ელეანორა პორტუგალიელი (სრი)
ელეანორა პორტუგალიელი (დ. 18 სექტემბერი 1434 — გ. 3 სექტემბერი 1467) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის ინფანტა. პორტუგალიის მეფე დუარტე I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ელეანორა არაგონელის ქალიშვილი. საღვთო რომის იმპერატრიცა 1452-1467 წლებში როგორც ფრიდრიხ III-ის მეუღლე. საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ის დედა.
ელეანორა პორტუგალიელი | |
---|---|
საღვთო რომის იმპერატრიცა და რომაელ გერმანელთა დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 16 მარტი 1452 |
მმართ. დასასრული: | 3 სექტემბერი 1467 |
წინამორბედი: | ბარბარა ცელიელი |
მემკვიდრე: | ბიანკა მარია სფორცა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 18 სექტემბერი 1434 |
დაბ. ადგილი: | ტორეშ-ვედრაში, პორტუგალია |
გარდ. თარიღი: | 3 სექტემბერი 1467 (32 წლის) |
გარდ. ადგილი: | ვინერ-ნოიშტადტი, საღვთო რომის იმპერია |
მეუღლე: | ფრიდრიხ III, საღვთო რომის იმპერატორი |
შვილები: |
მაქსიმილიან I, საღვთო რომის იმპერატორი კუნიგუნდა, ბავარიის ჰერცოგინია |
დინასტია: | ავისი |
მამა: | დუარტე I, პორტუგალიის მეფე |
დედა: | ელეანორა არაგონელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაელეანორა დაიბადა 1434 წლის 18 სექტემბერს, ტორეშ-ვედრაში, იგი იყო პორტუგალიის მეფე დუარტე I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ელეანორა არაგონელის ერთ-ერთი ქალიშვილი, მათი ცხრა შვილიდან. ის ოჯახში მესამე ქალიშვილი იყო, თუმცა მისი ორი უფროსი და ადრეულ ასაკში გარდაიცვალა, რის გამოც იგი უფროს ქალიშვილად ითვლებოდა.
ელეანორას მამა მის მეოთხე დაბადების დღემდე ხუთი დღით ადრე გარდაიცვალა. ამის შემდეგ პორტუგალიაში ელეანორის უმცროსი ძმა, აფონსუ V გამეფდა. ამ დროს დედამისი ორსულად იყო, მარტში კი მან კიდევ ერთი ქალიშვილი გააჩინა. გოგონას ხუანა დაარქვეს და შემდგომში ის კასტილიის მეფე ენრიკე IV-ის საყვარელი მეუღლე და კასტილიის დედოფალი გახდა.
1440 წელს აჯანყებულმა პორტუგალიელებმა ელეანორის ძმა, კოიმბრის ჰერცოგი. ამის შემდეგ ელეანორის დედა იძულებული გახდა შვილებთან ერთად კასტილიაში გაქცეულიყო. როცა ისინი პორტუგალიაში დაბრუნდნენ ელეანორ არაგონელი უკვე მძიმედ იყო ავად.
იმპერატრიცა
რედაქტირებაელეანორისათვის საქმროს შერჩევა მამიდამისს, ისაბელა პორტუგალიელს დაევალა. მას ხელი სთხოვა არაგონისა და ნეაპოლის მეფე ალფონსო V-მ, თუმცა დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო უარი უთხრეს. ელეანორი მალე დანიშნეს საფრანგეთის მეფე შარლ VII-ის უფროსი ვაჟის, საფრანგეთის დოფინის ლუი დე ვალუას საცოლედ, თუმცა მას შემდეგ რაც ელეანორის ხელი საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ III-მ ითხოვა, ფრანგებთან ნიშნობა გაუქმდა. საქორწინო მოლაპარაკებები 1451 წელს შედგა ნეაპოლში. შეთანხმების მიხედვით ელეანორა საქმროსთან შესახვედრად გემით უნდა წასულიყო. ამ პერიოდში ხმელთაშუა ზღვაზე მეკობრეები თარეშობდნენ და ზღვაზე გადაადგილების ყველას ეშინოდა. მალე გავრცელდა ჭორები, რომ ელეანორი მეკობრეებმა მოიტაცეს, თუმცა სიცრუე აღმოჩნდა. ელეანორა და ფრიდრიხი ერთმანეთს ქალაქ სიენაში შეხვდნენ. საქორწინო ცერემონიალი ქალაქ რომში ჩატარდა, ხოლო საზეიმო ღონისძიებები ნეაპოლის მეფის ორგანიზებული იყო.
ელეანორი და ფრიდრიხი რადიკალურად განსხვავებული ადამიანები იყვნენ და ერთად არასდროს ყოფილან ბედნიერები. ელეანორი იყო ცბიერი, ამბიციური და დაუმორჩილებელი ქალი, რომელიც ხშირად მონაწილეობდა ინტრიგებში, ხოლო ფრიდრიხი ზედმეტად ფხიზელი და მოსაწყენი კაცი იყო. ელეანორს უყვარდა ცეკვა, აზარტული თამაშები და ნადირობა, ფრიდრიხს კი ეს ყველაფერი არ ხიბლავდა. ფრიდრიხმა ელეანორას პორტუგალიელებით სავსე გარემო შეუქმნა, რათა თავი სამშობლოსგან მოწყვეტილად არ ჩაეთვალა. ფრიდრიხმა ელეანორი დაადანაშაულა მათი რამდენიმე შვილის გარდაცვალებაში, რადგან ითვლებოდა, რომ ისინი პორტუგალიური საჭმლით მოიწამლნენ. ამის შემდეგ ფრიდრიხმა შვილების აღზრდა საკუთარ თავზე აიღო. ვენის ალყის დროს, ხალხი იძულებული გახდა ვირთხები, კატები და ძაღლები ეჭამათ, ელეონორი კი ხალხზე ფიქრით თავს არ იწუხებდა. არსებობს ისტორიული ნარკვევები, რომლებშიც წერია, რომ ელეანორი ვენის ალყის დროს სასახლეში ექსტრავაგანტულად, ფუფუნებაში და მფლანგველურად ცხოვრობდა. მან ვენის სასახლეში პატარა პორტუგალია მოიწყო. რაც საშინლად აისახებოდა ფრიდრიხის ისედაც გაკოტრებულ ხაზინაზე.
ელეანორ პორტუგალიელი გარდაიცვალა 1467 წლის 3 სექტემბერს, 32 წლის ასაკში.
ქორწინება და შვილები
რედაქტირება1452 წლის 16 მარტს ქალაქ რომში, ელეანორა დაქორწინდა საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ III-ზე. სამი დღის შემდეგ, მოეწყო მისი კორონაცია. 19 მარტს ის საღვთო რომის იმპერატრიცად თვით რომის პაპმა ნიკოლოზ V-მ აკურთხა, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში.
ფრიდრიხ მესამესთან ელეანორს ხუთი შვილი შეეძინა:
- ერცჰერცოგი კრისტოფერი (16 ნოემბერი 1455 - 21 მარტი 1456)
- მაქსიმილიან I (22 მარტი 1459 - 12 იანვარი 1519), საღვთო რომის იმპერატორი. იქორწინა 3-ჯერ: მერი ბურგუნდიელზე, ანა ბრეტონელზე და ბიანკა მარია სფორცაზე.
- ერცჰერცოგინია ჰელენა (3 ნოემბერი 1460 - 28 თებერვალი 1461)
- ერცჰერცოგინია კუნიგუნდა (16 მარტი 1465 - 6 აგვისტო 1520), ცოლად გაჰყვა ბავარიის ჰერცოგ ალბერტ IV-ს.
- ერცჰერცოგი იანი (9 აგვისტო 1466 - 10 თებერვალი 1477)
ლიტერატურა
რედაქტირება- Sigrid-Maria Größing, AEIOU - Glück und Unglück im österreichischen Kaiserhaus, Verlag Amalthea ISBN 979-3-85002-633-8