დრეზდენის ოპერის თეატრი

(გადამისამართდა გვერდიდან დრეზდენის საოპერო სახლი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დრეზდენის ოპერის თეატრი – ზემპერის ოპერა, ოფიციალური სახელი საქსონიის სახელმწიფო ოპერა დრეზდენში (გერმ. Semperoper, ოფიციალური სახელი Sächsische Staatsoper Dresden) – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ოპერის თეატრი, მდებარეობს დრეზდენში, გერმანია.

დრეზდენის ოპერა
გოტფრიდ ზემპერის მიერ აგებული პირველი შენობის ინტერიერი.
ფ. შმიდტის გრავიურა, 1841, თეატრის მუზეუმი, ლონდონი.

შენობა დრეზდენის ბაროკოს არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება; მდებარეობს თეატრის მოედანზე ცენტრალურ დრეზდენში მდ. ელბას სანაპიროზე. პორტალის თავზე პანტერებშებმული ქარიოტი დგას დიონისეს ქანდაკებით. შენობის ინტერიერზე იმ დროის განთქმული არქიტექტორი იოჰანეს შილინგი მუშაობდა. პორტალის მონუმენტებზე გამოსახულია უდიდესი ხელოვანები იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე, ფრიდრიხ შილერი, უილიამ შექსპირი, სოფოკლე, მოლიერი და ევრიპიდე.

შენობა პირველად აიგო 1841 წელს არქიტექტორი გოტფრიდ ზემპერის პროექტით, ადრეული რენესანსის სტილში. ეს იყო გეგმაში მრგვალი ფორმის მქონე ნაგებობა, რომელიც იმჟამინდელი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ოპერად ითვლებოდა.

1869 წლის ხანძრის შედეგად შენობა ხელმეორედ იქნა ასაგები. მოქალაქეების მოთხოვნით რეკონსტრუქცია თავად გოტფრიდ ზემპერს უნდა განეხორციელებინა, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში არქიტექტორი დევნილი იყო 1849 წელს დრეზდენის აჯანყებაში მონაწილეობის გამო. მეორე ოპერის შენობა ზემპერის პროექტით მისმა შვილმა ააგო ნეორენესანსის სტილში 1878 წელს. მშენებლობის პერიოდში წარმოდგენები იმართებოდა გევერბეჰაუსზალში (დრეზდენის ფილარმონია), რომელიც 1870 წელს გაიხსნა.

ომამდელ პერიოდში შენობაში რიხარდ შტრაუსის მრავალი ნაწარმოების პრემიერა გაიმართა. მეორე მსოფლიო ომის ბოლო რამდენიმე კვირის პერიოდში დრეზდენის მოკავშირეთა მიერ დაბომბვისა და მის გამო გაჩენილ ხანძარში შენობა ისევ განადგურდა. ზუსტად 40 წლის შემდეგ, 1985 წლის 13 თებერვალს, ოპერის შენობის რეკონსტრუქცია დასრულდა მის ომამდელ მდგომარეობაში. პირველი საოპერო სეზონი გაიხსნა 1945 წელს დანგრევამდე შესრულებული ბოლო ოპერით: ვებერის ”ფრაიშუტცი”.

ამჟამად თითქმის ყველა საოპერო წარმოდგენა იმართება დრეზდენის სახელმწიფო ორკესტრის (Sächsische Staatskapelle Dresden) თანხლებით. წარმოდგენებზე, როგორც წესი, სრული ანშლაგია.