ებოტი და კოსტელო (ინგლ. Abbott and Costello) — ამერიკული კომედიური დუეტი, რომლის რადიო- და სატელევიზიო წარმოდგენები და ფილმები დიდი პოპულარობით სარგებლობდა 1940-იან და 1950-იან წლებში.

ებოტი (მარცხნივ) და კოსტელო (მარჯვნივ) 1940-იან წლებში.

დუეტი შედგებოდა ორი მსახიობისგან:

  • ბად ებოტი (Bud Abbott; ნამდვილი სახელი და გვარი — უილიამ-ალექსანდრ ებოტი, William Alexander Abbott; დ. 2 ოქტომბერი, 1899, ესბარი პარკი, ნიუ-ჯერსი, — გ. 24 აპრილი, 1974, ვუდლენდ-ჰილზი, კალიფორნია)
  • ლუ კოსტელო (Lou Costello; ნამდვილი სახელი და გვარი — ლუის-ფრენსის კრისტილო, Louis Francis Cristillo; დ. 6 მარტი, 1906, პეტერსონი, ნიუ-ჯერსი, — გ. 3 მარტი, 1959, ისტ-ლოს-ანჟელესი, კალიფორნია)

ებოტის და კოსტელოს თანამშრომლობა 1930-იანი წლების დასაწყისში ამერიკულ ვოდევილში დაიწყო. 1938 წელს მათ ჰქონდათ პირველი ერთობლივი რადიოწარმოდგენა, ხოლო დუეტის საფილმო დებიუტი 1941 წელს შედგა წარმატებული კინოსურათით „რიგითები“ (Buck Privates). ამას მოჰყვა ბუფონადური ჟანრის (ე.წ. „სლეპსტიკი“) 30-ზე მეტი კომედია, რომელშიც მსახიობებს სტერეოტიპული როლები ჰქონდათ განაწილებული: ებოტი იყო მჩაგვრელი „სწორი“ პერსონაჟი, კოსტელო კი — ინფანტილური ოინბაზი. მათი სახელგანთქმული ნომერი „ვინ არის პირველი?“ (Who’s on First?) პირველად ფილმ „ონავარ ოთხმოცდაათიანებში“ (The Naughty Nineties, 1945) იქნა ნაჩვენები. დუეტი წარმატებისა და პოპულარობის მწვერვალზე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იყო. 1957 წელს ებოტის და კოსტელოს თანამშრომლობა დასრულდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება