ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრა

ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრა — პროცესი, რომელიც IV საუკუნეში დაიწყო და XX საუკუნეში დაგვირგვინდა ჟან ფრანსუა შამპოლიონის მიერ.

ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრის ადრეული მცდელობები რედაქტირება

იეროგლიფების გაშიფვრა ადამიანთა დღის წესრიგში ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგა. პირველმა მათი გაშიფვრა ბერძენმა ჰორაპოლონმა სცადა და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია. მან დაწერა ორტომიანი ტრაქტატი, სახელწოდებით „Hieroglyphica“, რომელშიც უამრავი იეროგლიფის მნიშვნელობა იყო წარმოდგენილი. სწორედ ეს ნაშრომი დაედო საფუძვლად გაშიფვრის შემდგომ მცდელობებს, რამაც ეს საქმე საკმაოდ შეაფერხა, რადგანაც ჰორაპოლონის აზრით, იეროგლიფებს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდათ და არა ფონეტიკური, ანუ მარცვალს ან ასოს არ აღნიშნავდნენ. მისი მთავარი შეცდომა კი ის იყო, რომ არ გაითვალისწინა, რომ ენა და დამწერლობა ხალხთან ერთად ვითარდება. მართლაც, თავიდან ეგვიპტური იეროგლიფები მხოლოდ სიტყვებს აღნიშნავდნენ, ხოლო შემდეგ ანბანური დატვირთვაც შეიძინეს.

ამ საქმეში ახალი სიტყვის თქმა გერმანელმა მეცნიერმა ათანასიუს კიხერმა სცადა. მანაც უამრავი შეცდომა დაუშვა და შესაბამისად, ვერ მოახერხა იეროგლიფების წარმატებით გაშიფვრა, მაგრამ პირველმა გაამახვილა ყურადღება კოპტური დამწერლობის მნიშვნელობაზე და მართალიც აღმოჩნდა, რაც ეგვიპტურო დამწერლობის შემდგომმა შესწავლამ ცხადყო.

მომდევნო მეცნიერი, რომელმაც კიდევ უფრო წინ წაწია კვლევა და საერთოდაც, სწორი გზისკენ შეატრიალა ცნობილი დანიელი მკვლევარი კარლსტერ ნიბურია. იგი დააკვირდა რამდენიმე გარემოებას, კერძოდ იმას, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე არც ისე ბევრი იეროგლიფი იყო აღმოჩენილი, რომ ლექსიკური მარაგისთვის საკმარისი ყოფილიყო და გარდა ამისა, მანვე შეამჩნია, რომ იეროგლიფები პირობითად 2 ჯგუფად იყოფოდა: დიდებად და პატარებად. მოცემულის გაანალიზებით კარლსტერ ნიბური მიხვდა, რომ შეიძლებოდა ამ იეროგლიფების ნაწილს იდეური, ნაწილს კი ანბანური მნიშვნელობა ჰქონოდა. მან წარმატებას ვერ მიაღწია, ბოლომდე ვერ ჩასწვდა ეგვიპტური დამწერლობის საიდუმლოს.

XIX საუკუნეში კიდევ ერთმა მკვლევარმა მიუძღვნა თავი ამ საქმეს და ძალიანაც დადებითი შედეგები მოუტანა. ესაა ინგლისელი მეცნიერი ტომას იუნგი, რომელმაც შენიშნა, რომ წარწერაში გარკვეული ნაწილი გამოყოფილი იყო ჩარჩოთი, რაც წესით რაიმე ან ვინმე მნიშვნელოვანის აღმნიშვნელი უნდა ყოფილიყო.

ეგვიპტოლოგიის დაარსება და როზეტის ქვა რედაქტირება

 
როზეტის ქვა ბრიტანეთის მუზეუმში

ოქროს ხანა ეგვიპტური იეროგლიფებისთვის, XIX საუკუნის ბოლოს, რაც ერთ-ერთ ნაპოლეონ ბონაპარტს და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მეცნიერს ჟან-ფრანსუა შამპოლიონს უკავშირდება. კერძოდ, 1799 წელს ნაპოლეონ ბონაპარტმა წამოიწყო სამხედრო ავანტიურა, რასაც მეცნიერული დატვირთვაც ჰქონდა, რამეთუ ნაპოლეონმა ჯართან ერთად ეგვიპტეში 175 მეცნიერისაგან შემდგარი ჯგუფიც წაიყვანა. ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი იყო ვინმე დომენიკ ვივან დენონი, რომელიც ნაპოლეონმა, ჟოზეფინას თხოვნით აიყვანა. ამ ადამიანის პროფესია მხატვრობა და ნოველების წერა იყო (ძირითადად, წერდა პორნოგრაფიულ ნოველებს), მაგრამ მან მსოფლიოს თავი დაამახსოვრა, როგორც პირველმა ეგვიპტოლოგმა, ჩაუყარა რა საფუძველი ეგვიპტოლოგიას ნაშრომით „ეგვიპტის აღწერა“, რომელიც მოიცავს ჩანახატებსა და წერილობით ინფორმაციას.[1] ამავე ნაშრომმა აღძრა უდიდესი ინტერესი ფრანგ ახალგაზრდა მეცნიერთა შორის და ერთ-ერთი ამ მეცნიერთაგანიია შამპოლიონი.

 
დემოტური წარწერა როზეტის ქვაზე

ამ ექსპედიციისას აღმოაჩინა პიერ ფრანსუა ბუშარმა როზეტის ქვა, შავი ბაზალტის ტრილინგვა, რომელიც იწონის 760 კილოგრამს ( 1801 წელს ალექსანდრიის მარცხისა და კაპიტულაციის გამო ფრანგებმა ეს ქვა ინგლისელებს გადასცეს, თუმცა ასლი კი ჰქონდათ გაკეთებული). რაც შეეხება ზომებს, როზეტის ქვა 112 სმ სიმაღლის, 75 სმ სიგანისა და 28 სმ სისქისაა. ქვა საკმაოდაა დაზიანებული, ამდენად მასზე შესრულებული სამი ტექსტიდან არცერთი არ იკითხება სრულად. ქვის დასაწყისში ამოტვიფრული წარწერები ეგვიპტური იეროგლიფებია, რაც ყველაზე მეტადაა დაზიანებული; მხოლოდ 14 ხაზის ხილვაა შესაძლებელი. აქედან ყველა მათგანს მარჯვენა მხარე აქვს ჩამოტეხილი, ხოლო 12-ს მარცხენა. შუა ნაწილი უკავია დემოტურ ტექსტს, რაც ყველაზე უკეთაა შენახული. იგი 32 ხაზისგან შედგება და აქედან მხოლოდ 14 ხაზის მარჯვენა მხარეა მსუბუქად დაზიანებული. ზომით უდიდესია ქვის ქვედა ნაწილზე დატანებული ბერძნული ტექსტი, რომელიც 54 ხაზს აერთიანებს და მათგან მხოლოდ ნახავარია სრულად შემორჩენილი.[2] მოკლედ, როზეტის ქვა მხოლოდ ფრაგმენტია სრული ტექსტისა, ტექსტისა, რომელიც საგრძნობლად დიდია ჩვენს ხელთ არსებულ ქვაზე, მაგრამ იგი მაინც საკმარისი რესურსი აღმოჩნდა იეროგლიფების მთელი სისტემის გასაშიფრად. მისი გაშიფვრა კი 1822 წლის 27 სექტემბერს ფრანგმა ჟან ფრანსუა შამპოლიონმა შეძლო.

ჟან ფრანსუა შამპოლიონი რედაქტირება

 
ჟან ფრანსუა შამპოლიონი

ფიჟაკში დაბადებულმა ყმაწვილმა არქეოლოგიით დაინტერესება სიყრმის ასაკშვე გამოამჟღავნა, ისევე, როგორც ეგვიპტის სიყვარული. 1801 წელს იგი ძმამ გრენობლში წაიყვანა უკეთესი განათლების მისაღებად, სადაც წილად ხვდა პატივი, შეხვედროდა სახელგანთქმულ ფიზიკოსსა და მათემატიკოსს — ჟან ბატისტ ფურიეს, რომელიც ეგვიპტოლოგიით იყო გატაცებული. მან ბიჭი თავისთან მიპატიჟა და ეგვიპტური კოლექცია უჩვენა, რამაც ჟანი იმდენად განაცვიფრა, რომ ამ დღიდან განიზრახა ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრა.[3] ამისთვის იგი მიზანმიმართულ მუშაობას შეუდგა. დაიწყო ისეთი ენების შესწავლა, რომელიც ეგვიპტური დამწერლობის გაშიფვრაში გამოადგებოდა და ასეთები აღმოჩნდა: არაბული, სირიული, ქალდეური, კოპტური (შეადგინა კოპტური ლექსიკონიც, რომელიც რამდენიმე ასეულ გვერდს მოიცავდა), ძველი ჩინური (რადგანაც ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, რომელიც ჟოზეფ დე გინის ეკუთვნოდა, ჩინელები ეგვიპტელი კოლონისტები იყვნენ ). სწავლობდა ძველსპარსულ, სპარსულად და ფალაურ წარწერებს. მოგვიანებით ხელი მოჰკიდა დემოტური ენის შესწავლასაც. მისი მუშაობა მხოლოდ ენების შესწავლით არ გამოიხატებოდა, არამედ დაწვრილებით სწავლობდა ეგვიპტის ისტორიას და ამას ეძღვნება მისი ნაშრომი „ეგვიპტე ფარაონების ხანაში“. ეს არის წიგნი, რომელმაც შამპოლიონს მეცნიერთა შორის აღიარება და აკადემიის წევრობა მოუტანა 17 წლის ასაკში. მოგვიანებით იგი ცნობილ მეცნიერს, პიტერ დე სასის მიებარა (ძმის დახმარებით).[4]

ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრა რედაქტირება

 
ფილეს ობელისკი

1808 წლიდან მან დაიწყო მუშაობა როზეტის ქვის გაშიფვრაზე და საბოლოოდ, 1815 წლამდე დაასრულა. იეროგლიფების გაშიფვრა შამპოლიონამდე ბევრმა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ამის მიზეზი იეროგლიფებთან დაკავშირებით არსებული არასწორი წარმოდგენა იყო, რაც IV საუკუნეში იღებდა სათავეს. ამის მიზეზი იყო უკვე ხსენებული ჰორაპოლონის წარმოდგენები, კერძოდ ის, თითქოს იეროგლიფები ხატოვანი დამწერლობა იყო. მისი წამკითხველებიც თავს იმტვრევდნენ, რომ დაედგინათ თითოეული ნახატის სიმბოლური მნიშვნელობა. რაც შეეხება შამპოლიონს მას მეტი ფანტაზიის უნარი აღმოაჩნდა, უარყო რა ეს ტრადიცია და თითოეულ იეროგლიფში არა სიმბოლური მნიშვნელობის არამედ მარცვალის, ასოს ძებნა დაიწყო და იპოვნა კიდეც. როზეტის ქვაზე წერია, რომ ქურუმებმა გადაწყვიტეს განსაკუთრებული პატივი მიეგოთ მეფე პტოლემაიოს ეპიფანესთვის. ეს ცხადი იყო ბერძნული ტექსტიდან, ახლა საჭირო იყო ამ ტექსტის იეროგლიფებთან შესაბამება. პირველი აღმოჩენა იყო ის, რომ მეფის სახელი გამოყოფილი უნდა ყოფილიყო დანარჩენი ტექსტიდან და ასეც იყო — პტოლემაიოსის სახელი ოვალურ ჩარჩოში ანუ კარტუშში იყო ჩასმული. შამპპოლიონმა სიტყვა პტოლემაიოსის შემადგენელ იეროგლიფებს შეუსაბამა ბერძნული ასოები და დადგინდა ასოთა მნიშვნელობა.[5]

 
შამპილიონის მიერ გაშიფრული ორენოვანი წარწერა, „პტოლემაიოს“ და „კლეოპატრა“ ბერძნულ და ეგვიპტურ დამწერლობებზე.

ეს იყო ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც მოჰყვა მეორე. 1815 წელს ნაპოვნი იყო ე.წ. „ფილეს ობელისკი“, რომელზედაც ორენოვანი წარწერა იყო ამოკვეთილი (ეგვიპტური და ბერძნული). აქაც პტოლემეოსის სახელი ჩასმული იყო კარტუშში, მაგრამ ჩარჩოში იყო იეროგლიფთა კიდევ ერთი ჯგუფი ჩასმული. შამპოლიონმა აქ ივარაუდა ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრას სახელი. შემდეგ მან იეროგლიფების ორივე ჯგუფი ერთმანეთს შეადარა და „კლეოპატრას“ მეორე, მეოთხე და მეხუთე ნიშანი დაემთხვა „პტოლემეოსის“ მეოთხე, მესამე და პირველ ნიშანს.[6]

ამგვარად ნაპოვნი იყო იეროგლიფების გაშიფვრის გასაღები. 1828 წლიდან 1829 წლამდე შამპოლიონმა ექსპედიცია მოაწყო ეგვიპტეში, რამაც დიდი ტრიუმფით ჩაიარა. ხალხი მას დიდი სიხარულით ეგებებოდა. მან მიმოიხილა მით-რაჰინი, მემფისი, ტელ-ამარნა და აქაც მნიშვნელოვანი გამოკვლევები ჩაატარა, კერძოდ, მემფისში განსაზღვრა ეპოქა და დააჯგუფა ქვის სამტეხლოების კარიერები; მით-რაჰანში აღმოაჩინა ორი ტაძარი და მკვდარი ქალაქი; ტელ-ამარნაში გაარკვია, რომ უზარმაზარი შენობა, რომელიც მანამდე მარცვლეულის საცავად მიაჩნდათ, სინამდვილეში ქალაქის დიდი ტაძარი იყო.[7]

გამოყენებული ლიტერატურა რედაქტირება

  • ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, „კაცი, რომელიც კითხულობდა ძველ ქვებზე ამოტვიფრულ წარწერებს". ეგვიპტური იეროგლიფური დამწერლობის გაშიფვრის ისტორიიდან. - N 8, გვ. 38-43, 2011.
  • გ.მელიქიშვილი, ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია - თბილისი, "მეცნიერება", გვ 12-13, 1988.
  • კ.კერამი, ღმერთები, აკლდამები და მეცნიერები - თბილისი, „ნაკადული", 1972.

სქოლიო რედაქტირება

  1. კ.კერამი, ღმერთები, აკლდამები და მეცნიერები - თბილისი, „ნაკადული", 1972.
  2. ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, „კაცი, რომელიც კითხულობდა ძველ ქვებზე ამოტვიფრულ წარწერებს". ეგვიპტური იეროგლიფური დამწერლობის გაშიფვრის ისტორიიდან. - N 8, გვ. 38-43, 2011.
  3. კ.კერამი, ღმერთები, აკლდამები და მეცნიერები - თბილისი, „ნაკადული", 1972.
  4. კ.კერამი, ღმერთები, აკლდამები და მეცნიერები - თბილისი, „ნაკადული", 1972.
  5. გ.მელიქიშვილი, ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია - თბილისი, "მეცნიერება", გვ 12-13, 1988.
  6. გ.მელიქიშვილი, ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია - თბილისი, "მეცნიერება", გვ 12-13, 1988.
  7. გ.მელიქიშვილი, ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია - თბილისი, "მეცნიერება", გვ 12-13, 1988.