დიდი სამსარის საეკლესიო კომპლექსი

დიდი სამსარის საეკლესიო კომპლექსიეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალქის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ სამსარში. გამოქვაბულთა კომპლექსი მდებარეობს მდინარე მეგრეკის მარჯვენა ნაპირზე, კანიონის კლდის მასივში.

გამოქვაბულები ორ-სამ იარუსადაა გაშლილი. რამდენიმე ნაწილადაა დაჯგუფებული. შედგება სამლოცველოების, სატრაპეზოს, სენაკების, სამეურნეო დანიშნულების ქვაბულების, გვირაბების და მთავარი ეკლესიისგან. დასავლეთით მდებარეობს სამი ერთნაირი გამოქვაბული დარბაზი, რომელთაც შესასვლელი კარის გარდა სამხრეთის მხარეს აქვს პატარა ღიობები, ჭერში გაკეთებული აქვთ საკვამლე ხვრელი გვერდითა და უკანა კედლებზე კი თაღჩები და გვირაბები. პირველი გამოქვაბულის აღმოსავლეთის კედელზე მხართეძოზე წამოწოლილი კაცის რელიეფია გამოკვეთილი. მესამე გამოქვაბული მცირე სამლოცველოა, რომელსაც ოთხივე მხარეს კელდებზე დეკორატიული თაღები აქვს ამოკვეთილი. ჭერი კამაროვანი აქვს. კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს მთავარი ეკლესია, რომელიც წარწერის თანახმად ღვთისმშობლის სახელობის ყოფილა. ესაა კლდეში ნაკვეთი ცენტრალურგუმბათიანი ნაგებობა. აფსიდა ნახევარწრიულია. ტაძრის სივრცე ორი წყვილი სვეტით სამ ნაწილადაა გაყოფილი. კლდეში გაკეთებული ნამდვილი გუმბათი ეყრდნობა აფსიდისა და აღმოსავლეთით ორ თავისუფლად მდგარ ბუჯრს. საკურთხეველს ქვის კანკელი ქონია, რომლის ფრაგმენტებიღაა ახლა შემორჩენილი. ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხიდან კარით გასასვლელია მცირე სამლოცველოში, მასაც ნახევარწრიული აფსიდა აქვს. ტაძარი მოხატული ყოფილა. მხატვრობა აღარაა შემორჩენილი. ტაძრის თავზე, სამხრეთ ფასადზე კლდეზე შესრულებული ასომთავრული წარწერაა:

ვიკიციტატა
„ქ. აშენდა წმიდაი ესე ვანი ღვთისმშობლის სამკვიდრე ოდეს ქართველთა მეფემან, კურაპალატმა დავით და ერმან ყოველმან ესე ვანი და კრებული შეგუიბრალა, მაშინ დიდისა ჭირისაგან გუიხსნა და უფალო იხსენინ იგიცა დღესა მას განკითხვისასა. სულამ მაშინ დავწერე, ოდეს აგარიანთა მცხეთის ეკლესიაი დაწუეს და ნინოის ხელი ტყუედ წარიტანეს.“

ერთ-ერთ საფასადო ქვაზე მეორე წარწერაა:

ვიკიციტატა
„სახელითა ღმრთისაითა და მეოხებითა წმიდისა ღვთისმშობელისაითა, ესე წმიდაი ეკლესია ოდეს აღეშენა, მაშინ ესე ადგილი ტყისგან არა ჩნდა.“

დიდი სამსარის საეკლესიო კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10962

სქოლიო რედაქტირება