ებრაელები თბილისში

ებრაელები თბილისშითბილისის ერთ-ერთი უძველესი მოსახლეობა. აქ ისინი 26 საუკუნის წინ დასახლდნენ. ასეთი ვარაუდის საბაბს მკვლევრებს აძლევს ძველი თბილისის ტოპონიმები: „ურიათუბანი“ და „ფეთხაინი“. ეს უკანასკნელი ებრაულად სასაფლაოს ნიშნავს, ებრაული სასაფლაოს არსებობა კი თავისთავად გულისხმობს სინაგოგისა და ებრაული თემის არსებობასაც, რომელიც, ალბათ, სიონის მახლობლად, ფეთხაინის შეღმართზე იქნებოდა. ფიქრობენ, რომ ებრაელები მცხეთაში დასახლებიდან მცირე ხნის შემდეგ უნდა გადმოსულიყვნენ თბილისში. თბილისელი ებრაელების სახელი წერილობით წყაროებში დავით აღმაშენებლის დროისათვის ჩნდება და XIII საუკუნის შემდეგ ქრება. XIX  საუკუნიდან მათ კვლავ იხსენიებს საისტორიო წყაროები. თბილისის სტატისტიკური ცნობების მიხედვით, ქალაქში 1825 წელს დროებითი მცხოვრები 58 ებრაელი ყოფილა. ზოგი მკვლევრის აზრით, ისინი ქართველი ებრაელები უნდა ყოფილიყვნენ, რადგანაც ევროპელი ებრაელების მიგრაცია თბილისში XIX საუკუნის 40-იან წლებზე ადრე არ დაწყებულა. 1864 წლისთვის, თბილისში ითვლებოდა 400 ებრაელი, 1876 წელს — 1100, ხოლო 1901 წელს — 3000. თბილისის ებრაელების ძირითად ნაწილს ევროპელი ებრაელები შეადგენდნენ, მცირე ნაწილს — ქუთაისის გუბერნიიდან და ახალციხის მაზრიდან გადმოსახლებული ქართველი ებრაელები. ერთობ მცირე იყო მთიელი ებრაელების რაოდენობა თბილისში. XX საუკუნის მომდევნო ათწლეულებში ქართველი ებრაელების რაოდენობა ქალაქში გაიზარდა და 1979 წლის აღწერით, აშქენაზებთან ერთად თითქმის 15 ათასს მიაღწია. შემდგომ წლებში ისრაელში ემიგრაციასთან დაკავშირებით ებრაელების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო და 1989 წლის აღწერით ქალაქში უკვე 6828 აშქენაზი და 6645 ქართველი ებრაელი ცხოვრობდა, ისინი ქალაქის მოსახლეობის 1 პროცენტზე ცოტა მეტს შეადგენდნენ. მომდევნო წლებში მათი რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა.

თბილისში არის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული სახელმწიფო მუზეუმი, ებრაელების კულტურული ორგანიზაციები.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ 433