დედამიწის სტრუქტურა

დედამიწის სტრუქტურადედამიწის შინაგანი ნაწილი, რომელიც აერთიანებს ბირთვსა და მომიჯნავე გარსებს და ასევე მანტიას. მიუხედავად თანამედროვე ტექნიკური მიღწევებისა, დედამიწის სიღრმეთა შესახებ ცნობები მაინც მწირია. ყველაზე ღრმა ჭაბურღილი დაახლოებით ათასჯერ ნაკლებია დედამიწის რადიუსზე. თუკი დედამიწას წარმოვიდგენთ დიდი ვაშლის სახით, მაშინ ყველაზე ღრმა ჭაბურღილი მხოლოდ მის კანს გახვრეტდა.

დედამიწის სტრუქტურა
დედამიწის ჰიფსოგრაფიული რუკა

დედამიწას გააჩნია ფენობრივი შიდა აგებულება. მყარი დედამიწის აღნაგობაზე მსჯელობენ გეოფიზიკური, უპირველეს ყოვლისა, სეისმური მეთოდების საფუძველზე. ამასთანავე დედამიწის ზედაპირზე ახდენენ აფეთქებას, რათა აღნიშნონ თუ რა სიჩქარით ვრცელდება აფეთქებით გამოწვეული რყევა. ამ მონაცემების მიღების შემდეგ, მკვლევრები საზღვრავენ, რომელი ქანები გაიარა სეისმურმა ტალღებმა. სხვადასხვა ქანში სეისმური ტალღების გავლის სიჩქარე სხვადასხვაგვარია.

უშუალო დაკვირვებისათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ დედამიწის გარსი — დედამიწის ქერქი (A). დადგენილია რომ დედამიწის ქერქი მკვეთრადაა გამოყოფილი მის ქვეშ მდებარე მანტიისაგან ე. წ. მოხოროვიჩიჩის ზედაპირით. განარჩევენ დედამიწის ქერქის ორ ძირითად ტიპს — კონტინენტურსა და ოკეანურს. კონტინენტური ქერქი შედგება ზედა — დანალექი ფენისაგან, შუა — „გრანიტული“ ფენისაგან და ქვედა — „ბაზალტური“ ფენისაგან. ოკეანურ ქერქში დანალექი ფენა თხელია, „გრანიტული“ — საერთოდ არ არის, ხოლო „ბაზალტური“ ფენის სისქე დაახლოებით 5 კმ უდრის.

მანტია შედგება 3 ფენისაგან და ვრცელდება მოხოროვიჩიჩის ზედაპირიდან 2900 კმ სიღრმეზე (დედამიწის ბირთვამდე). B ფენის ზედა ნაწილი, რომელიც უშუალოდ ქერქს მოსდევს, ცნობილია სუბსტრატის სახელწოდებით და ქერქთან ერთად შეადგენს ლითოსფეროს. დედამიწის ბირთვის საშუალო რადიუსი დაახლოებით 3,500 კმ უდრის და იყოფა გარეგან ბირთვად (E), გარდამავალ ზონად (F) და შიდა ბირთვად (G), რომლის რადიუსია 1,3 ათ. კმ. მანტია მოიცავს დედამიწის (ატმოსფეროს გარეშე) 83% და მასის 67%.

დედამიწის ბირთვი დედამიწის ცენტრალური ნაწილია, რომელიც შემოსაზღვრულია 3470 კმ საშუალო რადიუსის მქონე სფერული ზედაპირით. მდებარეობს 2900 კმ სიღრმეზე მანტიის ქვემოთ. დედამიწის ბირთვს ყოფენ გარეგან ბირთვად (E ფენა), გარდამავალ ზონად (F ზონა) და შიგაბირთვად (G ფენა). მის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ყოველი ინფორმაცია მიღებულია არაპირდაპირი გეოფიზიკური და გეოქიმიური მეთოდებით.

აღსანიშნავია, რომ დედამიწის წიაღში ტემპერატურა სიღრმესთან ერთად მატულობს: კონტინენტური ქერქის ქვეშ იგი 600-700 °C ტოლია, მანტიაში (C ფენაში) — 1500-1800 °C, ბირთვში (სავარაუდოდ) 4000-5000 °C არ აღემატება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Мильничук В.С, Арабаджи М. С., Общая геология, М., 1979.
  • Kruglinski, Susan. "Journey to the Center of the Earth." Discover.