ელდარ (ლუკა) კურტანიძე (დ. 16 აპრილი, 1972, ქვემო ფშაფი, გულრიფშის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე. მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 2012 წლის დეკემბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე.

ელდარ კურტანიძე
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი ელდარ კურტანიძე
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 16 აპრილი, 1972 (1972-04-16) (51 წლის)
დაბ. ადგილი ქვემო ფშაფი, გულრიფშის რაიონი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 173 სმ
წონა 96 კგ
სპორტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი თავისუფალი ჭიდაობა
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ბრინჯაო ატლანტა 1996 90 კგ.
ბრინჯაო სიდნეი 2000 97 კგ.
მსოფლიო ჩემპიონატი
ვერცხლი ტორონტო 1993 90 კგ.
ბრინჯაო კრასნოიარსკი 1997 97 კგ.
ოქრო თეირანი 2002 96 კგ.
ოქრო ნიუ-იორკი 2003 96 კგ.
ვერცხლი ბუდაპეშტი 2005 96 კგ.

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოთის ფილიალი, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სპორტული კარიერა რედაქტირება

კურტანიძე 1992 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. ამის შემდეგ ის 5-ჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი (1996, 1997, 1998, 2001, 2005). ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა 1993, 1995, 2002 წლებში, ხოლო 1999 წელს მესამე ადგილს დასჯერდა. კურტანიძე არის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2002, 2003), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე (1995) და მესამე პრიზიორი (1999).

ორჯერ აიღო ბრინჯაოს ოლიმპიური მედალი: ატლანტის ოლიმპიურ თამაშებში 1996 წელს და სიდნეის ოლიმპიურ თამაშებში 2000 წელს. ასევე მონაწილეობდა ათენის ოლიმპიადაზე (2004), სადაც მერვე ადგილი დაიკავა.

კურტანიძე სამჯერ დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად (1996, 2002, 2003). არის ღირსების ორდენის, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი.

პოლიტიკური საქმიანობა რედაქტირება

2010 წლის 4 ივნისს ლუკა კურტანიძე ნინო ბურჯანაძის ოპოზიციურ პარტიას, „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო“ შეუერთდა. მისი თქმით, პოლიტიკაში წასვლა სპორტის სფეროში ბევრი უსამართლობის ხილვამ გადააწყვეტინა[1][2]. მონაწილეობდა 2011 წლის მაისის ანტისამთავრობო აქციებში. როგორც მოგვიანებით ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე დაკითხვისას იხსენებდა, 26 მაისს მიტინგის დარბევისას ის სპეცდანიშნულების რაზმის ათამდე წევრმა დააკავა და სასტიკად სცემა[3].

2012 წელს შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“. მისი სახელით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში წარდგენილი იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ კანდიდატად[4], თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გია გოზალიშვილთან წააგო[5]. 2015-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“, თამაზ ავდალიანის ნაცვლად.[6]

ფედერაციის პრეზიდენტი რედაქტირება

2012 წლის დეკემბერში, ლუკა კურტანიძე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს[7].

2013 წლის 30 იანვარს, ჭიდაობის ფედერაციაში ლუკა კურტანიძემ ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილსა და ვეტერან მოჭიდავეს, რაინდ აბრამიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ყაზარაშვილის განცხადებით, კონფლიქტი მის მიერ პრეზიდენტისათვის მწვრთნელების გათავისუფლებაზე უარის თქმამ გამოიწვია. თავად კურტანიძემ ფიზიკური დაპირისპირება უარყო[8][9].

2014 წლის 1 დეკემბერს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმმა კურტანიძე თანამდებობიდან გადააყენა[10][11].

ჯილდოები, პრემიები და პრიზები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ლუკა კურტანიძე „დემოკრატიული მოძრაობის" რიგებს შეუერთდა. „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს“
  2. ნინო ბურჯანაძის პარტიას მოჭიდავე ლუკა კურტანიძე შეუერთდა. „რადიო თავისუფლება“, 04.06.2010
  3. ლუკა კურტანიძე: არავის ვუსურვებ ისეთ დამცირებას, რაც 26 მაისს გადავიტანე. netgazeti.ge, 28.01.2014
  4. ბიძინა ივანიშვილმა კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine. . კახეთის საინფორმაციო ცენტრი, 12.07.2012
  5. კახეთის გუბერნატორად შესაძლოა ლუკა კურტანიძე დაინიშნოს. „ჯი-ეიჩ-ენი“, 07.11.12
  6. ლუკა კურტანიძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა
  7. ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს დაარქივებული 2014-03-28 საიტზე Wayback Machine. . კახეთის საინფორმაციო ცენტრი, 17.12.2012
  8. ლუკა კურტანიძემ თემურ ყაზარაშვილი და რაინდ აბრამიშვილი სცემა. sportall.ge, 31-01-2013
  9. კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად რჩება[მკვდარი ბმული]. „რუსთავი 2“, 01.02.13
  10. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გადააყენეს - ვინ შეცვლის ლუკა კურტანიძეს დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine. . „1 არხი“. 2014-12-01
  11. ლუკა კურტანიძე გადააყენეს - ხმაურიანი სხდომა ჭიდაობის ფედერაციაში. „რუსთავი 2“. 01-12-2014