გუჩა კვარაცხელია

გუჩა კვარაცხელია (დ. 2 ოქტომბერი, 1940 — გ. 23 ივნისი, 2021[1]) — ქართველი დრამატურგი, ენათმეცნიერი, მეცნიერი, პოეტი.

ბიოგრაფიარედაქტირება

დაბადების ადგილი: ქალაქი თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართველურ ენათა განყოფილება 1963 წელს. 1967-1970 წლებში არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, მუშაობდა უმცროს მეცნიერ-თანამშრომელად, ხოლო 1970-1993 წლებში იყო ამავე ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1989-1993 წლებში იყო ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, 1993-2006 წლებში ამავე ინსტიტუტის დირექტორი. 2002-2006 წლებში ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების გამგის მოვალეობის შემსრულებელი, 2006 წლიდან კი ისევ მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 1970-1977 წლებში პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენის კათედრის უფროსი მასწავლებელი. 1978-1988 წლებში ამავე ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის დოცენტი.

1992 წელს (13 იანვარი-20 დეკემბერი) საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი. 1993-1994 წლებში არაქართველთათვის ქართული ენის სწავლების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის გამგე; 1989-1994 წლებში ამავე ლაბორატორიის ქართული ენის კათედრის გამგე. 1999-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, როგორც ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი.

2005 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი. მას გამოქვეყნებული აქვს 130 სამეცნიერო ნაშრომი.

მისი საკანდიდატო დისერტაციის თემაა „მეტყველების სტილის სტატისტიკური ანალიზი“, დაიცვა 1968 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა – „სამეცნიერო და საგაზეთო–პუბლიცისტურ სტილთა ფუნქციური სისტემები“, დაიცვა 1986 წელს. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კონფერენციასა და კონგრესში როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. მისი სამეცნიერო სტატიებიდან გამორჩეული ნაშრომია - „ენობრივი თვითშეგნება და სალიტერატურო ნორმა, როგორც ღირებულება“, აქ არის საუბარი თანამედროვე ქართული სალიტერატურო ნორმისა და მეტყველების კულტურის ურთიერთმიმართებაზე. ქართულ ენათმეცნიერებაში მან, პირველმა, დაიწყო ახალი დარგის - ფუნქციური სტილისტიკის კვლევა, ცალკე მონოგრაფიად გამოსცა „მხატვრული ენის შესწავლის ლინგვისტიკური ასპექტები”.

მისი ორი პიესა „ჩვენ ძილში გაპარულები“ და „პარასკევს, ხუთშაბათის წინ“ – უაღრესად თანამედროვეა თავისი პრობლემატიკით. ორივე პიესაში დღევანდელობის მხატვრული ინტერპრეტაციაა წარმოდგენილი, უწყინარი და დაბნეული პერსონაჟების მიღმა კი საკმაოდ ღრმა ტკივილი იკითხება, რომელიც მკითხველისთვის საინტერესოა.

გუჩა კვარაცხელია ლექსების წიგნი „მართალთა და უღმრთოთა გზები” მისივე ნახატებითაა გაფორმებული. საზოგადოებამ გუჩა კვარაცხელია ამ წიგნის მეშვეობით გაიცნო, როგორც მხატვარი. კრებულში შეტანილი ნახატები საკმაოდ შთამბეჭდავია და მაღალ დონეზე დგას შესრულების მხრივ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრირედაქტირება

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოს-მდივანი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2001-)

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება