ებრაული სამზარეულო

ებრაული სამზარეულო — ერთ-ერთი უძველესი ეროვნული სამზარეულო მსოფლიოში. ებრაული სამზარეულო გამორჩეულია და მდიდარია ბევრი ტრადიციული რეცეპტებით. ისრაელში სამზარეულო ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც მისი მოსახლეობა.

ერთმანეთს შერწყმულია ე. წ. აშკენაზური (აღმოსავლეთ ევროპული) და სეფარდული ტრადიციული სამზარეულო.

ებრაული კულინარიული კულტურა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული რელიგიურ წეს-ჩვეულებებთან და ათასწლეულების მანძილზე გადაეცემოდა თაობიდან თაობას. სწორედ კულტურათა შერწყმის პროცესში ყალიბდებოდა შედარებით განსხვავებული, მაგრამ მაინც ებრაულ ტრადიციებზე დაქვემდებარებული და დამახასიათებელი კულინარიული რეცეპტები. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ებრაული კულინარია განიცდიდა სხვადასხვა ქვეყნის კულტურის ზეგავლენას, მაგრამ ეს სულაც არ უშლიდა ხელს, რომ შეენარჩუნებინა ტრადიციულობა და გამორჩეული დამახასიათებელი სახე.

ებრაულ კერძებში საკმაო ადგილი უკავია იხვითა და ბატით მომზადებულ კერძებს. ფარშირებული ბატის კისერი, ფარშირებული იხვი და ინდაური ებრაული სადღესასწაულო სუფრის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. ებრაულ კერძებში, სადაც წარმოდგენილია ფარში, სწორედ მის შემადგენლობაში ხშირად გვხვდება: ბრინჯი, ქიშმიში, სხვადასხვა ჩირი, სტაფილო და სხვა პროდუქტები.

ებრაულ კულინარიაში ძალიან პოპულარულია თევზეულიც. ამ მხრივ გამორჩეულია და ებრაელები კერძებში ძირითადად იყენებენ კობრს, საზანს და ქარიყლაპიას. ებრაელებში განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ფარშირებული თევზიც, რომელსაც ყველა ებრაელი დიასახლისი თავისებურად ამზადებს. სხვადასხვანაირად ფარშირებულ თევზს ზოგი ხარშავს, ზოგი წვავს და ზოგიც კი ღუმელში აცხობს.

რაც შეეხება ბოსტნეულისგან დამზადებულ კერძებში გამოირჩევა ციმსი, იგი არის სხვადასხვა ბოსტნეულით, ჩირითა და ფქვილით მომზადებული ბრაწულა, რომელსაც ზოგჯერ მსხალსა და ვაშლსაც უმატებენ. ეს კერძი საკმაოდ სპეციფიკური გემოსია. ხილის, ჩირისა და ბოსტნეულის შერევით მიღებული გემო შედარებით უცხოა.

ებრაული კერძები ძირითადად ოხრახუშით, კამით, ქინძითა და მწვანე ხახვით ზავდება. მოიხმარნენ სხვადასხვა სანელებელსაც, როგორიცაა დარიჩინი, შავი პილპილი და დაფნის ფოთოლი.

ებრაული სამზარეულოს თავისებურებას წარმოადგენს ცომეულისგან მომზადებული მარაგი, რომელიც დიდხანს ძლებს. ცომეულში ებრაელები ხშირად იყენებენ მანანის ბურღულს.

ცალკე განხილვის საგანია მაცა. უმარილოდ, ხორბლის ფქვილისა და წყლისაგან მომზადებული თხელი ხმელი ფირფიტები, რომელსაც მაცას უწოდებენ და მაცასგან დამზადებული ფქვილი - მაცამელი ებრაული სარიტუალო პურობის განუყოფელი ნაწილია. მათ ებრაელები მიირთმევენ პასექის დღესასწაულზე, ვინაიდან ამ დროს აკრძალულია საფუარზე დამზადებული პროდუქტების მიღება. მაცას ფირფიტებს დანამავენ მდუღარე წყლით, მოასხამენ კვერცხს, გამოაცხობენ და ასე მომზადებულ მაცას მიირთმევენ პურის ნაცვლად.

ებრაული სადღესასწაულო კერძია ყალია, რომელსაც საგულდაგულოდ ამზადებენ, ძირითადად იხვის ხორცისგან. მსხვილად დაჭრილ ნაჭრებს თავისსავე ცხიმში თუშავენ, ამატებენ წყალს, აყრიან ბლომად გარჩეულ ბროწეულს, ხახვს და ხორცი რომ მომზადდება, კერძი მზადაა. საქართველოში მცხოვრები ებრაელები ამ კერძს ხშირად უმატებენ დაფნის ფოთოლს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება