ენათა ოჯახები

(გადამისამართდა გვერდიდან ენათა ოჯახი)

ენათა ოჯახები — დედამიწაზე გავრცელებული ენების დაჯგუფება მათი ისტორიული ნათესაობის მიხედვით. ენები, რომლებიც ერთი საერთო წინარე ენიდან არიან წარმოქმნილნი, ერთ ოჯახში არიან გაერთიანებულნი. ენათა ოჯახები თავის მხრივ იყოფიან ჯგუფებად და ქვეჯგუფებად და ამგვარად იქმნება ენათა ხისებრი სტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ ენათა კლასიფიკაციის შესახებ ერთი აზრი არ არსებობს, ამიტომ ნებისმიერი სტრუქტურა გარკვეულ პირობითობას გულისხმობს.

ენების გავრცელება პლანეტაზე
ენათა ოჯახები ევროპაში

ენათა ოჯახი წარმოადგენს მონათესავე ენათა ყველაზე მსხვილ დაჯგუფებას. მაგრამ ერთი ოჯახის ფარგლებში, თუ იგი მრავალრიცხოვანია, შესაძლებელია გამოიყოს შედარებით მცირე ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს უფრო მჭიდროდ უკავშირდებიან, ვიდრე იმავე ოჯახის სხვა ენებს. ერთმანეთთან უფრო ახლოს მყოფი ენების ასეთ ჯგუფებს — ერთი და იმავე ოჯახის შიგნით — ჩვეულებრივ აღნიშნავენ ტერმინით: „ენათა შტო“ (ამა თუ იმ ოჯახისა). ასე, მაგალითად: ინდოევროპული ენების შიგნით გამოიყოფა შტოები: ინდური, ირანული, სლავური, გერმანული, რომანული, კელტური ენებისა... თავის მხრივ შტოც შეიძლება იყოფოდეს უფრო მცირე ჯგუფებად; მაგალითად, ინდოევროპული ენების სლავურ შტოში გამოიყოფა: აღმოსავლურ სლავური, დასავლურ სლავური, სამხრულ სლავური ენები.

ქვედა სიაში მოტანილი კლასიფიკაცია კონსერვატიულიად ითვლება, ვინაიდან იგი ასახავს ენათა დაყოფას ისეთ ოჯახებად, რომელთა ნათესაობა დიდი ხნის დამტკიცებულია. ამასთან ერთად, ზოგიერთი ოჯახები გაერთიანებულია გეოგრაფიული პრინციპით, მაგალითად „ინდიელთა ენები“, რომელიც ფაქტობრივად ოჯახების გაერთიანებაა. ასევე პირობითია „კავკასიური ენების“ ოჯახი, ვინაიდან საბოლოოდ არაა გარკვეული ჩრდილოკავკასიური (აფხაზურ-ადიღური, ნახურ-დაღესტნური) და სამხრეთკავკასიური (ქართველური) ენების გენეტიკური ნათესაობა.

  1. ავსტრაზიული ენები
  2. ავსტრალიური ენები
  3. ავსტრონეზიული ენები
  4. ალთაური ენები
  5. აფრაზიული ენები
  6. დრავიდული ენები
  7. ესკიმოსურ-ალეუტური ენები
  8. ინდიელთა ენები
  9. ინდოევროპული ენები
  10. კავკასიური ენები
  11. კოისანური ენები
  12. ნიგერ-კონგოს ენები
  13. ნილოტური ენები
  14. პაპუასური ენები
  15. ურალური ენები
  16. ჩინურ-ტიბეტური ენები

ცალკეა გამოყოფილი ენები, რომელთა მიკუთვნება რომელიმე ცნობილი ოჯახისათვის შეუძლებელია, მაგალითად: ბასკური, იაპონური, კორეული და სხვა. მათ იზოლირებულ ენებს უწოდებენ.


იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • არნ. ჩიქობავა, „ენათმეცნიერების შესავალი“, თბ., 2008წ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება