დუბის ღვთისმშობლის ეკლესია
დუბის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას ქალაქ ყვარლის სამხრეთ განაპირას. დუბედ წოდებულ ადგილზე. თარიღდება VI საუკუნით. 1990-იანი წლებიდან აქ დედათა მონასტერია.
აღწერა
რედაქტირებაძეგლი სამეკლესიანი ბაზილიკაა. ნაგებია სხვადასხვა ზომის, მეტ-ნაკლებად სწორხაზოვან რიგებად ნაწყობი რიყის ქვით. გარეთა კედლების (ძირითადად კუთხეების) წყობაში გამოყენებულია საკმაოდ დიდი ზომის რიყის ქვები და ალაგ-ალაგ შირიმი. შენობის გეგმის სწორკუთხედში (21,8 x 17 მ) ჩაწერილია ერთმანეთისგან კედლებით გამიჯნული და თითო კარით დაკავშირებული სამი ნავი, რომლებიც დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ და გვერდითი სადგომების დამაკავშირებელი დასავლეთ გარშემოსავლელი. ჩრდილოეთ ეკლესიას აღმოსავლეთიდან ეკვრის გეგმით სწორკუთხა სათავსი, რომელიც სამხრეთ კედელში გაჭრილი კარით მხოლოდ მთავარ ეკლესიას უკავშირდება.
შენობა გადაკეთებულია, ამდროინდელია მთავარი ეკლესიის კამარისა და საბჯენი თაღების შემორჩენილი ნაწილები, კონქი, პილასტრები, კანკელი, გვერდის ნავების და დასავლეთ გარშემოსასვლელის კედლები, სამხრეთ ნავის აღმოსავლეთ ბოლოში მოწყობილი სათავსის მნიშვნელოვანი ნაწილი და სხვა. მომდევნო ხანებში გარშემოსავლელის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მოუწყვიათ მცირე კვადრატული სათავსი, ხოლო ჩრდილოეთ ფასადზე მიუშენებიათ გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობა, რომლისგანაც კედლების მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი.
ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს დასავლეთით, აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით. პირველი ორი განიერია, ჰქონდათ თაღოვანი გადახურვა. მთავარი ეკლესია მნიშვნელოვნად აღემატება გვერდით ეკლესიებს. აქვს სამი შესასვლელი: ორი მათგანი გვერდის ეკლესიებიდანაა, სამივე კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან კი ხის მოზრდილი ძელებით იყო გადახურული.
ეკლესიის შიდა სივრცე, აღმოსავლეთით, დახურულია ნახევარწრიული აფსიდით, აფსიდის ღერძზე გაჭრილია განიერი, მაღალი, ნალისებრი თაღით გადახურული, პარალელურწირთხლებიანი სარკმელი. იგი მოგვიანებით ამოუშენებიათ და მნიშვნელოვნად დაუვიწროებიათ.
ჩრდილო-აღმოსავლეთ სათავსი გეგმით სწორკუთხაა, გადახურულია ბრტყელი კამარით, რომლის სამხრეთ ქუსლი მთავარი ეკლესიის კედელზე მიშენებულ პილასტრსა და მასზე გადაყვანილ ორ თაღს ეყრდნობა. აღმოსავლეთ კედელში ვიწრო თაღოვანი სარკმელია.
სამხრეთ ეკლესია თავდაპირველად ერთ სივრცეს წარმოადგენდა, აღმოსავლეთით დასრულებული იყო სწორი კედლით, რომელშიც მცირე ზომის თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ეკლესიის ერთ-ერთი გადაკეთების დროს, სადგომის აღმოსავლეთ ბოლოში მოუწყვიათ მცირე სათავსი. რომლის შესასვლელი დასავლეთიდან, მოგვიანებით ჩაშენებულ კედელშია მოწყობილი. კარი დაუდევრადაა გამოყვანილი, გადახურულია თარაზულად. აღმოსავლეთ სარკმლის გარდა, ოთახს კიდევ ერთი, სამხრეთ კედელში გაჭრილი თითქმის კვადრატული ფორმის სარკმელიც აშუქებს.
დასავლეთ გარშემოსავლელის დასავლეთ კედელში სამი განიერი, პარალელურწირთხლებიანი ღიობის ნაშთებია შემორჩენილი. გარშემოსავლელი, ისევე როგორც გვერდის ეკლესიები, გადახურული იყო ბრტყელი კამარით, რომელიც მთავარი ეკლესიის კედლებზე მიდგმულ პილასტრებსა და მათზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობოდა.
1988 წელს, ძეგლზე, სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნომ. აღდგა მთავარი ეკლესიის, სამკვეთლოს და სამხრეთ ნავის აღმოსავლეთ ბოლოში მოწყობილი სათავსის გადახურვა. გამაგრდა გვერდის ნავების და დასავლეთ გარშემოსავლელის კედლების შემორჩენილი ნაწილები.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 331-333.