დათვისის წისქვილი
დათვისის წისქვილი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ დათვისის აღმოსავლეთით, 1 კილომეტრზე, მდინარე დათვისისხევის შუაწელზე. ახლაც მოქმედია. აგებულია ნატეხი ქვით. წისქვილი გეგმით კვადრატულია, შედგება ორი „ზედაქვესაგან“. „მაღლა ზედაქვე“ წისქვილის სამყოფელია. „ქვედა ზედაქვე“ კი „საღვარე“. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზეა გამართული. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. კარი ოთხკუთხაა. წისქვილის სამყოფელში ხის ორ ძელს შორის უძრავადაა გაჭედილი ქვედა წისქვილი. ზედა წისქვილი მბრუნავია. მის თავზე სამარცვლეა.
სამარცვლის ქვედა ნაწილში მარცვლის სადენია, რომელსაც სარეკელა ეკვრის. კრიჭასა და სამარცველზე გაჭიმულია გადაგრეხილი ბაწარი, მისი საშუალებით აწესრიგებენ მარცვლის რაოდენობას წისქვილის ყელში ჩაყრისას. ზედა წისქვილის ირგვლივ მოწყობილია რკალისებრი ძელებისგან შედგენილი „სანაგარემო“. მის წინა მხარეს დატოვებულია ფქვილის გადმოსაყრელი, რომლის ქვეშაც ფქვილის დასაგროვებელი ხის ყუთი დგას.
„საღვარის“ ფრთებიანი ბორბალი ზედა წისქვილს აბრუნებს. ბორბლის ფეხი დაყრდნობილია რკინის ოთხკუთხა საფენზე, რომელიც გრძელ ფიცრის კიდეშია ჩასმული. ამ ფიცრის მეორე კიდეში ზედა წისქვილის ამწევ-დამწევი დგარია ჩამაგრებული. ზედა წისქვილის დაწევისას მარცვალი წმინდად იფქვება. წყალი წისქვილთან მიყვანილია ხევიდან ყორითა და ბელტებით ნაგები სადინარით. სადინარის ბოლოში ღარის თავია დამაგრებული. ღარის თავში ჩადგმულია წყლის მისაშვებ-გადასაგდები ხის მოკლესახელურიანი ნიჩბისმაგვარი ფიცარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქალდანი ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 245.