ედუარდ ეფშტაინი (გერმ. Eduard Epstein), რუსეთში — ედუარდ იოსების ძე ეფშტაინი (რუს. Эдуард Осипович Эпштейн) (დ. 13 ოქტომბერი, 1827, ბოდლანდი, პრუსია, ახლანდ. ბოგაციცა, პოლონეთი, — გ. 22 თებერვალი, 1889, თბილისი) — გერმანელი პიანისტი, პედაგოგი.

ე. ეფშტაინი (1882)

1848 წელს შევიდა ლაიფციგის კონსერვატორიაში (პროფესორ იგნაც მოშელესის საფორტეპიანო კლასი). კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ კონცერტებს მართავდა ევროპის ქვეყნებში, მ. შ. რუსეთშიც. 1857 წელს ეფშტაინი ცნობილ მომღერალ ვილჰელმ ფერზინგთან ერთად საგასტროლოდ ეწვია თბილისს და აქვე დარჩა საცხოვრებლად. ეწეოდა, უპირატესად, პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო „კავკასიის სამუსიკო საზოგადოების“ აქტიური წევრი. 1879 წლიდან მუშაობდა ხარლამპი სავანელის, ალოიზ მიზანდარისა და კონსტანტინე ალიხანოვის მიერ დაარსებულ სამუსიკო სკოლაში (1882 წლიდან — სამუსიკო სასწავლებელი). აღზარდა მრავალი პიანისტი, შეიმუშავა სამუსიკო აღზრდის მეთოდიკური საფუძვლები, რაც ჩამოაყალიბა ნაშრომში „მოზარდი თაობის მუსიკალური აღზრდა“ (Der Musikunterricht der Jugend; 1888 წელს დაისტამბა ლაიფციგში, 1897 წელს რუსულად — პეტერბურგში). 1887 წელს თბილისის საზოგადოებრიობამ აღნიშნა ეფშტაინის პედაგოგიური მოღვაწეობის 30 წლისთავი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლორია ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 114.
  • Эпштейн, Эдуард Осипович // Музыкальный словарь: Перевод с 5-го немецкого издания / под ред. Ю. Д. Энгель, пер. Б. П. Юргенсон — М.: Музыкальное издательство П. И. Юргенсона, 1901. — Т. 3. — С. 1482—1483.
  • Корганов В. Д. Кавказская музыка: Сборник статей. — 2-е изд. — Тифлис: Скоропечатня М. Мартиросянца, 1908. — С. 67.
  • Эпштейн, Эдуард Осипович // Музыкальный словарь Римана, т. 3: Organicen — Фомин, 1904, с. 1482—1483.