დიმიტრი ბაქრაძის არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში
დიმიტრი ბაქრაძის არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში (28 ივლისი (9 აგვისტო) — 12 (24) ოქტომბერი, 1873) — არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში (ოსმალეთი) დიმიტრი ბაქრაძის ხელმძღვანელობით, რომელიც მოეწყო რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის დავალებით. მოგზაურობის ფარგლებში მოვლილ იქნა გურიის (რუსეთის იმპერია), ჩურუქ-სუსა და აჭარის (ოსმალეთის იმპერია) ტერიტორია.
1873 წელს დ. ბაქრაძემ რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიას მიმართა წერილით, რომელშიც ის მოუწოდებდა დროულად დაეწყოთ ყოველმხრივ მდიდარი კავკასიის არქეოლოგიურად შესწავლის პროცესი. მან მცირე ისტორიული ექსკურსით აუხსნა აღნიშნული რეგიონის მისი მნიშვნელობა. წერილში აღნიშნა ისიც, რომ ისტორიულ სამხრეთ საქართველოში ქართული ეპიგრაფიკული წარწერები მოინახულეს და გადმოიღეს, ადგილზე შემთხვევით მოხვედრილმა მკვლევარებმა: აბიხმა, სანიკოვმა, კ. კოხმა და ნერსეს სარგისიანმა. ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რაინეგსის, გიულდენშტედტის, კლაპროთის, შეგრენის, ბროსეს, აბიხის და დიუბუა დე მონპერეს ნაყოფიერი მოგზაურობა კავკასიაში სწორედ მთავრობის ინიციატივითა და ხარჯით მოეწყო. ასევე სურვილი გამოთქვა, რომ თუ იქნებოდა დაინტერესება, ის მზად იყო ადგილზე გაეგრძელებინა მ. ბროსეს ინიციატივით დაწყებული კვლევა. მან ასევე შესთავაზა აკადემიას მისებური ხედვა, თუ როგორ ესახებოდა მას მთელი პროცესი დასაწყისიდან დასრულებამდე.
1873 წელს დ. ბაქრაძის ექსკურსიის შედეგად წარმოქმნილი „არქეოლოგიური მოგზაურობა“ მოეწყო რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის დავალებითა და კავკასიის მეფისნაცვლის თანხმობით. მან მოიარა მხოლოდ ის რეგიონი, რომელიც მას აკადემიამ „ინსტრუქციით“ გაუწერა.
ყურადღების ღირსია ის ფაქტიც, რომ დ. ბქრაძე თავის აკადემიის მიმართ წერილში არ იხსენებს დ. ერმაკოვის მიერ სამხრეთ საქართველოში მოგზაურობის ფაქტს, ხოლო მის ექსპედიციის აღწერის ნაწილში კი იუწყება, რომ „...ბოლოს, ვინმე ერმაკოვმა ამას წინათ გადმოიღო ოსმალოს საქართველოს, გურიის, იმერეთისა და სვანეთის ზოგიერთი ეკლესიის ხედები და წარწერები“. შესაბამისად ის დ. ბაქრაძე და დ. ერმაკოვი ერთმანეთს აღნიშნულ პერიოდში არ იცნობდნენ.
მოგზაურობის წევრები:
- ჯგუფის ხელმძღვანელი — დიმიტრი ბაქრაძე;
- გამყოლი (ოსმალეთის ტერიტორიაზე) — ისმაილ გოგიტიძე.
მარშრუტი
რედაქტირებაროგორც დ. ბაქრაძე იუწყება, თბილისში მისმა პირადმა საქმეებმა ის დააყოვნა მთელი 1873 წლის გასაფხულსა და ნაწილობრივ ზაფხულში. ხოლო ზაფხულის მზიანი დღეებით დაიმედებულმა, რომ შემოდგომაც მშრალი იქნებოდა, იმედები გაუცრუვდა, რადგან მთელი მოგზაურობის განმავლობაში (აგვისტოდან ოქტომბრის პირველ რიცხვებამდე) გადაუღებლად წვიმდა.
დ. ბაქრაძე მატარებლით თბილისიდან ქუთაისისკენ 1873 წლის 28 ივლისს გამოემართა. მატარებელში მისი მეგზური იყო ვინმე თბილისელი მოქალაქე შაქრო აბრამიშვილი, რომელსაც მისივე თქმით მთელი კავკასია ჰქონდა შემოვლილი. მატარებელი ქუთაისში საღამოს 8 საათზე ჩავიდა და ჯგუფი ქალაქში არსებულ სასტუმრო „კოლხეთში“ განთავსდა. სასტუმროს მეპატრონის, თავად სიმონ აბაშიძის სახლში XVI-XVII საუკუნეების სამი საეკლესიო წიგნი ანახეს.
მეორე დღეს ჯგუფი ქუთაისიდან ოზურგეთში დღის 4 საათზე ჩავიდა და ადგილობრივ სასტუმროში გაჩერდა. ოზურგეთში ჩასულმა ინახულა მისი ძველი ნაცნობები, რომელთაც გამოხატეს მზაობა დახმარებოდნენ მას გურიის არქეოლოგიურ აღწერაში. ასეთები იყვნენ: გურიის ეპისკოპოსი გაბრიელი, თავადები გრიგოლ დავითის ძე და დიმიტრი ქაიხოსროს ძე გურიელები და ერთ დროს მისი თანასემინარიელი დეკანოზი სიმონ ქიქოძე. ადგილზე გეგმები შეიცვალა და მოგზაურობის მარშრუტის დაწყება აჭარიდან გადაწყდა.
3 აგვისტოს დ. ბაქრაძე თანმხლებ პირებთან ერთად ოზურგეთიდან ბათუმის მიმართულებით გაემართა. ბათუმში ჩასული, ვინმე ახალციხელი სომეხი ვაჭრის სტეფანე დადებოვის მაღაზიის ზედა სართულზე დაბინავდა. მეორე დღეს დ. ბაქრაძე ბათუმის მუდირთან ერთად ეწვია ლაზისტანის საფაშოს დედაქალაქში მჯდომ ლაზეთის ფაშას. დ. ბაქრაძის მრავალი ახსნა-განმარტების შემდეგ ვერ მოხერხდა იმ დღეს მისი დაყოლიება, რომ მოევლო საფაშოს ტერიტორია და აღეწერა იქ მდებარე ძეგლები. ერთ კვირიანი დაყოვნების შემდეგ გადაწყდა მისი აჭარაში შეშვების საკითხი. მთელი მისი ოსმალეთის ტერიტორიაზე ყოფნისას მას დაუნიშნეს გამყოლად ისმაილ გოგიტიძე. ბათუმში ყოფნის დროს ინახულა მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის აღმოსავლეთით მთაზე მდებარე სამების გუმბათჩამოქცეული ტაძარი.
10 აგვისტოს ჯგუფი (დ. ბაქრაძე და ი. გოგიტიძე) ბათუმიდან ხულოს მიმართულებით გაემგზავრა. გზად მოინახულა ცივასულას ციხე და ბოლოს ჩავიდა ქედაში. 12 აგვისტოს გაიარეს სოფლები ზვარე, ვარჯანისი, აბუქეთა, დანდალოს ხიდი, კავიანის ციხე და ბოლოს შუახევში მივიდნენ. იმავე დღესვე მოინახულა და აღწერა სხალთის ტაძარი. 14 აგვისტოს ჯგუფმა ხულოს მიაღწია. 21 აგვისტოს ჯგუფმა ხულო დატოვა და ჭვანას გავლით უღელტეხილით ზემო ხინოში გადავიდა, სადაც მოინახულა ძველი საკათედრო ტაძარი ხინოწმინდა. მოგზაურობა ჭახათის მიმართულებით გაგრძელდა და მეორე დღის ნაშუადღევს დ. ბაქრაძემ ოსმალეთის იმპერია ჩოლოქის საგუშაკოს გავლით დატოვა და ოზურგეთის მაზრაში გადავიდა.
ოზურგეთის მაზრაში მიმოსვლისას ახსენებს ქაქუთის ეკლესიას (აღწერა: მაცხოვრის ვერცხლის მოოქროვილი ჭედური ხატი, ვერცხლის ფეშხუმი), ჭანიეთის ეკლესიას (აღწერა: ღვთისმშობლის ვერცხლის მოოქროვილი ხატი), აჭის ეკლესია (აღწერა: [მონასტრის კუთვნილი საგანძური] ჯვარცმის ჭედური ხატი, წმინდა გიორგის ვერცხლის მოოქროვილი ჭედური ხატი, წარწერიანი ქვა), ლიხაურის ეკლესია (აღწერა: წმინდა იაკობის ხატი, ორი ღვთისმშოვლის ხატი, მაცხოვრის ხატი და ორი ზარი). ლიხაურიდან ოზურგეთში გადასულმა ერთი კვირით დასვენების შემდეგ ინახულა შემოქმედის მონასტერი (აღწერა: ფერისცვალების ხატი, სამი ღვთისმშობლის ხატი, წმინდა 12 მოციქულთა ხატი, წმინდა დიმიტრის ხატი, სამი წმინდა გიორგის ხატი, ოქროს ბარძიმი, საწინამძღვრო ჯვარი, ოქროს ფეშხუმი, ოქროს დაფარნა, ბზობის ჭედური ხატი, მაცხოვრის ხატი; [ზარზმის მონასტრის კუთვნილი საგანძური] მაცხოვრის ხატი, ღვთისმშობლის ხატი, ორი ჯვარი, ფერისცვალების ხატი, ვერცხლის ბარძიმი; [საათაბაგოდან გადმოტანილი საგანძური] ვერცხლის მოოქროვილი ჭედური ჯვარი, 2ღვთისმშობლის ხატი, მღვდელთმთავრის კვერთხი, ფეშხუმის დაფარნა; [სკივრში შეგროვებული სხვადასხვა ტაძრის დაზიანებული საგანძური] დამტვრეული ჯვრები, გაპობილი ხატები, ხატის ვერცხლის ზურგი, დამტვრეული მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი, მაცხოვრის ხატი და სხვა მრავალი დაზიანებული საეკლესიო ნივთი). შემოქმედის ხელნაწერებს შორის აღწერა შემოქმედის გულანი, „ფუთკარი“. შემოქმედის შემდეგ ინახულა გუნებისკარის ეკლესია (აღწერა: წმინდა გიორგის ხატი), გომის ეკლესია (აღწერა: ნათლისმცემლის ხატი). 7 სექტემბერს (ღვთისმშობლის შობის დღეს) იმყოფებოდა ბახვში, სადაც ინახულა ბახვის ეკლესია. შემდეგ გადავიდა ასკანაში სადაც ერთ ეკლესიაში ნახა წმინდა ესტატეს ხატი, მეორე კი, რომელიც მდიდარი იყო ფრესკებით დეტალურად აღწერა. დ. ბაქრაძეს არ გამორჩენია ასკანის ციხის მონახულებაც. შემდეგ ინახულა ვანისქედისა და ბასილეთის ხის ეკლესიები (ამ უკანასკნელში აღწერა წმინდა ბასილი დიდის ხატი და წმინდა გიორგის ხატი). 11 სექტემბერს ოცხაანში გაემგზავრა. აღწერა მიწიეთის ეკლესიის წმინდა გიორგის ხატი, ჯვარი, ხელნაწერი „მარხვანი“. ინახულა ერკეთის ეკლესია (აღწერა: მაცხოვრის ხატი, მთავარანგელოზთა ვერცხლის ჭედური ხატი, წმინდა გიორგის ხატი, ერკეთის გულანი). 14 სექტემბერს სუფელ ხევში ნახა სახარება და ერთი ხელნაწერი წიგნი. ვანის წმინდა გიორგის ეკლესიაში ნახა წმინდა გიორგის ვერცხლის ჭედური ხატი, სურებში ჯვარი და წმინდა გიორგის ხატი, ბუკისციხის ხის ეკლესიაში იოანე ნათლისმცემლის ვერცხლის მოოქროვილი ჭედური ხატი. სოფელ ნონეიშვილებში ინახულა გუმბათიანი ეკლესია (აღწერა: ვერცხლის ფეშხუმი, ვერცხლის ბარძიმი, იოანე ნათლისმცემლის ხატი). ინახულა ზემო ხეთის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია (აღწერა: ორი ჯვარი). 18 სექტემბერს გამოჩინებულის მონასტერში იმყოფებოდა (აღწერა: ღვთისმშობლის ხატი და ჯვარი, ასევე სამი სიგელი). 19 სექტემბერს მოინახულა უდაბნო და მისი პატარა ბიბლიოთეკა. 21 სექტემბერს აკეთში მაცხოვრის ეკლესია ინახულა (აღწერა: საწინამძღვრო ჯვარი, ღვთისმშობლის ხატი, ჯვარი, სამი წმინდა გიორგის ხატი). აცანას ეკლესია (აღწერა: ძიმითის წმინდა გიორგის ხატი, აცანის მაცხოვრის ხატი, ძიმითის ზარი), ოქონის მონასტერი (აღწერა: ფერისცვალების ხატი, ცერცხლის საცეცხლური, ვერცხლის ბარძიმი, დიდი და პატარა ჯვარი). ნიგოითის წმინდა გიორგის ეკლესია, ჯუმათის ტაძარი (აღწერა: წმინდა გიორგის ხატი, სამი მიქაელ მთავარანგელოზის ხატი, გაბრიელ მთავარანგელოზის ხატი, მიქელ-გაბრიელის ხატი, მაცხოვრის ხატი, საწინამძღვრო ჯვარი). 29 სექტემბერს ბაილეთის ეკლესია (აღწერა: ღვთისმშობლის კარედი ხატი, წმინდა თევდორეს ხატი, ვერცხლის ჯვარი, მიქაელ მთავარანგელოზის ხატი, ღვთისმშობლის ხატი, მაცხოვრის ხატი, წმინდა თევდორესა და გიორგის ხატი). ციხის ეკლესია (აღწერა: ღვთისმშობლის ხატი, მთავარანგელოზის ხატი და წმინდა მარინესა და გიორგის ხატი), ზედაუბნის ეკლესია (აღწერა: სამი ხატი). ვაშნარიდან ოზურგეთში გადავიდა, სადაც ერთი კვირით გაჩერდა. შემდეგ აპირებდა ფოთი-პალიასტომის მიდამოების დათვალიერებას, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო მოუწია მოგზაურობის შეწყვეტა და 12 ოქტომბერს თბილისისკენ გამოემართა.