღსანიშნავია ქვიშანარევი თიხისაგან მორგვზე დამზადებული რუხი ნაცრისფერი და მოშავო ყავისფერი დოქები, ტოლჩა, ქოთანი, ლანგარი. მათი ზედაპირი შემკულია კონცენტრული ღარებითა და ნაჭდევებით. ზოგ მათგანზე ზოომორფული ფიგურებია. გამოვლინდა აგრეთვე ბრინჯაოს რკალგახსნილი სამაჯური, ბრინჯაოს თავდაბრტყელებული მახათი და ზღვის ნიჟარა. მასალა ინახება გურჯაანის საცავში.
ლიტერატურა
რედაქტირება- კინწურაშვილი მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 669.