დიონიჯო კარლი და პიაჩენცა

დიონიჯო კარლი და პიაჩენცა (იტალ. Dionigi Carli da Piacenza; დ. 1635, ქ. პიაჩენცა, — გ. 21 აპრილი, 1695, ვენეცია) — იტალიელი ქრისტიანი მისიონერი, კაპუცინთა ორდენის წევრი (1652 წლიდან).

დიონიჯომ მისიონერობა დაიწყო 1667-1671 წლებში კონგოში, შემდეგ იყო ბრაზილიაში, ხოლო 1678 წელს გააგრძელა მისიონერობა მცირე აზიასა და სპარსეთში. 1681 წელს, როგორც კაპუცინთა მისიის ვიცე-პრეფექტი, ჩამოვიდა თბილისში და ექვს თვეს დარჩა. შემდეგ წინამძღვრად იყო გორის კათოლიკეთა ჰოსპიტალში. საქართველოში დიონიჯომ 1684 წლამდე დაჰყო. სიცოცხლის ბოლო წლები დიონიჯომ ვენეციაში გაატარა, სადაც გარდაიცვალა 1695 წელს.

მისი რელაციონი (დაიბეჭდა 1687 წელს) საყურადღებო წყაროა XVII საუკუნის უკანასკნელი მეოთხედის აღმოსავლეთ საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების შესასწავლად. მასში საკმაოდ ვრცლადაა აღწერილი თბილისელთა და, საერთოდ, ქართველთა ყოფა (ჩაცმა-დახურვა, ქორწილი, გლოვის წესი, ყაბახი, ჩოგანბურთი და სხვ.), აგრეთვე ქართველების ურთიერთობა ირანთან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თბილისის აღწერა. იტალიური ტექსტი თარგმნა და შენიშვნები დაურთო ბ. გიორგაძემ, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1951, ნაკვ. 29., გვ.153-182.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Carli, Dionigi — Enciclopedia Italiana (იტალიურ ენაზე).