ეგვიპტის 1952 წლის რევოლუცია, ივლისის რევოლუცია — სახელმწიფო გადატრიალება ეგვიპტეში 1952 წლის 23 ივლისს, რომელმაც დაამხო მონარქია და ქვეყანაში რესპუბლიკური წყობა დაამყარა. მოაწყო რადიკალურად განწყობილი „თავისუფალი ოფიცრების“ ჯგუფმა მუჰამედ ნაგიბისა და გამალ აბდელ ნასერის ხელმძღვანელობით.

ეგვიპტის რევოლუცია (1952)
Nasser and Naguib, 1954.jpg
პოლკ. ნასერი (მარჯვნივ) და გენ. ნაგიბი (მარცხნივ) რევოლუციის ორი წლისთავის ზეიმზე, 1954.
თარიღი 23 ივლისი, 1952
მდებარეობა ეგვიპტე
შედეგი რევოლუციის გამარჯვება, მონარქიის დამხობა
მხარეები
ეგვიპტის სამეფო თავისუფალი ოფიცრების მოძრაობა
მეთაურები
მეფე ფარუკი,
აჰმად ნაგიბ ალ-ჰილიალი
მუჰამედ ნაგიბი,
გამალ აბდელ ნასერი
ვიკისაწყობი Commons-logo.svg ეგვიპტის რევოლუცია

წინაპირობებირედაქტირება

1950-იანი წლების დასაწყისში ეგვიპტეში რევოლუციური სიტუაცია სწრაფად მწიფდებოდა. კრიზისს როგორც სოციალური და ეკონომიკური, ასევე საგარეო და საშინაო პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა. II მსოფლიო ომის შემდეგ ეგვიპტეში მზარდი ნაციონალისტური განწყობები იყო. ეგვიპტე აქტიურად მონაწილეობდა არაბების წარუმატებელ ომში ისრაელის წინააღმდეგ (1948). დამარცხებას ბევრი ეგვიპტის სამეფოს სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის არაეფექტურობას და კორუფციას უკავშირებდა. ამასთანავე, მკვეთრად გაიზარდა უარყოფითი დამოკიდებულება დიდი ბრიტანეთის მიმართ, გახშირდა არაბი ნაციონალისტი პარტიზანების (ფიდაები) თავდასხმები სუეცის არხის ზონაში განლაგებულ ბრიტანულ ჯარებზე. 1952 წლის იანვარში ერთ-ერთ ასეთ თავდასხმას ისმაილიაში ბრიტანელების სამხედრო ოპერაცია მოჰყვა, რასაც ათეულობით ადამიანის, მათ შორის 50-მდე ეგვიპტელი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისმაილიის მოვლენებმა 26 იანვარს კაიროში მასობრივი არეულობები გამოიწვია; ანტიბრიტანული დემონსტრაციები ქალაქის ცენტრში ასეულობით შენობის გადაწვით დასრულდა („შავი კვირა“). მეფე ფარუკმა პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ნაჰას-ფაშა გადააყენა. მომდევნო 6 თვის განმავლობაში ეგვიპტეში ოთხჯერ შეიცვალა მთავრობა. კრიზისი უფრო და უფრო ღრმავდებოდა. პოლიტიკური ოპოზიცია — მემარჯვენეებიც და მემარცხენეებიც — რადიკალური ცვლილებების აუცილებლობას განიხილავდა. ამავე პერიოდში ეგვიპტის შეიარაღებულ ძალებში შეიქმნა საიდუმლო რევოლუციური დაჯგუფება „თავისუფალი ოფიცრების მოძრაობის“ სახელწოდებით, რომელსაც მუჰამედ ნაგიბი და გამალ აბდელ ნასერი ხელმძღვანელობდნენ და ფარულად საბჭოთა კავშირი უჭერდა მხარს. დაჯგუფება აგვისტოსთვის სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვას შეუდგა. ივლისში შეთქმულება ეგვიპტის უშიშროების სამსახურმა გამოავლინა და ეგვიპტის კაბინეტმა არმიაში წმენდის ჩატარება ბრძანა. შეთქმულებმა ეს დროულად შეიტყვეს და ამბოხება დაგეგმილზე ადრე დაიწყეს.

სახელმწიფო გადატრიალებარედაქტირება

 
„თავისუფალი ოფიცრების“ ლიდერები რევოლუციის შემდეგ, 1953.

1952 წლის 23 ივლისს, გამთენიისას, „თავისუფალმა ოფიცრებმა“ კაიროში და მის ირგვლივ სტრატეგიული ობიექტების დაკავება დაიწყეს და მოსახლეობის მიმართ რადიომიმართვა გაავრცელეს, სადაც გადატრიალების მიზეზებს ხსნიდნენ და, ამავდროულად, ქვეყანაში მყოფ უცხოელებს უსაფრთხოებას ჰპირდებოდნენ. დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ალექსანდრიაში მყოფი ფარუკის თხოვნის მიუხედავად, ჩაურევლობა ამჯობინეს. იმავე დღეს ამბოხებულებმა გენერალ ნაგიბის თავმჯდომარეობით ეგვიპტის რევოლუციური სარდლობის საბჭო შექმნეს და კაიროში ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ პრემიერ-მინისტრად გამოცდილი პოლიტიკოსი ალი მაჰერი დანიშნეს. 25 ივლისს სამხედროებმა ალექსანდრიაში მეფის სასახლეს ალყა შემოარტყეს, მაგრამ ფარუკის ერთგული „სუდანური გვარდიის“ წინააღმდეგობას წააწყდნენ (შეტაკებაში პირადად მონაწილეობდა ფარუკიც). 26 ივლისს ალი მაჰერისა და აშშ-ის ელჩის, ჯეფერსონ კეფრის შუამდგომლობით მეფე თავისი 6 თვის შვილის, აჰმად ფუადის სასარგებლოდ ტახტიდან გადადგომას დათანხმდა და იმავე დღეს სამეფო იახტით ემიგრაციაში გაემგზავრა. გარდაცვალებამდე (1965) ის იტალიაში ცხოვრობდა.

31 ივლისს რევოლუციური სარდლობის საბჭომ არჩევნებამდე 6-თვიანი მოსამზადებელი პერიოდი გამოაცხადა და ჩვილ მეფე ფუადს რეგენტთა საბჭო დაუნიშნა. სამხედრო ხელმძღვანელობამ მალევე ჩამოიშორა პროსაბჭოთა ელემენტები და აგვისტოში კაფრ დავარში მუშათა გამოსვლა ჩაახშო. 7 სექტემბერს მიწის რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ალი მაჰერი გადადგა და ეგვიპტის ახალი პრემიერი ნაგიბი გახდა, ვიცე-პრემიერად კი ნასერი დაინიშნა. 1953 წლის 16 იანვარს სამხედროებმა მანამდე აქტიური პოლიტიკური პარტიები აკრძალეს და ქვეყანაში 3-წლიანი გარდამავალი პერიოდი გამოაცხადეს. ნასერმა საზოგადოებრივი მხარდამჭერის მოპოვების მიზნით ჩამოაყალიბა საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაცია „თავისუფლების ყრილობა“, რომელიც ითხოვდა სუეცის ზონიდან ბრიტანული ჯარების გაყვანას, მიწების ნაციონალიზაციას, ასევე მხარს უჭერდა სუდანის თვითგამორკვევის უფლებას და პანარაბიზმს. 1953 წლის 18 ივნისს რევოლუციური სარდლობის საბჭომ ეგვიპტეში მონარქია გააუქმა, ფუადი გადაყენებულად გამოაცხადა და გენერალი ნაგიბი ეგვიპტის რესპუბლიკის პრეზიდენტად, ნასერი კი პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ამგვარად, ეგვიტპის ისტორიაში მონარქიის პერიოდი დასრულდა.

რევოლუციის შემდეგრედაქტირება

გადატრიალების შემდგომი პერიოდი აღინიშნა რევოლუციურ ძალებს შორის წინააღმდეგობების ზრდით. მნიშნელოვნად გართულდა ურთიერთონა ნაგიბსა და ნასერს შორის. თებერვალ-მარტში, უკიდურესი დაძაბულობის და ქუჩის არეულობების ფონზე, ნასერმა უშედეგოდ სცადა ნაგიბის გადაყენება. ნაგიბის მხარეს დადგნენ მცირერიცხოვანი საშუალო ფენა, ძველი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და „მუსლიმთა საძმოს“ წევრები, ნასერი კი ძირითადად სამხედროებს, პოლიციასა და მუშათა კლასს ეყრდნობოდა. ახალი რეჟიმის სეკულარიზმით უკმაყოფილო და პოლიტიკურ-ეკომონიკური პრივილეგიების გარეშე დარჩენილი ისლამისტური ორგანიზაცია „მუსლიმთა საძმო“ ნასერთან და მის პოლიტიკურ ძალასთან ღია დაპირისპირების გზას დაადგა. 1954 წლის იანვარში კაიროში „თავისუფლების ყრილობის“ მხარდამჭერ სტუდენტებთან მომხდარი შეტაკების შემდეგ „მუსლიმთა საძმო“ კანონგარეშე გამოცხადდა, ოქტომბერში კი ალექსანდრიაში ნასერზე წარუმატებელი თავდასხმის მოწყობის ბრალდებით საძმოს ლიდერები დააპატიმრეს და დეკემბერში სიკვდილით დასაჯეს. საბოლოოდ, 1954 წლის 14 ნოემბერს ნასერმა აიძულა ნაგიბი გადამდგარიყო და ის ფაქტობრივი შინაპატიმრობის პირობებში მოათავსა. 1955 წლის იანვარში ნასერი რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა, 1956 წლის ივნისში კი ის ეგვიპტის პრეზიდენტი გახდა. ქვეყანაში ნასერის ერა დაიწყო.

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება