და დღე იყო გრძელი წუთისოფელზე

და დღე იყო გრძელი წუთისოფელზე (რუს. И дольше века длится день) 一 ყირგიზი ავტორის, ჩინგიზ აითმათოვის 1980 წლის რომანი.

„და დღე იყო გრძელი წუთისოფელზე“
И дольше века длится день
ავტორი ჩინგიზ აითმათოვი
ქვეყანა საბჭოთა კავშირი
ენა რუსული
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
გამომცემელი Novy Mir
გამოცემის თარიღი 1980
მედია ბეჭდური
გვერდი 368
oclc 255105725
ISBN 0-253-11595-7

1990 წელს სსრკ-ში გამოვიდა რომანის ეკრანიზაცია სახელწოდებით „მანქუურთი“, რომლის რეჟისორია ხოჟადურდ ნარლიევი, ხოლო სცენარის ავტორია მარია ურმატოვა.

სათაური რედაქტირება

აითმათოვმა პერესტროიკის დროს გამოცემულ ერთ-ერთ წერილში ისაუბრა ნაწარმოების სათაურის შესახებ. მისი თქმით, წიგნის საწყის სათაურს რგოლი (რუს. "Обруч") წარმოადგენდა, თუმცა, წიგნის ცენზურას დაქვემდებარების შემდეგ, მას სახელის შეცვლა მოუწია. ამჟამინდელი სათაური აღებულია ცნობილი რუსი მწერლისა და პოეტის, ბორის პასტერნაკის ლექსიდან - „უნიკალური დღეები“.  

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

რომანის მთხრობელი ბურანი ედიგეია, რომელიც რკინიგზის სადგურზე მეისრედ მუშაობს. სიუჟეტი შუაღამისას იწყება, როცა მას მეგობრის, კაზაპანგის, ცოლი უკუბალა ესტუმრება და თავისი მეუღლის გარდაცვალების შესახებ შეატყობინებს.

ოცდაათი წლის წინ, 1944 წლის მიწურულს, ედიგეი კონტუზიის გამო სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს. ექიმმა უთხრა მალე მორჩებიო, ოღონდ ფიზიკურ შრომას უნდა მორიდებოდა. მეუღლესთან ერთად რკინიგზას მიაშურა - იქნებ დარაჯად მაინც აეყვანათ. იქ კაზანგაპი გაიცნო, რომელმაც მეისრეობა შესთავაზა. თავიდან ედიგეი ვერაფრით ეგუებოდა უდაბნოს უკაცრიელ სივრცეს, სადაც მხოლოდ რამდენიმე სახლი იდგა. რა იცოდა, რომ მთელ დარჩენილ ცხოვრებას აქ გაატარებდა, აქედან ოცდაათ წელს - კაზანგაპის გვერდით. კაზანგაპმა თავიდანვე გაუმართა ხელი - მოსაწველად აქლემი მისცა, მერე იმისი შვილიც აჩუქა, რომელსაც კარანარი დაარქვეს. ედიგეის და კაზანგაპის შვილები და-ძმებივით იზრდებოდნენ.

კაზანგაპის დაკრძალვა მას მოუწევს, ამან კი უამრავი საზრუნავი გაუჩინა. ედიგეი სამსახურიდან ბრუნდებოდა. უეცრად იგრძნო, როგორ შეტორტმანდა მის ფეხქვეშ მიწა. მერე დაინახა, როგორ აიჭრა ცაში სარა-ოზეკის კოსმოდრომიდან რაკეტა. ეს რიგგარეშე გაფრენა იყო, რომელიც სსრკ-აშშ-ის ერთობლივ კოსმოსურ სადგურ „პარიტეტზე“ საგანგებო ვითარებას უკავშირდებოდა. „პარიტეტი“ გაერთიანებული ცენტრის სიგნალებზე უკვე თორმეტი საათია არ რეაგირებდა. სიტუაციის გასარკვევად სარა-ოზეკიდან და ნევადადან ერთდროულად ორმა რაკეტამ აიღო სტარტი.

ედიგეი დაჟინებით მოითხოვდა, კაზანგაპი საგვარეულო სასაფლაოზე დაეკრძალათ. სასაფლაოს თავისი ისტორია ჰქონდა. გადმოცემის თანახმად, სარა-ოზეკის დაპყრობის შემდეგ, ჟუანჟუანების ტყვეებს სასტიკად უსწორდებოდნენ - თავზე შირის, აქლემის დარბილებულ ტყავს აკრავდნენ. შირი მზეზე რომ გამოშრებოდა, მონას რკინის სალტესავით ეკვროდა და გონებას უბინდავდა. მონა მანქურთი[1] ხდებოდა - ადამიანი, რომელმაც არ იცოდა, ვინ იყო და საიდან მოდიოდა, ერთი სიტყვით უსამშობლო კაცი. ყველაზე მძიმე სამუშაოს ასრულებდა და ძაღლივით მხოლოდ საკუთარ პატრონს აღიარებდა.

ერთმა ქალმა, სახელად ნაიმან-ანამ, საკუთარ შვილს მიაკვლია, მანქურთად რომ ექციათ. ის პატრონის საქონელს მწყემსავდა. ვერც დედა იცნო და ვერც მამის სახელი გაიხსენა. „შენ ჟოლამანი გქვია“ - უთხრა შეწუხებულმა დედამ.

ქალი ჟუანჟუანებმა შენიშნეს და იძულებული გახდა, დამალულიყო. მწყემსს კი უთხრეს, რომ ის მის დასაღუპად იყო მოსული და თავის დასაცავად მშვილდ-ისარი დაუტოვეს.

ნაიმან-ანა შვილთან დაბრუნდა, ერთად რომ გაქცეულიყვნენ, მაგრამ ისრით გულგანგმირული დაეცა მიწაზე. ქალის თეთრი თავსაფარი ფრინველად გადაიქცა და ხმამაღლა გაჰყვიროდა: „გახსოვდეს, ვისი შვილი ხარ, მამაშენს დონენმაი ჰქვია! იმ ადგილს, სადაც ნაიმან-ანა დაკრძალეს, ანა-ბეითის სასაფლაო ჰქვია - დედათაგანსასვენებელი“.

დილისთვის ყველაფერი მზად იყო. კაზანგაპის ცხედარი ტრაქტორზე გამობმულ ურემზე დაასვენეს. წინ ოცდაათკილომეტრიანი გზა იყო. პროცესიას კარანარზე ამხედრებული ედიგეი მიუძღოდა, უკან ტრაქტორი და ექსკავატორი მოჰყვებოდნენ.

ედიგეი მოგონებბეში ჩაიძირა. იმ დღეებს იხსენებდა, როცა ის და კაზანგაპი მუხლჩაუხრელად შრომობდნენ. დღეს კი ახალგაზრდები დასცინიან - რისთვის იკლავდითო თავს! - ალბათ იცოდნენ, რისთვის.

ამასობაში კოსმონავტებმა „პარიტეტი“ დაათვალიერეს. აღმოჩნდა, რომ კოსმოსური სადგურის მომსახურე პერსონალი გამქრალიყო. სავახტო ჟურნალი კი ეკიპაჟის წევრების უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შესახებ იუწყებოდა. უცხოპლანეტელებმა კოსმონავტები თავისთან მიიპატიჟეს, ისინიც დასთანხმდნენ, ოღონდ ხელმძღვანელობას არაფერი შეატყობინეს - დარწმუნებულნი იყვნენმ, რომ, პოლიტიკური მოსაზრებების გამო, მათ ამის ნებას არავინ მისცემდა.

ახლა კი იუწყებოდნენ, რომ მათთვის უცნობ პლანეტაზე იმყოფებოდნენ და იქაურ ყოფას ეცნობოდნენ (განსაკუთრებით იმან გააოცათ, რომ იქ ომი არასოდეს ყოფილა). და კიდევ: უცხოპლანეტელებმა სურვილი გამოთქვეს, დედამიწას სწვეოდნენ. მათი ტექნიკური შესაძლებლობები ბევრად აღემატებოდა დედამიწისას, ამიტომ ვარსკვლავთშორისი სადგურის შექმნას სთავაზობდნენ. ამ მოვლენების შესახებ ჯერ არავინ არაფერი იცოდა, თვით ორი ქვეყნის მთავრობებმაც კი.

ედიგეი კი ერთ ძველ ისტორიას იხსენებდა. 1951 წელს მათ მხარეში ერთი ოჯახი ჩამოვიდა - ცოლ-ქმარი ორი ვაჟით. ამ გადაკარგულში ისინი კარგმა ცხოვრებამ როდი ჩამოიყვანა. 1943-ში ფაშისტთა ტყვეობას თავდაღწეული აბუტალიპი იუგოსლაველ პარტიზანთა შორის აღმოჩნდა. სახლში დაბრუნებულს არავითარი უსიამოვნება არ შეხვედრია, მაგრამ მალე იუგოსლავიასთან ურთიერთობა დაიძაბა და სამსახურიდან დაითხოვეს. ოჯახი ქალაქიდან ქალაქში გადადიოდა, ბოლოს ბორანლი-ბურანში აღმოჩნდა. არ ეგონათ, რომ აქ დიდხანს დარჩებოდნენ, რადგან მძიმე კლიმატსა და საყოფაცხოვრებო პირობებს ვერ ეგუებოდნენ. მიუხედავად ამისა, სიამტკბილობით ცხოვრობდნენ. აბუტალიპი არაჩვეულებრივი მეუღლე და მამა იყო. თავიდან ყველა შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა, თავადაც ბევრს შრომობდა - კიდევაც მუშაობდა და საკუთარ და ედიგეის ბავშვებსაც არ აკლებდა ყურადღებას. განათლებული კაცი იყო და იუგოსლავიაზე მოგონებებსაც წერდა.

წლის ბოლოს, როგორც ყოველთვის, რევიზორი ჩამოვიდა. რატომღაც აბუტალიპით იყო დაინტერესებული. მისი გამგზავრების შემდეგ, 1953 წლის 5 იანვარს, აბუტალიპი დააპატიმრეს, თებერვლის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული კუტიბაევი გარდაიცვალა.

ბავშვები მამის დაბრუნებას დღე-დღეზე ელოდნენ. ედიგეი კი გამუდმებით აბუტალიპის მეუღლეზე - ზარიპაზე ფიქრობდა. ცდილობდა, არავის შეემჩნია, თუ რას გრძნობდა ქალისადმი.

ძლიერი ყინვები დაიჭირა და კარანარი სულ მთლად გადაირია. ედიგეის აცნობეს, რომ ერტგან კარანარმა ორი მამალი აქლემი შეიწირა და პატრონიც კინაღამ თან მიაყოლა. თუ ედიგეი არაფერს იღონებდა, კარანარს სასტიკად გაუსწორდებოდნენ. სახლში დაბრუნებულმა ედიგეიმ შეიტყო, რომ ზარიპა ბავშვებთან ერთად სამუდამოდ წასულიყო. გამწარებულმა კარანარზე იყარა ჯავრი და კაზანგაპსაც ეჩხუბა. მაშინ კაზანგაპმა ურჩია, უკუბალასა და ზარიპასთვის პატიება ეთხოვა და მადლობა ეთქვა, რომ უღირსი საქციელისგან დაიფარეს.

აი, ასეთ იადამიანი იყო კაზანგაპი, რომელიც დღეს უნდა დაეკრძალათ. პროცესია მოულოდნელ წინააღმდეგობას წააწყდა - წინ მავთულხლართი გადაეღობა. ჯარისკაცმა უთხრა ედიგეის, რომ საშვის გარეშე ვერ გაატარებდა, თანაც ანა-ბეითის სასაფლაო დღე-დღეზე უნდა  გაუქმებულიყო და მის ადგილას ახალი მიკრორაიონი გაშენებულიყო. ედიგეიმ მაინც განაგრძო გზა. კაზანგაპი სასაფლაოს შორიახლოს დაკრძალეს, იქ, სადაც ნაიმან-ანამ საკუთარი შვილი დაიტირა.

ამასობაში კომისიამ, რომელიც უცხოპლანეტელთა წინადადებას განიხილავდა, დაადგინა: არ დაეშვათ ყოფილ კოსმონავტთა უკან დაბრუნება, უარი ეთქვათ ყოველგვარ კონტაქტზე უცხოპლანეტელებთან და უზრუნველეყოთ დედამიწის უსაფრთხოება.

ედიგეიმ გადაწყვიტა საგუშაგოზე დაბრუნებულიყო და უფროსობა დაერწმუნებინა, რომ სასაფლაოს ხელყოფა არ შეიძლებოდა: იქ ხომ მათი წინაპრები განისვენებდნენ. უკვე შლაგბაუმს უახლოვდებოდა, რომ ცაში რაღაცამ გაიელვა. ეს პირველი საბრძოლო რაკეტა-რობოტი იყო, რომელსაც დედამიწის დაცვა ევალებოდა. პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და ასე გაარღვია სივრცე რამდენიმე რაკეტამ.

ირგვლივ ყველაფერი კვამლში გაეხვია. თითქოს ცა დაემხოო თავზე, ედიგეი, აქლემსა და ძაღლთან ერთად, თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. მეორე დღეს ისევ გაემართა კოსმოდრომისკენ.

ფოლკლორული თემები რედაქტირება

  • მანქურთების, ომის ტყვეების ისტორია, რომელიც ყოველგვარი მახსოვრრობისგან დაცლილ მონებად იქცეოდნენ. მანქურთი არ ცნობს საკუთარ სახელს, ოჯახსა თუ ისტორიას, „იგი არ აღიარებს საკუთარ თავს ადამიანად“, — წერს აითმათოვი. რომანში, ნაიმან-ანას საკუთარი მანქურთი ვაჟის გადარჩენილის მცდელობისას მისივე მსხვერპლი ხდება.
  • „ჩინგიზ ხანის თეთრი ღრუბელი“ მონღოლი ჯარისკაცისა და დრაკონების ფიგურების შემქმნელი ქალის აკრძალული სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • Banerjee, Anindita, "Atoms, Aliens, and Compound Crises: Central Asia's Nuclear Fantastic." ''Science Fiction Studies'' 45, No. 3 (2018): 454–468. DOI: 10.5621/sciefictstud.45.3.045

სქოლიო რედაქტირება

  1. Excerpt from: celestial.com.kg დაარქივებული 2013-10-29 საიტზე Wayback Machine.