გოშთელიანების მაჩუბი და საცხოვრებელი სახლი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გოშთელიანების მაჩუბი და საცხოვრებელი სახლი — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მესტიის მუნიციპალიტეტში. იგორ გოშთელიანის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი კომპლექსი დაბა მესტიის ერთ-ერთ მეტად საგულისხმო არქიტექტურულ სიძველეს წარმოადგენს, რომლის ძირითადი ნაწილი დღემდე ფუნქციონირებს. ხუთსართულიანი კოშკისა და სამსართულიანი სახლის ერთიან ქვის კორპუსად შეკრული კომპლექსი ლანჩვალის არქაულ ნაგებობათა შორის მასშტაბურობითა და მრავალგზის გადაკეთებებით იქცევს ყურადღებას. კარმიდამოს ჩრდილო-დასავლეთ პერიმეტრზე აღმართული ნაგებობები ერთმანეთს ედგმის და ღიობებით დანაწევრებული მასიური კედლები სამხრეთის მხარეს, შიდა ეზოსკენ არის გახსნილი. კვადრატული გეგმარების კოშკი სამხრეთ-დასავლეთ კუთხეშია მოქცეული. კოშკი განზე გასული, რამდენადმე ტლანქი პროპორციებით იქცევს ყურადღებას. სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით ორიენტირებული კედლები ზურგით ოდნავ მიწაშია შეჭრილი. კოშკის დასავლეთ კედელს ახალი დროის, ერთსართულიანი ნაგებობა ედგმის, ხოლო ჩრდილოეთის ფასადს თითქმის სანახევროდ ფარავს მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის, ან მეოცე საუკუნის დასაწყისის დროინდელი საცხოვრებელი სახლი. საცხოვრებელი სახლი აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე წაგრძელებულ, სწორკუთხა გეგმარების შენობას წარმოადგენს. მეტწილად ყორე ქვით ნაშენი კედლები გარედან კირით, ან უფრო გვიანდელი, გაჯის ნალესობით არის დაფარული. სახლის დასავლეთ ფრთას პერპენდიკულარულად ედგმის თითქმის ყრუ კედლებით წარმოდგენილი კიდურა რიზალითის მსგავსი მინაშენი. ეს უკანასკნელი უშუალოდ ედგმის კოშკს და მხოლოდ პირველი სართულზე შესასვლელი ღიობებით დანაწევრებული; მათ შორის მარცხენა თაღოვან-ტიმპანიანი, ვიწრო და მაღალი კარი მინაშენის შიდა სივრცეს უკავშირდება, ხოლო მარჯვნივ გაჭრილი მაღალი და განიერი თაღი ქვის კორპუსში გაყვანილ გვირაბს მონიშნავს. ორფერდა ხის ჭერით გაფორმებული გვირაბი მაღალი ჭიშკრით ეზო/გზისკენ იხსნება; ყურადღებას იქცევს რადიალურად დაწყობილი ფიქალით გამოყვანილი გაშლილი თაღი, რომელშიც ტმპანის სადა ფილაა ჩადგმული. სახლის აღმოსავლეთ ფრთა ორსართულიანი ლალჩის მსგავსად არის კონსტრუირებული, რომლის ეზოსპირა, სამხრეთის კედლები ღია არის დატოვებული. ამავე მინაშენის ზურგის კედელში, პირველ სართულზე ეზოსკენ გამავალი თაღოვანი გასასვლელია დატოვებული. ლალჩის მეორე სართულზე მოწყობილია კიბის უჯრედი, რომლითაც სახლის მეორე სართულის ფართო აივანი მესამეს უკავშირდება. საკუთრივ სახლის სამხრეთ ფასადი აივნებზე გამომავალი, მაღალი და განიერი კარ-სარკმლის ღიობებით არის დანაწევრებული; მათი გეგმარების ხასიათი მეოცე საუკუნის შუა ხანებს, ან შემდგომ პერიოდს უკავშირდება - შესაძლოა, სახლის მშენებლობაც ამავე პერიოდს უკავშირდებოდეს. სახლის ამჟამინდელი ხის კონსტრუქციები, როგორიცაა აივნის კვადრატული ბოძები, სადად შეფიცრული მოაჯირი და საბურავის კოჭები, შედარებით ახალია. პირველი სართული სამეურნეო დნაიშნულებით, მაჩუბად გამოიყენება. მისი კედლები დაზიანებულია, მრავლად არის ნესტის და გამომარილების კვალი, ასევე მაჩუბში შემორჩენილია ხის ლეჭუნდირი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

1.

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 35051