გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

(გადამისამართდა გვერდიდან გორის უნივერსიტეტი)

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი — განათლებისა და მეცნიერების კერა შიდა ქართლში, რომელიც ორი უმაღლესი სასწავლებლის — სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა (საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 აგვისტოს #176 დადგენილება).

გორში ჯერ კიდევ 1876 წლის 12 სექტემბერს გაიხსნა ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარია, რომელმაც თავისი არსებობის მანძილზე მრავალი ღვაწლმოსილი პედაგოგი აღუზარდა სამშობლოს. მათ შორის არაერთი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეა: ვაჟა-ფშაველა, მიხეილ წინამძღვრიშვილი, ია კარგარეთელი და სხვ.

1935 წლის აგვისტოში გაიხსნა ორწლიანი სასწავლებელი — სამასწავლებლო ინსტიტუტი, რომელიც 1939 წელს გადაკეთდა გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტად ოთხწლიანი სწავლებით. ინსტიტუტმა მიიღო ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელი. 1985 წელს მოხდა გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ინსტიტუტს ეწოდა „გორის სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი“, 1997 წლიდან კი — „გორის სახელმწიფო ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტი“. 1999 წლის 16 ივლისს აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელს მიენიჭა უნივერსიტეტის სტატუსი.

ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1932 წელს დაარსდა და ფუნქციონირებდა მხოლოდ ერთი ფაკულტეტი: აგრობიოლოგიური. მომდევნო წლებში მას ახალი ფაკულტეტები დაემატა. ის წარმოადგენდა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ცენტრს. ჩამოყალიბების დღიდან ეს სასწავლო კერა ქართველ მეცნიერთა განსაკუთრებულ მხარდაჭერას გრძნობდა. ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ, 1991 წლიდან ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიურმა ინსტიტუტმა ქ. გორში განაგრძო ფუნქციონირება. მიუხედავად მწირი მატერიალური ბაზისა ინსტიტუტის კოლექტივმა შეძლო სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა. 2000 წლის 16 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა.

აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელებში სხვადასხვა პერიოდში სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდნენ ისეთი დიდი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: გ. ახვლედიანი, ე. მეტრეველი, ა. ჩიქობავა, თ. უთურგაიძე, გ. ჟორდანია, ზ. სარჯველაძე, ს. გაჩეჩილაძე, ს. ხუციშვილი, ვ. თოფურია, ს. მაკალათია, გ. მერკვილაძე, დ. თევზაძე და სხვ.

სსიპ გორის სასწავლო უნივერსიტეტის ძირითადი მიზანი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის, ხარისხიან განათლებაზე ორიენტირებაა. მისი მისიაა: განათლების ხარისხი — დროის გამოწვევის შესაბამისად. სტუდენტთა სასწავლო პროცესს ემსახურება 106 აკადემიური პერსონალი, 7 სასწავლო კორპუსი, ბიბლიოთეკები და სამკითხველო დარბაზები, სპორტული მოედნები, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი კაბინეტ-ლაბორატორიები და სხვა.

2011 წლიდან დღემდე სსიპ გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორია გიორგი სოსიაშვილი.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მელაძე ლ., ცოტნიაშვილი ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 120-121.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება