ელეანორ დე როი (ფრანგ. Eléanor de Roye; დ. 24 თებერვალი, 1535 — გ. 23 ივლისი, 1564) — როსის გრაფ შარლ დე როის ქალიშვილი. კონდეს პირველი პრინცესა როგორც ლუი I-ის მეუღლე და მისი რვა შვილის დედა.

ელეანორ დე როი
კონდეს პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 22 ივნისი, 1551
მმართ. დასასრული: 23 ივლისი, 1564
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრე: ფრანსუაზ ორლეანელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 თებერვალი, 1535
დაბ. ადგილი: ლუარე, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 23 ივლისი, 1564, (29 წლის)
გარდ. ადგილი: ენა, საფრანგეთი
მეუღლე: ლუი I, კონდეს პრინცი
შვილები: 8 შვილი
მამა: შარლ დე როი
დედა: მადლენ დე მაილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ელეანორი დაიბადა 1535 წლის 24 თებერვალს, საფრანგეთის ცენტრში მდებარე რეგიონ ლუარეში. იგი იყო როსის გრაფისა და როის ბატონ შარლ დე როისა და მისი მეუღლის, მადლენ დე მაილის ქალიშვილი. დედამისი იყო საფრანგეთის დედოფალ ელეანორ ავსტრიელის (ვის პატივსაცემადაც დაარქვეს მას სახელი) ფრეილინა ლუიზ დე მონმორანსის უფროსი და საყვარელი ქალიშვილი, რის გამოც მადლენი და ელეანორი ყოველთვის ახლოს იყვნენ დედოფალთან და სამეფო კართან.

1551 წლის 22 ივნისს ელეანორი ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფის ბიძაშვილს, ნავარის მეფე ანტუან დე ბურბონის უმცროს ძმას, კონდეს პრინც ლუი I-ს. ქორწინებისას ელეანორი 16 წლის იყო. ცნობილია, რომ ამ დროს იგი უკვე ჰუგენოტი იყო და სწორედ მან ითამაშა დიდი როლი ლუის ჰუგენოტთა მხარეს გადასვლაში. ბედნიერ წყვილს ქორწინებაში სულ რვა შვილი შეეძინა, რომელთაგან მხოლოდ ორმა ვაჟმა მიაღწია ზრდასრულობამდე.

საფრანგეთის რელიგიური ომების განმავლობაში, ელეანორი და დედამისი მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ კონდეს გადაწყვეტილებებზე. აღსანიშნავია, რომ ლუი და ინგლისის დედოფალი ელიზაბეთ I სწორედ ელეანორმა დააკავშირა ერთმანეთს და გააერთიანა ისინი ფრანგი კათოლიკეების წინააღმდეგ საბრძოლველად. ელეანორს სძულდა კათოლიკობის დამცველი გიზების დინასტია და გამუდმებით ებრძოდა მათ. ასევე ცნობილია, რომ 1562 წელს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებისას მოლაპარაკებებს ორივე მხრიდან ქალები აწარმოებდნენ: კათოლიკეებს დედა-დედოფალი ეკატერინე მედიჩი, ხოლო ჰუგენოტებს ელეანორ დე როი წარმოადგენდნენ. მათმა მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო და საფრანგეთში რამდენიმე წლით რელიგიური ომები შეწყდა, თუმცა მის განახლებას თავად ელეანორი ვეღარ მოესწრო, რადგან იგი 1564 წელს, 29 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა ქმარმა, მისი გარდაცვალებიდან სულ ერთ წელიწადში იქორწინა ფრანსუაზ ორლეანელზე.

  1. ანრი (1552-1588), კონდეს პრინცი, პირველად ცოლად შეირთო მარია კლეველი, რომელთანაც ერთი გოგონა შეეძინა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა შარლოტ კატრინ დე ლა ტრემუალზე, რომელთანაც ერთი ვაჟი და ერთი გოგონა შეეძინა;
  2. მარგარიტა (1556), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. შარლი (1557), გარდაიცვალა ჩვილი;
  4. ფრანსუა (1558-1614), კონტის პრინცი, ცოლად შეირთო ჟანა დე კუზმი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა ლუიზა მარგარიტა დე ლორენზე, თუმცა შვილები არც მასთან ჰყოლია;
  5. შარლი (1562-1594), ლუის ტყუპისცალი, რუანის ეპისკოპოსი და კათოლიკე კარდინალი;
  6. ლუი (1562), შარლის ტყუპისცალი, გარდაიცვალა ჩვილი;
  7. მადლენი (1563), გარდაიცვალა ჩვილი;
  8. კატრინი (1564), გარდაიცვალა ჩვილი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Jules Delaborde, "Éléonore de Roye, Princesse de Condé, 1535-1564", Librairie Sandoz et Fischbacher, 1876
  • Knecht, R.J. (2000). The French Civil Wars. Pearson Education Limited.
  • Lachèvre, Frédéric (1917). "Poésies inédites de Jacques Grévin". Revue d'Histoire littéraire de la France (in French).
  • Laoutaris, Chris (2014). Shakespeare and the Countess: The Battle that Gave Birth to the Globe. Penguin Books Limited. ISBN 978-0-241-96021-9.
  • Thompson, James Westfall (1915). The Wars of Religion in France, 1559-1576: The Huguenots, Catherine de Medici and Philip II. The University of Chicago Press.