დვაბზუს ეკლესიები

(გადამისამართდა გვერდიდან დვაბზუს ეკლესია)

დვაბზუს ეკლესია — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სოფელ დვაბზუში, გურიაში. ეკლესია და სამრეკლო დგას სოფლის ცენტრში, სასაფლაოზე. კომპლექსის ეზოში დგას ასევე 1874 წელს აშენებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

დვაბზუს ეკლესია

დვაბზუს ორი ეკლესია

ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°56′09″ ჩ. გ. 42°03′09″ ა. გ. / 41.93583° ჩ. გ. 42.05250° ა. გ. / 41.93583; 42.05250
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა დვაბზუ
სასულიერო სტატუსი ტაძარი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა შემოქმედის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული ეკლესია
თარიღდება V-VI საუკუნეები
დეტალები

ლეგენდა რედაქტირება

ლეგენდის თანახმად, დვაბზუს მეზობელ სოფელ მელექედურში იდგა წმინდა გიორგის ეკლესია, სადაც ინახებოდა წმინდა გიორგის ორი ერთნაირი ხატი. მღვდელს ხატები გამუდმებით იატაკზე დაყრილი ხვდებოდა. მას სიზმარში წმინდა გიორგი გამოეცხადა და უთხრა, რომ ორი ხატი ერთ ტაძარში ვერ მოისვენებდა და დაავალა, შეება ერთი უღელი ხარი, დაესვენებინა ზედ ერთი ხატი და გაეშვა. სადაც ურმის ღერძს ცეცხლი გაუჩნდებოდა, იქ აეგოთ ახალი ტაძარი. ასე აშენდა ტაძარი სოფელ დვაბზუში.

ისტორია რედაქტირება

დვაბზუს წმინდა გიორგის ეკლესია ნახსენებია როსტომ გურიელის დროს შედგენილ საბუთში, რომელიც გადაწერილია ლაზარე ხავთასის მიერ. 1828 წელს ეკლესიის მრევლი შეადგენდა 68 კომლს.[1] 1874 წელს აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ახალი ეკლესია. მშენებლები იყვნენ იოანე და კონსტანტინე ბერძნები, პირველი მღვდლები — გიორგი და იონა ღლონტები. იონა ღლონტი 1909 წელს საკურთხეველთან მოკლა კიკია მამულაიშვილმა და გავარდა ფირალად. მკვლელობის მიზეზი გახდა შენიშვნა, რომელიც მღვდელმა მამულაიშვილს მისცა ტაძარში ქუდით დგომისა და სიგარეტის მოწევის გამო. 1910 წლის 5 აგვისტოს ეკლესიის ეზოში დაიწყო არქეოლოგიური გათხრები, აღმოჩნდა ბოლნური ჯვარი. ტაძარი მოქმედებდა 1930 წლამდე და აღდგა 1990-იანი წლებიდან.[2]

არქიტექტურა რედაქტირება

VI საუკუნის ეკლესია რედაქტირება

 
1874 წლის ეკლესია

ეკლესია დარბაზულია და განეკუთვნება V-VI საუკუნეებს, აღდგენილია 2010-იან წლებში. თავდაპირველი ეკლესია ნაგები იყო რიყის ქვით დუღაბზე. პერანგად გამოყენებული იყო დიდი ზომის და სხვადასხვა ფორმის ქვები. ძველი ეკლესიისგან შემორჩენილი იყო ორი შესასვლელი - ჩრდილოეთის თაღოვანი და დასავლეთის ნახევარწრიული აბსიდის შუაში სარკმელი იყო გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს ტრაპეციის ფორმის თითო ნიშა იყო ამოჭრილი, ზემოთ კი კედლებში ჩატანებული იყო ქვევრები. ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილი იყო პილასტრის დამასრულებელი კაპიტელი. სამხრეთის კედელი სრულად, ხოლო დასავლეთის კედელი ნაწილობრივ იყო დანგრეული. ეკლესიას აღდგენის შემდეგ შესასვლელი აღმოსავლეთის გარდა ყველა კედელში გაუკეთდა. ინტერიერი შელესილია და თეთრად შეღებილი, იატაკად ბრტყელი აგურია დაგებული. გადახურულია კრამიტით.

სამრეკლო-კოშკი, დგას ტაძრის დასავლეთით. ამჟამად გადაკეთებულია. ნაგებია რუხი ფერის ქვით. პირველი სართული ოთხკუთხაა და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენაა თაღებით გახსნილი. მეორე და მესამე სართული მთლიანად ახლიდანაა აშენებული და ოვალური ფორმისაა. მეორე სართულს აივანი აქვს გაკეთებული, მესამე სართული კი თაღოვანი ფანჩატურია. კომპლექსის დასავლეთით, გზის პირას, კოშკზე მიდგმულია ახალი ყორე კედელი შესასვლელით.

წმინდა გიორგის ეკლესია რედაქტირება

 
VI საუკუნის ეკლესია

წმ. გიორგის სახელობის ეკლესია საამშენებლო თარიღის მიხედვით 1874 წელსაა აგებული. შვერილაბსიდიანი დარბაზული ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, საპერანგე ქვად რუხი ფერის ფილებია გამოყენებული. ეკლესიას სამი შვერილი ნახევარწრიული აბსიდი აქვს. მათგან შუალა უფრო მოზრდილია. ბსიდებს მთავარი სივრცისაგან დამოუკიდებელი გადახურვა აქვს. შესასვლელი აღმოსავლეთის გარდა ყველა კედელშია გაჭრილი. ასევე ყველა კედელში სამ-სამი ფართო და სწორკუთხა სარკმელია. ეკლესია დასრულებულია თაროსებრი ქვის ლავგარდნით. გადახურულია თუნუქით. დარბაზი სიგრძეზე აღმართული ორი წყვილი სვეტითაა დანაწევრებული. თითოეული მათგანი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით სრულდება, რომელთა ღერძზე თითო სარკმელია გაჭრილი. დასავლეთის შესასვლელის ტიმპანზე ჯვრის მიერ გველეშაპების დათრგუნვაა გამოსახული. აქვეა საამშენებლო წარწერა მოცემული. მარტივადაა გაფორმებული ჩრდილოეთის და სამხრეთის კარები. ჩრდილოეთის კარის არქიტრავზე ასევე საამშენებლო წარწერაა მოთავსებული:

 
„ჩყდოსა წელსა 1874 შეწევნითა ღვთისათა აშენდა ეკლესია ესე ხელვანობითა უსტა იოვანე და კონსტანტინე ბერძნებისათა“

ეკლესია XIX ს. საქართველოში დამკვიდრებული არქიტექტურული სტილის ნიმუშია, რომლებიც სხვადასხვა სოფელში არაერთია შემორჩენილი. ამავე დროს, ეს არის იშვიათი გამონაკლისი, გურიაში აშენებული ამ ეპოქის ძეგლებისა, რომელიც XX ს. 20-30-იან წლებში კომუნისტურ რეჟიმს გადაურჩა და არ დაინგრა. გარდა ამისა, ეკლესია ღირებულია თავისი საამშენებლო წარწერის გამოც, რომელიც ტაძრის მშენებლობაში ბერძენთა მონაწილეობაზე მიუთითებს. ეკლესია მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და 2002 წლიდან დროებით ხარაჩოებშია ჩასმული.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ქართველიშვილი თ., „გურიის საეპისკოპოსოები“, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 71, ISBN 99940-11-89-8.
  2. გოგუაძე დ., „მასალები დვაბზუს ისტორიიდან“ // „ალიონი“ : გაზეთი, 2017, № 14, გვ. 7.