დიდი სერების გორასამარხი
დიდი სერების გორასამარხი — ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის დასასრულის – II ათასწლეულის დასაწყისის არქეოლოგიური ძეგლი სოფელ ნუკრიანთან (სიღნაღის მუნიციპალიტეტი).
გათხარა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. კ. ფიცხელაური) 1975 წელს. გორასამარხი დაზიანებული იყო (შემორჩენილი მიწაყრილის სიმაღლე — 1 მ, დიამეტრი — 20 მ). ცენტრალურ ნაწილში 0,10 მ სიღრმეზე გამოვლინდა 2 მ სიგრძისა და 1,90 მ სიგანის ოთხკუთხა ორმოსამარხი, რომელიც დამხრობილი იყო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. მიცვალებული დაკრძალული იყო კიდურებმოხრილი, თავით — დასავლეთისკენ. მარცხენა ხელი ზურგისკენ ჰქონდა გაშვერილი.
სამარხში აღმოჩნდა ბრინჯაოს ყუნწმოტეხილი სატევარი, ოთხწახნაგა ისრისპირი, თეთრი კირქვის ლახტისთავი, თიხის ჭურჭელი (9 ც.), მსხვილფეხა საქონლის თავის ქალები, წვრილფეხა საქონლის ძვლები, სამეურნეო დანიშნულების 2 ქილა, 2 ქოთანი, კოჭობი, ცალყურა სასმისი და სხვ. მასალა ინახება სიღნაღის მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Пицхелаури К. Н. и др., Краткий отчет кахетской археологической экспедиции в 1975 г., კრ.: Полевые археологические исследования в 1975 г., Тб., 1979.
- რუსიშვილი რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.