გრემის სამეფო აბანო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გრემის სამეფო აბანოყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელი გრემის არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ეგრეთ წოდებულ მეფე-დიდებულთა უბნის ჩრდილო-დასავლეთ განაპირას. თარიღდება XV-XVI საუკუნეებით.

აბანოს გეგმით რთული, ტეხილი მოხაზულობა აქვს. შედგება სხვადასხვა ზომის ორი ნაწილისგან, რომელთა კედლები ერთმანეთს არ ებმის. ნაგებია აგურით. აქა-იქ გამოყენებულია ნატეხი ქვაც. მოზრდილ ნაწილში საბანაო და მასთან დაკავშირებული სათავსოებია. მომცროში კი - გასახდელი და სხვა დამხმარე სათავსოები.

აბანოში შესასვლელი მომცრო ნაწილის აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ კიდესთანაა. შესასვლელისან ვხვდებით მომცრო ზომის კვადრატულ წინკარში, აქედან კი - ცენტრალურ სათავსოში,რომელსაც გეგმით კუთხეებმოჭრილი კვადრატის ფორმა აქვს. მას ოთხივე მხრიდან ერთვის რამდენიმე დაბალი სწორკუთხა სათავსო - გასახდელი. მათი იატაკი ცენტრალური სათავსოს იატაკიდან 0.5 მეტრითაა შემაღლებული, რის გამოც ცენტრალურ სათავსოს მთელ პერიმეტრზე საფეხური აქვს მოწყობილი. ამ სათავსოებიდან სამი ტოლია, ხოლო მეოთხე დანარჩენებზე ოდნავ ღრმაა და განიერი. ცენტრალური სათავსოს შუაში და ჩრდილოეთ სათავსოში მოწყობილია აუზი. ცენტრალურ სათავსოში მოწყობილი აუზი უფრო მხატვრულადაა გადაწყვეტილი და მეორედთან შედარებით ოდნავ მოზრდილიცაა. იგი ექვსი ნახევარწრისგან შედგენილი, თხელი კედლითაა შემოფარგლული. აუზის ცენტრში ამოდის კერამიკული მილი. მეორე აუზი რვაწახნაგაა და იატაკშია ჩამჯდარი. შენობის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეებში კიდევ თითო სათავსოა, რომლებიც ცენტრალურ სათავსოს კარით უკავშირდება. მათგან ჩრდილო-დასავლეთ სათავსოდან აბანოს საბანაო ნაწილში გავდივართ. სათავსოს დასავლეთ კედელში მეორე კარია, რომლის წინ, მოგვიანებით ამოყვანილი ორი კედლით, მცირე სათავსო მოუწყვიათ. სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში მდებარე სათავსო განიერი გასასვლელით დაკავშირებულია კიდევ ერთ სათავსოსთან, რომელიც შენობის დასავლეთ კედლის ხაზიდან გარეთაა გასული.

აბანოს მეორე, ორსართულიანი ნაწილი საბანაოდ იყო განკუთვნილი. ქვედა სართულზე კალორიფერია, რომელიც ჰაერის გათბობისთვის იყო განკუთვნილი. საცეცხლეც ამავე სართულზეა - ჩრდილოეთ კედელთან. ამ კედელში მოზრდილი კარია, საიდანაც საცეცხლეში შეშას აწყობდნენ. საცეცხლე კვადრატული ფორმისაა. მას თავზე ედგა ლითონის ტაშტი. ტაშტის თავზე მოწყობილი იყო გრძელი კამაროვანი წყალსაცავი, რომელიც 10 კუბურ მეტრზე მეტ წყალს იტევდა. წყალსაცავიდან, კედლებში დატანებული კერამიკული მილებით, ცხელი წყალი მიემართებოდა სათანადო ადგილებში. კალორიფერში აგურის სვეტები ერთმანეთის მიმართ ისეა განლაგებული, რომ მათ კუთხეებზე დაყრდნობილიყო სპეციალური ზომის გამომწვარი აგური. დანარჩენი ადგილები შევსებულია მათ ფორმასთან მისადაგებული ზომის გამომწვარი აგურებით. მათზე დასხმულია 3-5 სანტიმეტრი სისქის დუღაბი, რომელზეც დაგებულია ჩვეულებრივი ზომის აგური. ცხელი წყლის აუზის გარდა, აბანოს კიდევ ორი აუზი ჰქონდა ცივი წყლისთვისაც. ერთი დიდი,მეორე კი-პატარა.

ორივე აუზი გვერდი-გვერდაა - საბანაო ნაწილის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში და ერთმანეთს მოზრდილი, სწორკუთხა ხვრელით უკავშირდებიან. ამ ხვრელის გარდა, ისინი ერთმანეთს მათ ქვემოთ მდებარე მილებითაც უკავშირდებიდნენ. პატარა აუზს მეორე ხვრელიც აქვს, რომელიც მის მომიჯნავე საბანაო ოთახში გადის. აბანოს დასავლეთ ნაწილის შუაში კიდევ ერთი აუზია, რომელშიც ცხელი და გარედან შემომავალი ცივი წყალი ერთმანეთს ერეოდა. ამ აუზიდან წყალს მის გვერდით მდებარე სააბაზანო ოთახიდანაც იღებდნენ, რის გამოც მათ შორის არსებულ კედელში გაჭრილია სარკმლისებრი ხვრელები.

აბანოს საბანაო სათავსოები სხვადასხვაგვარია. შენობის ცენტრალური ნაწილი უჭირავს გეგმით რვაგვერდა სათავსოს,რომელსაც ღერძული წახნაგების მხრიდან,მთელ სიგრძეზე გახსნილი,თითო სათავსო ერთვის. ოთხივე მათგანი თანაბარი ზომისაა და სამწახნაგოვანი დაბოლოება აქვს. ჩრდილოეთ სათავსო ცხელ წყალსაცავს ესაზღვრება. აქ, შუა წახნაგის ზედა ნაწილში, სარკმლისმაგვარი ხვრელია, რომელიც შესახლოა საკონტროლოდ იყო განკუთვნილი. წახნაგის ქვედა ნაწილში კი ერთი მილი შემოდის. დასავლეთ სათავსოს მარჯვენა წახნაგზე, ერთიმეორის ზემოთ, მოთხავსებულია ცივი და ცხელი წყლისთვის განკუთვნილი ორი მილი. ამ მილების ქვეშ, დუღაბში, ჩადგმულია ქვაბის ფორმის კერამიკული ჭურჭელი. აღმოსავლეთ სათავსო, შუა წახნაგში გაჭრილი კარით, დაკავშირებულია კვადრატული გეგმის სათავსოსთან, რომლის ჩრდილოეთ კედელში ორი მილი შემოდის. მათ ქვემოთ ქვაბის ფორმის ჭურჭელია დადგმული. სათავსოს სამხრეთ კედელზე მცირე ზომის თაღოვანი ნიშაა. სამხრეთ სათავსოც, აღმოსავლეთ სათავსოს მსგავსად, მილების გარეშეა. რვაგვერდა სათავსოსთან გაერთიანებული ოთხივე სათავსოს იატაკი დაქანებულია რვაგვერდა სათავსოსკენ. შესასვლელის წინ იწყება წყლის გასაყვანი ღარი,რომელიც ჯერ კედელს მიუყვება, შემდეგ კი იატაკქვეშ გადის და ჩვეულებრივი მილებით მიემართება მდინარისაკენ. ნაგებობის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებში თითო სააბაზანო სათავსოა. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სათავსო მარტივადაა გადაწყვეტილი. აბაზანა მოიცავს სათავსოს აღმოსავლეთ ნახევარს და დანარჩენი ნაწილისგან გამოყოფილია თხელი კედლით. მის წინ, ჩრდილოეთ კედელზე მიშენებულია თხელი, დაახლოებით ერთი მეტრი სიგრძის დაბალი კედელი, რომელიც ჩამოსაჯდომად იქნებოდა განკუთვნილი. სათავსოს ჩრდილოეთ კედელში სამი მილი შემოდის. მათგან ერთი ჩამოსაჯდომის ქვემოთაა, ორი კი - აბაზანის ფარგლებში.

მეორე სააბაზანო სათავსო ორი ნაწილისგან შედგება და უფრო კეთილმოწყობილია. აბაზანის სამივე კედელში, მთელ სიგანეზე, მოწყობილია ღრმა, შეისრულთაღოვანი ნიშა, ჩამოსაჯდომი საფეხურით. მეორე საფეხური აბაზანის ფსკერზეა, რომელიც მის ოთხივე კედელს მთელ სიგრძეზე გასდევს. აქაც, სააბაზანოს წინა ნაწილის ჩრდილოეთ კედელზე, ისევე როგორც აღმოსავლეთით მდებარე სააბაზანო სათავსოში, მიშენებულია ჩამოსაჯდომი, რომლის გვერდით მილია. ორივე აბაზანის და აუზის კედლები შელესილია მკვრივი, წყალგაუტარი ხსნარით. აბანოს გასახდელი და საბანაო ნაწილის ცენტრალური სათავსოები გუმბათოვანი კამარით იყო გადახურული, დანარჩენი სათავსოები კი - შეისრული კამარებით. მოგვიანებით, აღმოსავლეთის მხრიდან, აბანოს ნაწილებს შორის აუგიათ გეგმით სწორკუთხა სათავსო, რომლის შუაში დარჩენილია აგურის იატაკი ნაწილი, მის ქვეშ კი წყალსადენის მილი.

ლიტერატურა

რედაქტირება