დავით პეტრიაშვილი

ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი.

დავით პეტრიაშვილი (დ. 24 აგვისტო, 1917 — გ. 1977) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი.

დავით პეტრიაშვილი
დაბ. თარიღი 24 აგვისტო, 1917(1917-08-24)
გარდ. თარიღი 1977
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ინჟინერი და პედაგოგი
ალმა-მატერი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

1941 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი. სწავლის გასაგრძელებლად დატოვებულ იქნა ინსტიტუტში ავტომობილებისა და ტრაქტორების კათედრაზე სამუშაოდ. იმავე წელს ჩაირიცხა კათედრასთან არსებულ ასპირანტურაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო, ჯარში გაიწვიეს. 1941-1945 წლებში იმყოფებოდა ფრონტზე.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იგი დაბრუნდა თავის ინსტიტუტში და იკვლევდა შიგაწვის ძრავებს. მიღებული შედეგების საფუძველზე მან 1948 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. იმავე წელს სამუშაოდ გადავიდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომობილების, ტრაქტორებისა და ავტოსატრანსპორტო ძრავების კათედრაზე, მისი შემდგომი მოღვაწეობა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან იყო დაკავშირებული. 1948-1950 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომობილების, ტრაქტორების და ავტოსატრანსპორტო ძრავების კათედრის ასისტენტი: 1950-1970 წლებში ამავე კათედრის დოცენტი. 1961-1967 წლებში იყო მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 1967-1971 წლებში ამავე ფაკულტეტის დეკანი. 1971 წელს მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ავტომექანიკური ფაკულტეტი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. კითხულობდა ლექციების კურსს — „ძრავის კონსტრუქციის და თეორიის საფუძვლები“, „საავტომობილო და სატრანსპორტო ძრავების კვება“, „საავტომობილო და სატრაქტორო ძრავების კონსტრუქცია და ანგარიში“, „ავტომობილების და ტრაქტორების ელექტრომოწყობილობა“. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საავტომობილო ძრავების, მათი სისტემებისა და აგრეგატების გამოცდის ლაბორატორია. ავტორია ქართულ ენაზე დაწერილი ახალი მეთოდური და ძირითადი სახელმძღვანელოებისა. იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი მეცნიერული კვლევის შედეგებს, მრავალრიცხოვან შრომას, დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა. დიდი ღვაწლი მიუძღვის მცირეგაბარიტიან ტრაქტორ „რიონის“ ძრავის ახალი ვარიანტის შექმნაში, რომლის ორიგინალურმა კონსტრუქციამ ფართო აღიარება მოიპოვა. იკვლევდა სასიმაღლო პირობების გავლენას ძრავის მუშაობაზე, ჟანგბადის გაიშვიათებით გამოწვეული სიმძლავრის კომპენსირების გზებს. მუშაობდა ძრავის კარტერის ვენტილაციის სისტემის ახალი სქემის შექმნაზე. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შეიქმნა ორი ძლიერი კერა — „შიგაწვის ძრავების“ კათედრა და ავტომექანიკური ფაკულტეტი, საიდანაც სათავე დაედო მთელ რიგ მეცნიერულ მიმართულებას.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ავტომობილებისა და ტრაქტორების ელექტრომოწყობილობა: დამხმ. სახელმძღვ. საქ. პოლიტექნ. ინ-ტის სტუდენტებისათვი, თბ., ცოდნა, 1964, გვ. 105

ლიტერატურა რედაქტირება

  • გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 118-120

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება