გრიგოლ აკნერცი, გრიგოლ აკანელი — XIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსი, კირაკოს განძაკეცისა და ვარდან არეველცის უმცროსი თანამედროვე, მოძღვარ ვანაკანის მოწაფე.

გრიგოლ აკნერცის თხზულების პირველი ბეჭდური გამოცემა (1870)

ადრინდელ ლიტერატურაში მალაქია აბეღას, ანუ ბერის სახელით იყო ცნობილი. მოღვაწეობდა კილიკიაში, აკნერის მონასტერში. მისი თხზულება „მოისართა ტომის ისტორია“ გადმოგვცემს სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიაში მონღოლთა შემოსევებისა და მათი გაბატონების ისტორიას 1220 წლიდან 1275 წლამდე. გრიგოლ აკნერცის ცნობები საინტერესო დეტალებითა და ეპიზოდებით ავსებს სხვა სომეხი ავტორებისა (ვარდან არეველცი, კირაკოს განძაკეცი, სტეფანოს ორბელიანი და სხვ.) და ანონიმური ქართველი მემატიანის — ჟამთააღმწერლის მონათხრობს ამ ხანის კავკასიის ისტორიაზე. მონღოლების ბატონობის დროინდელ საქართველოს სამეფოს აკნერცი წარმოგვიდგენს დაქსაქსულ ქვეყნად, სადაც ურთიერთმტრობა, უზრუნველობა და დროსტარებით გატაცება ქართული არისტოკრატიის დამახასიათებელი ნიშან-თვისება გამხდარა; აღწერს საგამის ველზე ქართველთა ჯარის პირველ საბრძოლო შეხვედრას მონღოლებთან და მის მონაწილეობას მონღოლთა გაუთავებელ ლაშქრობებში; დაწვრილებით გადმოგვცემს მონღოლთა წინააღმდეგ დავით ლაშას ძის მეთაურობით 1249 წლის აჯანყების მომზადებას, რომელიც გამცემლობისა და აჯანყების ხელმძღვანელთა დაუდევრობის შედეგად ჩაშლილა. თხზულებაში ცალკე ადგილი აქვს დათმობილი საქართველოში მონღოლთა ბატონობის ხანაში გაჩენილ მედროვეთაგან ყველაზე გავლენიანი პირის — სადუნ მანკაბერდელის აღზევების ამბავს.

ბიბლიოგრაფიარედაქტირება

  • მოისართა ტომის ისტორია. სომხ. ტექსტი ქართ. თარგმ. და კომენტარით გამოსცა ნ. შოშიაშვილმა, თბ., 1961.

ლიტერატურარედაქტირება

  • მელიქსეთ-ბეგი ლ., საქართველოს ისტორიის წერილობითი წყაროების პუბლიკაციები. კატალოგი, [ტ.] 1, თბ., 1949;
  • Абегян М., История древнеармянской литературы, Ер., 1975.
  • მაისურაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012 წელი.