დართლოს ეკლესია
დართლოს ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დართლოს განაპირას. აგებულია 1856 წელს ოსეთის სასულიერო კომისიის მიერ, ხოლო 1864 წელს ეკლესიას ჭერი ჩამოექცა[1].
დართლოს ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 42°26′15″ ჩ. გ. 45°34′57″ ა. გ. / 42.43750° ჩ. გ. 45.58250° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
სასულიერო სტატუსი | დანგრეული |
ძეგლის აღწერა
რედაქტირებაეკლესია დარბაზულია (12,5 X 8,5 მ), ნაგებია ქვიშაქვით. შიგნიდან შელესილია. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია სამხრეთის კედელი, აღმოსავლეთის კედლის სამხრეთ ნახევარი და დასავლეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი სწორკუთხაა. სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში ფართო და მაღალი სწორკუთხა სარკმელია. ეკლესიის სამხრეთ კედლის შუა ნაწილში გაჭრილი სარკმელი შედარებით დაბალია. სამხრეთ კედელზე ორი წყვილი პილასტრია, რომელთა მარტივ იმპოსტებზე კედლის თაღებია გადაყვანილი. გრძივ კედლებზე, პილასტრების ზემოთ, თითო კონსოლია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა.
დასავლეთ ფასადი ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას და დასრულებულია ფრონტონით. ფრონტონის არეში ტოლმკლავა ჯვრის რელიეფია. ტიმპანიანი კარის ორივე მხარეს თითო მაღალი თაღოვანი ნიშია. ჯვრის რელიეფია აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონის არეშიც. სამხრეთ ფასადის განაპირა ნაწილებში ბრტყელი ნიშებია.
ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].
-
დართლოს ეკლესია, 1892
-
ადოლფ დირის ფოტო. 1913 წ.
-
დართლოს ეკლესიის სამხრეთი ფასადი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქურდიანი პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 73.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1864
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2020-02-02.