დღის ზმანებაადამიანის მიერ მოკლევადიანი გამოთიშვა მისი უშუალო გარემოდან, რომლის განმავლობაში პიროვნების კონტაქტი რეალობასთან ერთობ ბუნდოვანი ხდება და ნაწილობრივ ჩანაცვლდება ვიზუალური, ხილული ფანტაზიით, განსაკუთრებით, ბედნიერი, სასიამოვნო ფიქრებით, იმედებით ან ამბიციებით, რომლებიც თითქოს უნებლიედ ესტუმრნენ ფხიზელად ყოფნის დროს. დღის ზმანების მრავალი ფორმა არსებობს და არ არის რაიმე შეთანხმებული განსაზღვრება ფსიქოლოგებს შორის მის თაობაზე, თუმცა დღის ზმანების ყველა ფორმას აერთიანებს ისეთი მახასიათებელი, როგორიცაა საშუალო ხარისხის გამოთიშვა გარემოდან.

ჯენლტმენი დღის ზმანებისას 1912 წელს
დღის ზმანება, პოლ სეზარ ელლიო

საზოგადოება და ნეგატიური ასპექტები პოზიტიურის წინააღმდეგ

რედაქტირება

დღის ზმანების უარყოფითი ასპექტები წინ მხოლოდ მაშინ წამოიწია, როცა ადამიანი შრომის მოძრავი ხელსაწყოების დიქტატის ქვეშ მოექცა. კერძოდ, როდესაც ხელსაქმე მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა კონვეირულმა წარმოებამ; ცხადია, იგი აღარ უშვებდა კრეატივიზმს, შესაბამისად, არც დღის ზმანების პოზიტიური ასპექტებისათვის დარჩა რაიმე ადგილი. ამ დროიდან, იგი არა მხოლოდ სიზარმაცესთან, არამედ უკვე ხიფათთანაც ასოცირდებოდა.

მაგალითად, XIX საუკუნის დასასრულს, ტონი ნელსონი ამტკიცებდა, რომ დიდებული ფანტაზიით გამდიდრებული ზოგიერთი დღის ზმანება „სურვილის ასრულების“ თვითდაკმაყოფილების მცდელობა იყო. 1950-იან წლებშიც კი, განათლების ფსიქოლოგები აფრთხილებდნენ მშობლებს აეკრძალათ ბავშვებისათვის დღისით ოცნება, რათა ისინი უნებლიედ ნევროზსა და ფსიქოზში არ აღმოჩენილყვნენ ჩათრეული.

ფსიქოლოგიური კვლევები

რედაქტირება

ფროიდის ფსიქოლოგია დღის ზმანებას ადამიანის გონებაში მიჭირხნილი იმავე ინსტიქტების გამოვლინებად მიიჩნევს, რომლებიც ღამის სიზმარში ამჟღავნებს თავს. მათ მსგავსად, დღის ზმანებანიც, ინფანტილურ გამოცდილებაზე დაფუძნებული სურვილის დაკმაყოფილების მაგალითია და ზედაპირზე მხოლოდ იმიტომ ამოტივტივდება, რომ იმ მომენტში შესუსტებულია თვითკონტროლი. ღამის სიზმრის საპირისპიროდ, რომლებიც ხშირად წინააღმდეგობრივი და არათანმიმდევრულია, დღის ზმანებას ფროიდი განმარტავდა როგორც ფანტაზიის ერთგვარ მეორადი გადასინჯვის პროცესს, რომელიც მას უფრო თვალსაჩინოს ხდის. დღის ზმანების მდგომარეობა თითქოს ზღურბლური მდგომარეობაა სიფხიზლეს (მისი უნარით იფიქრო რაციონალურად და ლოგიკურად) და ძილს შორის.

ისინი დაახლოებით ისეთივე მიმართებაშია ბავშვობის მოგონებებთან, რომელბისგანაც წარმოიშვება, როგორც ზოგიერთი ბაროკოს სტილის სასახლე რომში უძველეს ნანგრევებთან მიმართებით, რომელთა საძირკველი და კოლონები წარმოადგენდა უფრო გვიანი შენობების მასალას.[1]

60 წლების ბოლოს, კოგნიტურმა ფსიქოლოგებმა ჯერომ ლ. სინგერმა იელის უნივერსიტეტიდან და ჯონ ს. ანთრობუსმა ნიუ-იორკის სითის კოლეჯიდან შექმნეს დღის ზმანების კითხვარი. კითხვარი, სახელად წარმოსახვის პროცესის აღწერა (ინგლისური აბრევიატურა აი-პი-აი), გამოიყენებოდა დღის ზმანების გამოსაკვლევად. ფსიქოლოგმა ლეონარდ გიამბრამ და ჯორჯ ჰუბამ გამოიყენეს აიპიაი და აღმოაჩინეს, რომ დღის ზმანების წარმოსახვითი ხატები განსხვავდებიან სამი მიმართულებით: რამდენად ნათელი და სასიამოვნო არის დღის ზმანება, რამდენად დანაშაულით ან შიშით აღსავსეა იგი და რამდენად „ღრმად“ იძირებიან დღის ზმანებაში ადამიანები.[2]

ჰუმანისტურმა ფსიქოლოგიამ, მეორე მხრივ, დაადგინა უამრავი მაგალითი იმისა, რომ შემოქმედებითი ან სახელოვნებო პროფესიის ადამიანები, როგორებიც არიან კომპოზიტორები, მწერლები ან რეჟისორები, სწორედ დღის ზმანების ხარჯზე ანვითარებდნენ ახალ იდეებს. მსგავსად ამისა, მკვლევარი მეცნიერებიც და მათემატიკოსებიც ახალ იდეებს, მათი მოღვაწეობის სფეროში, დღის ზმანების ხარჯზე აღწევენ. 

ბოლო დროინდელი კვლევები

რედაქტირება

ერიკ კლინგერის კვლევამ 1980-იან წლებში აჩვენა, რომ დღის ოცნებათა უმეტესობა ჩვეულებრივ, ყოველდღიურ მოვლენებს ეხება და გვეხმარება რუტინული ამოცანების გახსენებაში. კლინგერის კვლევამ ასევე აჩვენა, რომ „მოსაწყენ სამუშაოზე“ დასაქმებულთა 75%-ს, როგორცაა მაგალითად, დაცვის წევრები და სატვირთო მანქანის მძღოლები, ძალიან ცოცხალი დღის ზმანებანი აქვთ თავისი რუტინული ამოცანებისაგან გამოწვეული „მოწყენილობის განსაქარვებლად“. კლინგერმა აღმოაჩინა, რომ მუშაკთა 5%-ზე ნაკლების დღის ზმანება მოიცავდა გამოხატულად სექსუალური ხასიათის ფიქრებს, ხოლო აგრესიული აზრები საერთოდ იშვიათი იყო. მოგვიანებით, 1990-იან წლებში, ქართველ ფსიქოთერაპევტთა ჯგუფის, მენცარის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ სწორედ სექსუალური და აგრესიული ხასიათის დღის ზმანებათა ასეთი დეფიციტი იყო ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი. ეს მათ საკუთარ პაციენტებზე დაკვირვებით შენიშნეს. ხოლო შემდგომ, როცა მათ ამ სახის ფიქრთათვის მეტი დროის დათმობა ურჩიეს, ავადმყოფებმა მაშინვე ხელშესახები შვება იგრძვნეს; საბოლოოდ, ნაკადისებრი, თავისუფალი ფიქრის არაცნობიერი პროცესის აღდგენით, ისინი შეუქცევადად განკურნებას ეზიარნენ.[2]

ისრაელის საშუალო სკოლის მოსწავლეებმა, ვინც მაღალი შეფასება მიიღეს აი-პი-აის დღის ზმანების შკალის მიხედვით, უფრო მეტი ემპათია აღმოაჩდათ დაბალი შეფასების მქონე მოსწავლეებთან შედარებით. ზოგიერთი ფსიქოლოგი, როგორიცაა ლოს-ანჯელესელი ჯოსეფ ი. შორი იყენებს დღის ზმანების დროს მისი კლიენტების გონების მიერ შექმნილ ხატებს, რათა განსაზღვროს მათი მენტალური მდგომარეობა და დაუსვას დიაგნოზი.[3][4]

სხვა ბოლოდროინდელმა კვლევებმაც ასევე აჩვენა, რომ დღის ზმანება ღამის სიზმარის მსგავსად არის დრო, როდესაც გონება ნასწავლის კონსოლიდირებას ახდენს. დღის ზმანება ასევე ეხმარება ადამიანებს მოაგვაროს პრობლემები და მიაღწიოს წარმატებას. ეფემარაის საშუალებით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დღის ზმანების ეპიზოდებში აქტიურდება გონების ის ნაწილები, რომლებიც რთული პრობლემების გადაწყვეტასთან არის ასოცირებული.[5][6]

ჰარვარდის ფსიქოლოგის დეირდრე ბარეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ნახულობენ ცოცხალი ოცნების მსგავს გონებრივ ხატებს ამ ტერმინს ასეთი შემთხვევებისათვის იყენებენ, მაშინ როცა სხვანი, დღის ზმანების თაობაზე საუბრისას, გულისხმობენ უფრო ნაკლები წარმოსახვის გამოყენებით, რეალური, მომავლის გეგმების დაწყობას, წარსულის გადახედვას ან უბრალოდ რეალობიდან მოწყვეტას.[7][8][9]

  1. Strachey, J. (1953).
  2. 2.0 2.1 Klinger, Eric (October 1987).
  3. D. Vaitl, J. Gruzelier, D. Lehmann et al., "Psychobiology of Altered States of Consciousness," Psychological Bulletin, vol. 131, no. 1, 2005, pp. 98–127.
  4. Warren, Jeff (2007).
  5. "Brain's Problem-solving Function At Work When We Daydream".
  6. Christoff, Kalina; Alan M. Gordon; Jonathan Smallwood; Rachelle Smith; Jonathan W. Schooler (2009-05-11).
  7. Barrett, D. L. (1979).
  8. Barrett, D. L. (1996).
  9. Barrett, D. L. (2010).